კომენტარი

უსახლკარობის სტიგმა

10 მარტი, 2014 • • 1996
უსახლკარობის სტიგმა

იპოთეკის გამო უსახლკაროდ დარჩენილი, ღარიბი, მრავალშვილიანი, მარტოხელა, რეგიონიდან დიდ ქალაქებში გადასული, ქუჩაში დარჩენილი ადამიანების მიმართ სტიგმას სწორედ მათი უსახლკარობის მიზეზების ზედაპირული ინდივიდუალიზება იწვევს. ეს სტერეოტიპები ხშირ შემთხვევაში რეალობას აცდენილია და რაიმე კონკრეტული იდეოლოგიის სტატუს-კვოს ან ღირებულებების ერთიან სისტემას არის მორგებული. სტატუს-კვოს გამყარებას ემსახურება უსახლკარობით გამოწვეული პრობლემების იგნორირება ან ამ ადამიანების არასწორი გადაწყვეტილებებისა თუ ცხოვრების წესის კრიტიკა და ამით მათი მდგომარეობის, როგორც დაშვებული ინდივიდუალური და იზოლირებული შეცდომების შედეგად წარმოდგენა. ასეთი პერსპექტივიდან საზოგადოებისათვის რთული იქნება უსახლკარობისა და არაადეკვატური საცხოვრებელი პირობების ადამიანის უფლებების კონტექსტში დანახვა.


უფლებების დარღვევა არ გულისხმობს მხოლოდ კონკრეტული ქმედებებითა და აქტებით უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას. ის ძირითადად სტრუქტურული ძალადობის შედეგია და მისი სისტემის გარეთ განხილვა ილუზიაში გვაგდებს და გვაშორებს სინამდვილისგან. სამწუხაროდ, ამგვარ ილუზორულ ხედვას იზიარებს სახელმწიფოც, რასაც მისი სოციალური პოლიტიკა მისივე ბრუტალური შედეგებით ადასტურებს.


საზოგადოების ინდიფერენტულობა და უსახლკაროთა პრობლემების ინდივიდუალიზაცია განაპირობებს საკითხის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულების სრულ უკონტროლობას. ამის შედეგია ის, რომ დღეს სტიგმატიზების ყველაზე მკაფიო შემთხვევებს სწორედ კანონმდებლობაში ვხვდებით. განვიხილავ რამდენიმე საკანონმდებლო ხარვეზს, რომელიც უსახლკარო ოჯახების პრობლემის მიმართ სახელმწიფოს გულგრილობასა და არასისტემურ მიდგომას აჩვენებს.

 

ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში, 2013 წლის 17 მაისის ცვლილებების მიხედვით, განაცხადი სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის არ მიიღება, თუ მაძიებელი უკანონოდ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობაში. ცვლილება არგუმენტირებულია იმით, რომ უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფო ობიექტებში გახშირდა უსახლკარო პირთა შეჭრის ფაქტები. ეს პირდაპირ ნიშნავს უსახლკარო სოციალურად დაუცველი ოჯახების საარსებო მინიმუმის გარეშე დატოვებას.

 

ამ სანქციის გამოყენება კი პრაქტიკაში სპეკულაციის საგანი ხდება ხოლმე, როდესაც ობიექტებზე შეჭრილ ოჯახებზე სახელმწიფო სოციალური დახმარების შეწყვეტის მუქარით ახდენს ზეწოლას. სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების მიერ დაკავებულ ობიექტებში მუშაობის გამოცდილებამ მაჩვენა, რომ მანიპულაციის ქვეშ ძირითადად ის ოჯახები ექცევიან, სადაც შშმ ბავშვები, მოხუცები ან მარტოხელა დედები არიან.


სახელმწიფო ობიექტებში შეჭრილი ადამიანების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. გუდამაყრის ქუჩაზე, ყოფილი კარდიოლოგიური კლინიკის შენობაში, სადაც ექსპლოატაციიდან გამოსულია სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემები, ასევე არ არის ელექტროენერგია, ადამიანები წელიწადნახევრის განმავლობაში ცხოვრობენ მუდმივი შიშით, რომ გასახლების შემდეგ ღია ცის ქვეშ აღმოჩდებიან. სასმელი წყლის ერთადერთი წყარო საავადმყოფოს ეზოში ნაგავსაყრელიდან რამდენიმე მეტრშია. ნაგვის გატანის და საკანალიზაციო სისტემის გაწმენდის უფლებას მობინადრეებს შენობის დაცვის თანამშრომლები არ აძლევენ. უკიდურესი ანტისანიტარიისა და მოსალოდნელი ეპიდემიის საფრთხის მიუხედავად, დაცვა მაქსიმალურად ცდილობს შესახლებულებს ხელი შეუშალოს შენობის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შესაბამისად ადაპტაციაში. შენობის იძულებით დაცლას ყოველდღე ელოდებიან და წინასწარ მხოლოდ ის იციან, რომ საუკეთესო შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროში შედგენილ „თეთრ სიაში” მოხვედრილი ოჯახები სამი თვის ბინის ქირას (თვეში 200 ლარის ოდენობით) მიიღებენ, სამი თვის შემდეგ კი ისევ ქუჩაში აღმოჩნდებიან.


სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის პარადოქსულობის ყველაზე აშკარა შემთხვევას წარმოადგენს მოქმედი სოციალური დახმარების სისტემა უსახლკარო ადამიანების მიმართ. სახელმწიფომ ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი ადამიანები, რომლებსაც ღამის გასათევიც არსად აქვთ, სოციალური დახმარების სისტემის ფარგლებს გარეთ დატოვა. ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას მიიღონ რაიმე სახის შემწეობა. უსახლკარობის გამო ადამიანების ეს ყველაზე დაუცველი ჯგუფი ვერ ხვდება სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში და, შესაბამისად, ვერ იღებს სოციალურ დახმარებას. შექმნილ პრობლემას სახელმწიფო საკუთარი ტექნიკური, ოპერაციული უძლურებით ასაბუთებს. სახელმწიფო ამბობს, რომ მას არ შეუძლია ასეთი ადამიანების ქუჩაში აღმოჩენა და აღრიცხვა, რაც, ცხადია, გონივრული ახსნის გარეთ გადის. 


ზამთრის განმავლობაში ეს ადამიანები კარვების ტიპის თავშესაფარში ცხოვრობენ, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარებისა და საკვების მიღების საშუალება აქვთ. კარვების ქალაქმა ბევრი ადამიანი ქუჩაში გაყინვას გადაარჩინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსათვის მათი საჭიროებები უფრო მეტად ხილული და ადვილად შესწავლადი გახდა, ამ ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაში მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა. დაახლოებით 25მ2კარავში 12 ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის არიან შშმ პირები, ალკოჰოლზე დამოკიდებულნი, მენტალური აშლილობის მქონენი და ავადმყოფები სტაციონარული მკურნალობის საჭიროებით. კარვის სისტემის უალტერნატივობა, მიუხედავად თავიდანვე გაცხადებული დროებითი პერსპექტივისა, მას შემდეგ დადგა ეჭვქვეშ, რაც IDFI-მ ცენტრალური ბიუჯეტიდან კარვების მოწყობაზე გაწეული ხარჯების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.


კვლევაში ჩანს, რომ 4 თვის განმავლობაში 210 მიუსაფრის კვებითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნებოდა, თუკი საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე ერთობლივად გაცემული პრემიების რაოდენობა შემცირდებოდა 10%-ით, ან თუკი საკრებულოს ავტოპარკის ერთი წლის ხარჯი შემცირდებოდა 50%-ით, ანუ თუ თბილისის საკრებულო 2013 წლის განმავლობაში არ შეიძენდა 5 ძვირადღირებულ ავტომანქანას.


კარვების მობინადრეებისაგან სახელმწიფო ინსტიტუციებში მუდამ მადლიერებას ელიან, ხოლო ნებისმიერი პრობლემის წამოჭრისას მაშინვე უკვე გაწეულ ხარჯებსა და კონკრეტულ ადამიანზე დახარჯულ რესურსებზე მიუთითებენ. ასეთი მიდგომა ადასტურებს სახელმწიფოს მცდელობის ფაქტს, ეს ჯგუფი საკუთარი ვალდებულებების სფეროს მიღმა დატოვოს. ჩემი გამოცდილება აჩვენებს, რომ უსახლკაროთა პრობლემების ინდივიდუალიზაცია და მათ მიმართ სტიგმა ყველაზე მეტად იმ უწყებებში შეინიშნება, ვისი უშუალო მოვალეობაც ამ ადამიანების პრობლემებზე მუშაობა, სამართლიანი სოციალური პოლიტიკის შემუშავება და ეფექტურად განხორციელებაა.

 



 
ნინო სუხიშვილი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

მასალების გადაბეჭდვის წესი