კომენტარი

“საპატრიარქომ უკან დაიხია” – ეკა აღდგომელაშვილი ილია II-ის ინიციატივაზე 17 მაისის შესახებ

11 მაისი, 2014 • • 1780
“საპატრიარქომ უკან დაიხია” – ეკა აღდგომელაშვილი ილია II-ის ინიციატივაზე 17 მაისის შესახებ

პატარირქის ინიციატივით, 17 მაისს ამ ახალი დღესასწაულის ფარგლებში “ქუჩებს, ტაძრებს, სახლებს უნდა ასხურონ ნაკურთხი წყალი”, რაც ნიშნავს იმას, რომ ღონისძიებები საჯარო სივრცეშიც გაიმართება. როგორ ფიქრობთ, ხომ არ ცდილობს ეკლესია, რომ ლგბტ თემს საქართველოში “წაართვას” ის ერთი დღე, რომელიც კალენდარში არსებობს ჰომოფობიასთან ბრძოლის თვალსაზრისით და რომელსაც მსოფლიოს ყველა ლგბტ ორგანიზაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს?

პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ჩემი აზრით მათ გადაწყვტიეს, რომ ხელისუფლებასთან იმ დაპირისპირების ფონზე, რომელიც ანტიდისკრიმინაციულ კანონის თემას უკავშირდბოდა, უკან დაიხიონ. ის დაანონსებული კონტრაქცია თუ მასშტაბური კონტრმსვლელობა, რომელიც 17 მაისს უნდა ჩაეტარებინათ, პრაქტიკულად, აღარ გამოდის თავისი შინაარსით ის, რასაც ადრე გულისხმობდნენ. გახსოვთ, ალბათ, ცდილობდნენ, რომ ეს თემა ანტიდისკრიმინაციული კანონისათვის დაეკავშირებინათ, მაგრამ იმ დაპირისიპირების ფონზე, რაც ამ კანონის ირგვლივ არსებობდა, მე მაინც მგონია, რომ სათანადოდ მობილიზება ვერ შეძლეს იმ მასშტაბებით, როგორც სურდათ და ამიტომ ახლა ცდილობენ, რომ სხვა ელფერი მიანიჭონ ამ ყველაფერს. ის დაპირისიპირებაც ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, შეიძლება ითქვას, რომ თითიდან გამოწოვილი იყო პრობლემის თვალსაზრისით… ხელოვნურად შექმნილი პრობლემა იყო საპატრიარქოს მხრიდან. ეს იყო მცდელობა, რომ გაეტანათ თავისი და ეჩვენებინათ, რომ სწორედ ისინი წარმოადგენენ იმ ძალას, რომელიც ყველა ხელისუფლებას კარნახობს დღის წესრიგს, დღევანდელი პარლამენტის ჩათვლით.

მეორე მხრივ, ბუნებრივია, ისევე, როგორც სხვა ყვეალფერის მონოპოლიზაციას, ამ დღის სხვა, რაღაც ხელოვნური, გამოგონილი დღესასწაულებით ჩანაცვლებას ცდილობს, თუმცა. ცხადია, მათ არავინ უშლით, რომ ნებისმიერ დღეს აღნიშნონ ის, რაც უნდათ. თუმცა, რადგან 17 მაისს ხდება, ესეც დაყოფის მცდელობაა მათი მხრიდან, რომ თითქოს ერთი მეორეს რაღაცით ეწინააღმდეგებოდეს. ისინი მუდმივად ცდილობენ, რომ ეს საზოგადოება რაღაც ნიშნით გათიშონ და დაახარისხონ, საკუთარ მომხრეებად და იმ რიტორიკის მოწინააღმდეგეებად, რომელიც დღევანდელ ეკლესიას აქვს.

რამდენად მოხერხდება ამ ახალი დღესასწაულის იდეოლოგიური თვალსაზრისით დაპირისპირება ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღესთან? ზოგადად მშობლების სიყვარული თუ პატივისცემა ეწინააღმდეგება ანტიჰომოფობიური ღონისძიებების მიზანს?

 

არც არაფრით არ ეწინააღმდეგება. უცხოპლანეტელები ხომ არ არიან ეს ადამიანები [ლგბტ თემი], მათაც აქვთ ოჯახები, მეგობრებიც ჰყავთ… ამიტომაც ვამბობ, რომ სრულიად თითიდან გამოწოვილია ასეთი ტიპის ხელოვნური დაპირისპირების [კერების] შექმნა და მოქალაქეების დიფერენცირება თუ ხარისხობრივად დალაგება.

 

რატომ გგონიათ, რომ პატრიარქის ახალი ინიციატივა საპატრიარქოს მხრიდან უკან დახევას ნიშნავს ანტიდისკრიმინაციულ კანონზე პარლამენტთან არსებული დაპირისპირების პროცესში? პატრიაქის ახალი ინიციატივა არ გამორიცხავს მასშტაბურ კონტრაქციებს იგივე ამ მიმართულებით, თუმცა შესაძლოა ეკლესია ორგანიზატორად არ დაფიქსირდეს…

 

არა, რა თქმა უნდა, ესეც შესაძლებელია. მე უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ცოტა ხნის წინ მათი მხრიდან კეთდებოდა მოწოდებები, რომ ეს არის კანონი, რომელსაც არც ერთი მოქალაქე არ უნდა იზიარებდეს. ეს პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები იყო.


ეკა აღდგომელაშვილი
ეკა აღდგომელაშვილი

 

ანათემაზეც იყო საუბარი…

 

დიახ. სიტუაცია ამგვარად იცვლება: იმ დე ფაქტო ძალაუფლებას და გავლენას, რაც ეკლესიას ჰქონდა, ახლა დე იურე ცდილობს, რომ დაიკანონოს. ჩვენ ვნახეთ, როგორ დაეჯახა პირდაპირ სახელმწიფოს ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით, მაგრამ მერე უკვე ცდილობენ, რომ ეს დაპირისპირება რაღაცნაირად უფრო შეარბილონ.

 

რაში გამოიხატება შერბილება?

 

ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ეს კონტრმსვლელობა პირდაპირ დაუკავშირდებოდა ანტიდისკრიმინაციულ კანონს. მე შერბილებას იმაში ვგულისხმობ, რომ ახლა სხვა რაღაც დაარქვეს ამ ამბავს. ახლა გადაწყვიტეს, რომ დარტყმის ობიექტად ისევ რაღაც პატარა ჯგუფი ექციათ, ვიდრე სახელმწიფო ან კანონი. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე სახელმწიფოსთან დაპირისპირების გაგრძელება არამომგებიანად ჩათვალეს.

 

ეს ინიციატივა ხომ არ ქმნის იმის წინაპირობას, რომ საქართველოში 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება მომავალშიც ვეღარ ჩატარდეს, რადგან თუ ამ დღეს ქუჩებში რელიგიური დღესასწაული გაიმართება, ყოველთვის იარსებებს ფიზიკური დაპირისპირების საფრთხე…

ამის საშიშროებას ვერ ვხედავ. მე კომუნისტების პერიოდშიც მახსოვს ახლად შემოღებული ხელოვნური დღესასწაულები, რომლებიც არაფერს უკავშირდებოდა: ხან რას შემოიღებდნენ ხოლმე და ხან რას, პრინციპში თბილისობამაც, რომელიც სწორედ კომუნისტების დროს გაჩნდა, დღესასწაულის ნამდვილი ფორმა რეალურად ვერ შეიძინა, უფრო ხელოვნურ, კიჩურ დღედ იქცა. რაღაცების დაწესება ასე მარტივად არ ხდება ხოლმე. ამიტომ მე ნაკლებად მგონია, რომ ამ ფორმით რაღაც დღესასწაულად შეიძლება დამკვიდრდეს ეს დღე.

 

თქვენ ფიქრობთ, რომ 17 მაისს თბილისში ანტჰომოფობიური აქციები ჩატარდება მომავალში?

 

რა თქმა უნდა.

 

საჯარო სივრცეშიც?

 

დიახ. წელს ამ დღის საჯარო სივრცეში აღნიშვნა – არაღნიშვნა პოლიტიკური კონტექსტით არის ნაკარნახევი, რომელიც ქევყანაში არსებობს. 17 მაისი ეს არის დღე, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებების დაცვაზე, პრობლემის ჩვენებაზე, რომ ეს პრობლემა არა მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფს აწუხებს, არამედ სოციალური პრობლემაა. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ჰომოფობია მხოლოდ ლგბტ ჯგუფის პრობლემა არ არის და ეს სოციალური პრობლემაა, რომ ძალადობა საზოგადოების პრობლემაა და არა მხოლოდ იმ ჯგუფის, რომლის წინააღმდეგაც ეს პროცესია მიმართული. ისეთ შემთხვევაში, როდესაც ასეთი დაპირისპირება არსებობს, გარანტი ჩემი უფლებების დაცვისა სახელმწიფო უნდა იყოს. დღეს სახელმწიფო ამ ფუნქციას სრულყოფილად ვერ ასრულებს. საქმე არ არის მხოლოდ დაპირისპირებაში. შარშანდელ გამოცდილებაზე თუ ვიტყვით, მე გულწრფელად ვამბობ, რომ მართლა ვერასოდეს დავუშვებდი, რომ ადამიანების სიკვდილ–სიცოცხლის თემამდე მივიდოდა საქმე, ეს ველურობა უკვე ყველანაირ ფარგლებს სცდება, ეს აღარ არის ის საკითხი, როდესაც შენ შეგიძლია მხოლოდ იდეაზე ისაუბრო და პრინციპში არც ერთი იდეა არ არის ადამიანის სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი, მაგრამ რაღაცებს ვსწავლობთ… მე ასე მგონია და ყოველ შემთხვეავში იმ ტალღამ, რაც მაშინ 17 მაისის მოვლენებს მოჰყვა, ძალიან კარგად აჩვენა, რომ აქ არც შიშზეა ლაპარაკი.. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბევრჯერ მოვისმინე, რომ ეს არის შიში, დამარცხება, რომ საჯარო სივრცეს მთლიანად ვუთმობთ იმ ადამიანებს, ვინც ცდილობს, რომ 17 მაისს ჩაენაცვლოს. მე ნაკლებად ვფიქრობ ასე, იმიტომ, რომ თუ შიშის საფუძველი იყო, ეს სწორედ შარშან იყო, როდესაც ქვეყანაში სრულიად უმართავი სიტუაცია არსებობდა და მართლა ქუჩაში დევნიდნენ ადამიანებს იმის მიუხედავად, იყვნენ თუ არა ლგბტ ჯგუფის წევრები, ზოგი ფერადი შარვლის გამო ცემეს, ზოგი თმის სიგრძის გამო და ასე შემდეგ. მაშინ, პირველი კვირის განმავლობაში სახელმწიფოს რეაგირება პრაქტიკულად არ მოუხდენია ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე, მაგრამ სწორედ იმ დროს ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა დედა ენის ბაღში და თავისი პოზიცია დააფიქსირა, ეს საზოგადოების მკაფიო პასუხი იყო, რომ ძალადობას არ შეეგუება.

მასალების გადაბეჭდვის წესი