კომენტარი

ხინკალი მიყვარს, პიცა არა… სიყვარულიდან სიძულვილამდე…

25 აპრილი, 2014 • • 2143
ხინკალი მიყვარს, პიცა არა… სიყვარულიდან სიძულვილამდე…

მართალია, იმ დროისთვის ეს თბილისში საუკეთესო პიცა იყო, მაგრამ 10 დღის თავზე ქონდრის სუნი უკვე შემოტანისთანვე, ლიფტის ჯიხურიდანაც კი აღწევდა ჩემამდე… პიცა შემძულდა და ისე გაიარა მომდევნო 7-მა წელმა, რომ მისი გემო აღარც გამისინჯავს… არც არასდოს მომნატრებია… ახლაც იშვიათად ვჭამ…  ის ორი კვირა კიდევ რომ გაგრძელებულიყო, ფატალური დასასრული ექნებოდა ან მე, ან პიცას…

 

რომ დავფიქრდი, იგივე დამემართებოდა ხინკალზე, ხაჭაპურზე, ზღვის პროდუქტებზე, ნამცხვარ-ტკბილეულზეც…

 

და რატომ მივადექი ამ გასტრონომიულ ანალიტიკას?  მით უფრო,  რომ გასტრონომიაში ასი არ ვარ.. მოყვარულის დონეზე ვრჩები და ვციდლობ ეს არეალი  გავიფართოვო. ამის გამო, სადაც ჩავდივარ, რაც არ უნდა შიში მქონდეს, ყოველთვის ვსინჯავ ეროვნულ კერძს, თუნდაც ერთხელ… (ეს არ ეხება ქათმის კერძებს).

 

და მაინც, წარმოვიდგინე ყოველდღე  ხინკალი და მივხვდი, რომ ის უფრო მალე  შემძულდებოდა.. ხორციდან და სუნელებიდან გამომდინარე…  გამოდის, ჩამოტარებით და ყოველდღე არაფერი ვარგა, ზოგნი ამბობენ, ყველაზე დიდი სიამოვნება – სექსიც კიო…

 

მაგრამ ასე შორს წავალთ და მე ამ კულინარიიდან მინდა ტელევიზიაზე გადმოვიდე და ეს არამც და არამც არ არის ირმის ნახტომი… ეს პარალელია…

 

თუკი  ჭამა სიამოვნებაა, ტელეეთერში ყოფნაც არანაკლები სიამოვნებაა (ეს მეც ვიცი) და თუკი ჭამის დროს გვიჭირს ზღვარის დაცვა, დღეს ტელევიზიებშიც ზღვარგადასული ვარსკვლავობანაა..

 

ვარსკვალავი, ჩემი აზრით, პროფესიონალიზმის, პოპულარობისა და ხალხის სიყვარულის კულმინაციაა და თუკი  ხალხის სიყვარულს განვიხილავთ, ეს სიყვარული  უკვე აგრესიად იქცა. (აქ არ ვეხები პროფესიონალზმს და ახალ ქართულ სტანდარტს მივყვები).

 

ვარსკვლავები „ჩამოტარებით” სხვადასხვა არხზე ისეთივე მოსაბეზრებელი ხდება, როგორც ხინკალი ყოველდღე… და რაღა რჩება ჩემსა და პიცას შორის არსებულ დამოკიდებულებამდე… ერთი განსხვავებით, მე პიცა ავკრძალე…  „ვარსკვლავების“ აკრძალვაც შესაძლებელია, მაგრამ ყოველდღე, ყველგან რომ გაწვდიან ტელეეთერში, პრესაში, სოციალურ მედიაში… სოციალურ ქსელებშიც, მაშინ სიძულვილს ემატება აგრესია… ზეწოლა მოდური და აქტუალური სიტყვაა, ეს  ერთგვარი ზეწოლაა, რასაც  ვერსად გაურბიხარ  და დაახლოებით ბავშვობაში დედა კარაქიან პურს ძალით რომ გაჭმევდა, იმას ჰგავს, გარბოდი, იმალებოდი, ის მაინც გპოულობდა და ძალით გიდებდა პირში ლუკმა-ლუკმა…

 

პოზიტივიდან ნეგატივამდე ერთი  ნაბიჯია… ეს დაუწერელი კანონია… მაგრამ რატომ არის ეს გაუგებარი მათთვის ე.წ. ცნობადებისთვის (აქ არა მარტო შოუბიზნესი და მსახიობები, აქ გავარსკვლავებული პოლიტიკოსებიც იგულისხმება), რატომ უკვირთ მერე ეს აგრესია, ეს კი მიკვირს.

 

და კიდევ ერთი… წლების წინ, “იმედში” მუშაობის დროს „დროების“ რეპორტაჟს ვამზადებდი და კახი კავსაძის ჩაწერა მინდოდა. დავურეკე ბატონ კახის და მითხრა: “წინა კვირას გადამიღეს, ტელევიზორში ვიყავი და ხალხს თავს ხომ არ მოვაბეზრებო, მერე იტყვიან – რა შეგვჭამა ამ კაცმაო“…

 

მე თუ მკითხავ, თავი უნდა მოანატრო, ეს ჭეშმარიტი ვარსკვლავური ჩვევაა და სახალხო, მაგრამ მაინც სადღაც მიუწვდომელი უნდა იყო – ესეც  ნამდვილი „ვარსკვლავურია“…

კიდევ ერთიც, რეზო გაბრიაძე წლებია ქართველ ჟურნალისტებს თვალით არ უნახავთ და გინდათ მითხრათ, რომ რამე დააკლდააა…?

მანანა მანჯგალაძე
მანანა მანჯგალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი