კომენტარი

“იდენტობის” ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

19 მარტი, 2014 • • 1646
“იდენტობის” ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

ბატონო ბიძინა,

 

2014 წლის 18 მარტს ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტთან, თეა სიჭინავასთან   ინტერვიუში განაცხადეთ:

 – “რაც შეეხება ლგბტ-ს, მე ვფიქრობ რომ 17 მაისი გასული წლის იყო საუკეთესო, რაც ნაციონალურ მოძრაობასაც გაუკეთებია, წინა წლებს თუ შევადარებთ. რა თქმა უნდა, ეს არ იყო სასიამოვნო, როგორც მოხდა და როგორც განვითარდა, მაგრამ არ არის უარესი – რაც თქვენ წაიკითხეთ -” გაუარესდა”. ყოველთვის ცემდნენ ამ ხალხს. ცემას მაინც გადაარჩინა.  – ჟურნალისტი: მასშტაბური იყო 17 მაისი ალბათ…  – მასშტაბური. რამეთუ სარწმუნო  არ იქნება. მე არ მინდა ინფორმაციების გამჟღავნების გარეშე ვისაუბრო, მაგრამ მასშტაბური იყო იმიტომ, რომ ამას ნაციონალური მოძრაობის წევრები ეხმარებოდნენ. ძალიან ანგაჟირებული იყო მათი მხრიდან. მაგრამ მაინც მოახერხა სახელმწიფომ ის, რომ არ იცემა ეს ხალხი. და ეს იყო პირველი შემთხვევა პრაქტიკულად. ივაჟკაცა იქაც ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც თვითონ ხელმძღვანელობდა ამ პროცეს. მე მახსოვს, მთავრობის სხდომა მიმყავდა და მთავრობის სხდომიდან ვრეკავდი. ხან ირაკლის ვურეკავდი, ხანაც -მეუფე იაკობთან და ა.შ  ვცდილობდი, რომ ეს პროცესები დარეგულირებულიყო. მეც და ირაკლიმ ძალიან ივაჟკაცა, რომ ეს ხალხი აარიდა ცემა-ტყეპას, რაც ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის დროს. და გაუარესებაში რა იგულისხმება, მე არ ვიცი.  მე ვფიქრობ, რომ მომავალში კიდევ უფრო დაბალანსებულად მოახერხებს…”

 

 

სამწუხაროა, რომ პირი, რომელიც საქართველოში მაღალი პოლიტიკური გავლენითა და საზოგადოებრივი ნდობით სარგებლობს, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით  დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს.

 

თქვენი განცხადების საპასუხოდ, “იდენტობა” სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არც 2012 და არც 2013 წლის 17 მაისის აქციის ორგანიზების პროცესში არც ერთი პოლიტიკური პარტია, არც ფარულად და არც ღიად, ჩართული არ ყოფილა. მეტიც, ჩვენთვის საერთოდ არ იყო ცნობილი აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის, კოალიცია “ქართული ოცნების” თუ სხვა პოლიტიკურ პარტიათა ღია ან ფარული გეგმების შესახებ. ერთადერთ გამონაკლისია კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლის სატელეფონო ზარი სხვადასხვა ლგბტ ორგანიზაციებთან 2012 წლის სექტემბერში, რომელმაც თქვენი სახელით ჩვენს ორგანიზაციებთან შეხვედრის სურვილი გამოხატა. აღნიშნულ ზარს რაიმე შედეგი ან მომდევნო კომუნიკაცია არ მოჰყოლია.

 

საქართველოში ყველაზე მოწყვლად ჯგუფთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებებში საერთოდ არ იკითხება თქვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და პოზიცია. ადამიანის უნივერსალური უფლებების თემაზე სპეკულაციები არაეთიკურია, რადგან ადამიანის უფლებების დაცვის თუ მასთან დაკავშირებული დღის მიმართ ამგვარი დისტანცირება და მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის დისკრედიტების საშუალებად გამოყენება მოძალადეებსისთვის მწვანე შუქის ანთებას ნიშნავს.

 

თქვენი პრემიერ-მინისტრობის დროს, თქვენზე დაქვემდებარებული უწყებების მიერ კონსტიტუციით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობას ადამიანის უფლებების პოლიტიკური გემოვნების საკითხად წარმოჩენით და ვინმეზე პარტიული იარლიყის უაპელაციოდ მიკერებით ვერ გაამართლებთ.

 

ამასთანავე, თუ არ გსურთ თქვენი გამოსვლა, უბრალოდ, ჭორაობად შეფასდეს, საჯაროდ მოგიწოდებთ მტკიცებულებებითა და ფაქტობრივი დოკუმენტაციით გაამყაროთ თქვენი ბრალდება რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების მიკუთვნებულობის თაობაზე. დარწმუნებულები ვართ, სხვადასხვა კერძო ინფორმაციაზე, მათ შორის სატელეფონო საუბრებზე ხელმისაწვდომობა დღესაც არ უნდა წარმოადგენდეს თქვენთვის განსაკუთრებულ სირთულეს.

 

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა. ის პარტიულ თუ ეროვნულ საზღვრებს არ იცნობს. შესაბამისად, ადამიანის უფლებების მხარდაჭერ ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი პირის მხრიდან,  განურჩევლად მონაწილეთა პოლიტიკური გემოვნებისა, სოციალური, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, მხოლოდ მისასალმებელია.

 

17 მაისსა და მომდევნო დღეებში ადამიანთა ცემის, რომელიც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, ათეულობით შემთხვევა მოხდა. მაგალითად, აგრესიული ბრბო თავს დაესხა როგორც ქალ აქტივისტებს, ასევე პირს, რომელიც კონტრდემონსტრანტებმა შეცდომით ლგბტ აქტივისტად მიიჩნიეს. არაეფექტური იყო სახელმწიფო მომდევნო დღეებშიც, როდესაც სახალხო დამცველის აპარატის მიერ ადამიანებზე ფიზიკური ძალადობის ათობით შემთხვევა იყო დოკუმენტირებული. ეს საქმეები დღემდე გამოუძიებელია. სახელმწიფომ ერთი საქმის გამოძიებაც კი არ ისურვა, თუმცა დანაშაულის ჩადენა საქვეყნოდ, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. არც თქვენ და არც თქვენმა მემკვიდრემ არ იზრუნეთ საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა ეფექტურ გატარებაზე. ამის გამო ასობით პირის შეკრებისა და მანიფესტაციის უნივერსალური უფლება, სხვა მრავალ უფლებას შორის, დღემდე აღდგენას ელის. შესაბამისად, შეფასება, “ირაკლიმ ძალიან ივაჟკაცა, რომ ეს ხალხი აარიდა ცემა-ტყეპას”, მხოლოდ გულუბრყვილობად ან სიცრუედ შეფასებას თუ იმსახურებს.

 

ხელისუფლებაში მყოფი თუ ხელისუფლებაზე გავლენის მატარებელი პირის მხრიდან გამოვლენილი სისუსტის ნებისმიერ სხვა მოქმედ პირზე გადაბრალება მორალურად გაუმართლებელია. ამიტომ, საჭიროდ მივიჩნიეთ შეგახსენოთ: პოლიტიკური ძალაუფლების ფლობა ყველა მოქალაქის წინაშე თანაბარ პასუხისმგებლობას გულისხმობს.

 

გარდა ამისა, ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ თქვენ სატელეფონო კავშირი გქონდათ ეპისკოპოს იაკობთან. მოგეხსენებათ, 17 მაისის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” და “ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი” იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს რამდენიმე თანამდებობის პირი აქციის ორგანიზატორებს უსაფრთხოების შესახებ შეგხვდნენ, არც თქვენ, მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, და არც შინაგან საქმეთა მინისტრს ჩვენთან უშუალო კონტაქტი არ გქონიათ. სამაგიეროდ, თქვენ უშუალოდ ესაუბრებოდით ეკლესიის წარმომადგენლებს, რომლებიც, როგორც ცნობილია, კონტრაქციის ორგანიზატორები და წინამძღოლები იყვნენ. სწორედ ეპისკოპოსმა იაკობმა გადაიხადა პარაკლისი 17 მაისის აქციის დარბევის შემდეგ. მან აქცია წარმატებით დასრულებულად გამოაცხადა და მრევლს, ანუ აქციის დამრბევებს, სამების საკათედრო ტაძარში წასვლისკენ მოუწოდა. სამების ტაძარში სამადლობელი პარაკლისის გადახდის შემდეგ ეპისკოპოსი იაკობი, რომელიც პირველ პირში საუბრობდა და კონტრაქციის ორგანიზატორობა არ უარყვია, საჯაროდ იმუქრებოდა:  “საჭირო რომ იყოს, მილიონობით გამოვიდოდით,” აქციის ორგანიზატორებს კი მოუწოდა “ცოტა ჭკვიანად” ყოფილიყვნენ (https://www.youtube.com/watch?v=Z7NXvlYuqvE).

 

თქვენ აღიარეთ უშუალო კავშირი იმ კონტრაქციის ორგანიზატორებთან, რომელმაც ძალადობის მასშტაბებით სამუდამოდ მიაყენა ჩრდილი ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებას. მოძალადეებთან ცალმხრივი საუბრის წარმოებით სახელმწიფო მოძალადეების მოკავშირედ გადაიქცა. შესაბამისად, ეპისკოპოს იაკობთან კავშირზე თქვენი წამოცდენა ადასტურებს, რომ სახელმწიფოს მიზნებში საერთოდ არ შედიოდა 17 მაისის მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ძალადობის აღკვეთა და  შემდგომში მოძალადეთა გამოვლენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი