კომენტარი

უკრაინელი ჟურნალისტი: ჩვენი ერთადერთი შველა არის ისევ რუსი ხალხი

5 აპრილი, 2014 • • 1601
უკრაინელი ჟურნალისტი: ჩვენი ერთადერთი შველა არის ისევ რუსი ხალხი

კონფერენციამდე აინა ბადალოვა ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. 


აინა, მზად იყვნენ თუ არა მაიდანზე აქციების მხარდამჭერები ყირიმში განვითარებული მოვლენებისთვის?  ასეთ  შესაძლებლობაზე ფიქრობდით?


 არა, ჩვენ არ ველოდით მოვლენების ასეთ განვითარებას. ჩვენი პირველი გამოსვლა იყო 21 ნოემბერს, როცა გავაპროტესტეთ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ევროკავშირთან შეთანხმებაზე ხელის არმოწერის შესახებ. ეს მოულოდნელი იყო ჩვენთვის, ისინი ბოლო მომენტამდე გვარწმუნებდნენ, რომ მოაწერდნენ ხელს. ჩვენ გამოვედით მაიდანზე და ვთქვით, რომ ამას არ დავუშვებდით. ერთი კვირის შემდეგ კი მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაერბია სტუდენტები, რაც აქამდე ჩვენთან არასოდეს მომხდარა. პირველ დეკემბერს მილიონამდე ადამიანი გამოვიდა გარეთ, ორში კი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან უკვე მოხუცებსაც სცემდნენ. შემდეგი საფეხური იყო ჟურნალისტების ცემა, ანუ პირველი დღიდან მოყოლებული ყველაფერი უფრო და უფრო უარესდებოდა. ჩვენც ვფიქრობდით, რომ ამაზე უარესი რაღა უნდა მომხდარიყო, მაგრამ ვცდებოდით.

 

როცა იანუკოვიჩი მიხვდა, რომ ჩვენთან ასე პირდაპირ არ ღირდა ბრძოლა, გადაწყვიტა სხვანაირად მოქცეულიყო – ისინი იტაცებდნენ ყველაზე აქტიურ მოქალაქეებს, იჭერდნენ და აწამებდნენ მათ. იანუკოვიჩს ეგონა, რომ ჩვენ დავიღლებოდით, მოგვბეზრდებოდა და ჩვენით დავიშლებოდით. ჩვენ დავიღალეთ, მაგრამ დანებებას არავინ აპირებდა. როცა სიტუაცია უფრო დაიძაბა და ყველაფერი სულ უფრო ცუდად მიდიოდა, მივხვდით, რომ ჩვენ ვერავინ დაგვეხმარებოდა, ვერც ევროპა და ვერც ამერიკა, სადაც გამუდმებით შეშფოთებას გამოთქვამენ. ჩვენც გადავწყვიტეთ ჩვენით დაგვეცვა თავი.

 

ახლა, ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, რა შეცდომები დაუშვით?

 

რევოლუციის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ ის ძირითადად კიევში ხდებოდა. თავიდან რომ ნორმალური აგიტაცია ჩაეტარებინათ რეგიონებში, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. სამხრეთსა და ჩრდილოეთში, სადაც სულ რუსულ არხებს უყურებს ხალხი, უბრალოდ, არ იციან სიმართლე. რუსული კი არა, უკრაინული ტელეარხების ნახევარიც იტყუებოდა. შესაბამისად, ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც ახლა ყირიმისა და დონბასის სახით გამოვლინდა.

 

სამოქალაქო აქტივისტებმა იცოდნენ, რა უნდა ეკეთებინათ, ოპოზიციამ კი _ არა. ისინი ან აფერხებდნენ პროცესებს, ან ძალიან გვიან რეაგირებდნენ. ოპოზიცია თავიდანვე არ იყო მზად რევოლუციისთვის. ჩვენ ვურჩევდით მათ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, მაგრამ მაინც არ აკეთებდნენ ყველაფერს ისე, როგორც საჭირო იყო. რევოლუციას აკლდა სისტემური ორგანიზაცია, ამის გამო არ ხდებოდა აგიტაცია აღმოსავლეთში, შედეგად დონბასს ურტყამენ, ყირიმი კი სულ წაიღეს.

 

 რა მოლოდინი აქვთ უკრაინაში დღეს?

 

მოლოდინი არაერთგვაროვანია. ახლა ხალხი უფრო უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ იქცევიან პოლიტიკოსები. უფრო მეტიც, არის ინფორმაცია, რომ ტიმოშენკოს პუტინთან აქვს მოლაპარაკება, ამიტომ ხალხი ძალიან დიდი სიფრთხილით აკვირდება ოპოზიციის თითოეულ ნაბიჯს. აკრიტიკებს მათ იმის გამო, რომ დროზე არ დახურეს საზღვრები, დროულად არ წყვეტდნენ პრობლემებს ყირიმში სამხედროებთან დაკავშირებით, მაგალითად, მათ სულ ახლახან გადაწყვიტეს, რომ სამხედროები უნდა წამოეყვანათ იქიდან, ახლა, როცა მათ ოჯახებს ყირიმში მოსული რუსები ემუქრებოდნენ. ისინი მთელი თვით აგვიანებდნენ ყოველი გადაწყვეტილების მიღებას, როგორც მაიდანზე, ისე მერე.

 

გამოიკვეთა ერთი ისეთი ლიდერი, ვისაც ხალხი საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილავს?

 

ახლა, როცა ვერც ამერიკა და ვერც ევროპა გვეხმარება, ჩვენ დაგვრჩა ის პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენით მოვიყვანეთ და რომლებიც ყოველი გადაწყვეტილების მიღებას ერთი თვით აგვიანებენ. ველოდებით საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც მაისში ჩატარდება. პრობლემა ისაა, რომ ამ თვეების განმავლობაში არ გამოჩნდა სამოქალაქო სექტორიდან არც ერთი ლიდერი, ყველა, ასე ვთქვათ, ნახევარფაბრიკატია, ანუ ყველა მათგანს რაღაც აკლია. მთავარია, რომ მთავრობაში `აფერისტები” არ დავუშვათ.

 

 რა სიტუაციაა დღეს ყირიმთან დაკავშირებით?

 

მთავარი ამოცანა ყირიმთან დაკავშირებით იქიდან ჯარების გამოყვანაა, იქამდე კი ლტოლვილებს უნდა მივხედოთ. ამ ეტაპზე იქიდან გამოქცეულ თათრებს და უკრაინელებს ვისახლებთ ოჯახებში. ყირიმი მათი ძირითადი სამშობლოა, მათ არ აქვთ სხვა საცხოვრებელი, ამიტომ ლვოვში უბრალო მცხოვრებლებმა, ვისაც ორი ოთახი მაინც აქვს, ერთი ოთახი ლტოლვილის ოჯახებისთვის გამოყვეს. ეს ერთგვარი პატრიოტული ნაბიჯია, რაც კიდევ უფრო შთაგვაგონებს. ჩვენ ანექსიას არ ვცნობთ, მაგრამ ვხვდებით, რომ ამ ეტაპზე ყირიმს ვერ დავიბრუნებთ.

 

დგას თუ არა ევროინტეგრაცია კვლავ უკრაინის დღის წესრიგში?


ევროინტეგრაციაზე მეტად ჩვენ რეფორმებზე ვართ ორიენტირებული. ჩვენ ვხვდებით, რომ ევროკავშირი არ არის პანაცეა, უბრალოდ, თუ საკითხი ასე დგას – ან რუსეთი, ან ევროკავშირი, რა თქმა უნდა, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ევროკავშირს, ევროპულ ღირებულებებს აირჩევს, იქ არ არის კორუფცია, დემოკრატიაა და რუსეთი ამას ვერ მოგვცემს. მაგრამ ახლა, როცა ევროპამ, ასე ვთქვათ, “გადაგვაგდო”, ჩვენი ამოცანა არ არის ევროკავშირში შესვლა. თუმცა ახლახან იეცენუკმა ძალიან კარგ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის პოლიტიკური ნაწილი ხელსაყრელია უკრაინისთვის – უკრაინას ექსპორტზე [ევროპის ქვეყნებში] საბაჟო გადასახადი არ ეკისრება.

 

რას განიხილავენ ახლა უკრაინაში მთავარ საფრთხედ რუსეთისგან?

 

ყველაზე დიდ საფრთხედ უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთისა და მთელი უკრაინის ანექსიაა. ჩვენ კიევზე თავდასხმასაც ველოდით, რადგან, როგორც ანალიტიკოსებმა თქვეს, ასეთი გეგმა დიდი ხანია მუშავდებოდა რუსეთში. ჩვენ გავიგეთ, რომ “ფსბ”-ს რუსი თანამშრომლები ჩვენი უშიშროების სამსახურში და თავდაცვის სამინისტროში მუშაობდნენ. თავდაცვის ბოლო მინისტრი – ლებედევი, საერთოდ რუსეთის მოქალაქე გვყავდა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამას წინათ აფრენილი სამხედრო თვითმფრინავი გაუმართაობის გამო ჩამოვარდა. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ არც ტექნიკა გვაქვს, არც ხალხი გვყავს, არც ნორმალური დაზვერვა… საერთოდ არაფერი გვაქვს, მათ გამოხრეს შიგნიდან ყველაფერი, ჩვენ კი ახლა შევიტყვეთ ამის შესახებ.

 

 თქვენი აზრით, რა შეიძლება გააკეთონ უკრაინისთვის სხვა ქვეყნებმა?

 

ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რაც ქართველებმა გამოიჩინეს, მაგრამ გარდა იმისა, რომ ყირიმის ანექსია არ ცნოთ, მეტს ვერაფრით დაგვეხმარებით. სიმართლე რომ ითქვას, ვერავინ ვერაფერს იზამს – სანამ პუტინი ხელისუფლებაშია, ამერიკა ვერ დაგვეხმარება, რადგანაც მას მესამე მსოფლიო ომის ეშინია, ვერც ევროპა დაგვეხმარება, რადგანაც იქ თავიანთი ფინანსური პრობლემები აქვთ, ვერც ჩვენი მეგობარი ქვეყნები – საქართველო, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი. ჩვენი ერთადერთი შველა არის ისევ რუსი ხალხი. ვიცი, რომ ფანტასტიკურ რაღაცებს ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ, რუსი ხალხი (ვლადივასტოკიდან დაწყებული კალინინგრადამდე) ყველა ერთად უნდა ადგეს და გამოცვალონ მთავრობა.

 

რუსეთში ხალხი უკმაყოფილოა – ქვეყანა მდიდარია, ხალხი  – ღარიბი, მედია კი სულ ტყუილებით ავსებს მათ. იქაც ბევრია მოაზროვნე ადამიანი, მაგრამ ეშინიათ. ყველა ერთად თუ გამოვა, ისინი შეძლებენ ხელისუფლების გადაგდებას. როცა მათ ხელისუფლებაში დემოკრატი ლიდერი მოვა, რომელიც მინიმუმ სხვისი ტერიტორიების მითვისებაზე არ იქნება ორიენტირებული, მაშინ ჩვენი ყველა პრობლემაც მოგვარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი