კომენტარი

ზურაბ სიხარულიძე: ჩვენს ქვეყანაში ყველა თვლის, რომ ნარკოტიკი მის ოჯახს არ შეეხება

5 ივლისი, 2018 • 3651
ზურაბ სიხარულიძე: ჩვენს ქვეყანაში ყველა თვლის, რომ ნარკოტიკი მის ოჯახს არ შეეხება

ზურაბ სიხარულიძე, ნარკოლოგი, სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ დირექტორი

„ადამიანის ციხეში ყოფნას ნარკოტიკის მოხმარების გამო არავითარი აზრი არა აქვს.  ციხის შემდეგ მომხმარებელთა დაახლოებით 90 პროცენტი კვლავ უბრუნდება ნარკოტიკის მოხმარებას. ამას ეწოდება იძულებითი რემისია, ადამიანი იძულებით მოხვდა ამ სიტუაციაში და არა თავისი ნებით, შესაბამისად, ეს არანაირ შედეგს არ იძლევა, ამიტომაც ციხე გამოსავალი არ არის.

არ ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანი გამოვიდეს ციხიდან და სრულიად ჯანმრთელი იყოს. კი, შეიძლება ნარკოტიკი არ მოიხმაროს, მაგრამ იწყებს ალკოჰოლის, ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარებას, იწყებს თამაშს… იგი დამოკიდებულია და ეს დამოკიდებულება რაში გამოვლინდება, არავინ იცის.

ნარკოტიკის მომხმარებლები უნდა იყვნენ ჩართული სამკურნალო პროგრამებში. მომხმარებელი, რომელსაც ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი მკურნალობა, უნდა იყოს ჩართული მაქსიმალურად დახურული ჯგუფებში, რომელიც მას მისცემს საშუალებას, შემდგომ გადავიდეს სამკურნალო პროგრამებში. ასევე, აუცილებელია პრევენცია, რადგან პრევენციის და ინფორმაციის არარსებობა აჩენს აკრძალული ხილის მომენტს და ადამიანებს უნდათ მისი გასინჯვა.

პრევენციის საუკეთესო გზაა ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამებში. ეს არის აპრობირებული მეთოდი მსოფლიოში, რომელიც არ იძლევა შედეგს ერთ-ორ წელიწადში, მაგრამ ადამიანებმა ბავშვობიდან უნდა იცოდნენ, რა გარემოში იზრდებიან და რა საფრთხეები ელოდებათ ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში. ეს უნდა გაგრძელდეს სკოლის პერიოდში, სტუდენტობის პერიოდში, უნდა იყოს სასწავლო პროგრამებში ინტეგრირებული საგნები, სადაც შესაძლებელი იქნება სწორი ინფორმაციის მიწოდება. დღეს, იმ ეპოქაში, როცა ინტერნეტში აბსოლუტურად ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება შეუძლია თინეიჯერს, ამ ინფორმაციის ალტერნატივა უნდ არსებობდეს სახელწიფოს მხრიდან, რომ მან სახელმწიფოსგან მიიღოს სწორი ინფორმაცია.

ეს არ უნდა იყოს დახურული თემა და მთელი ცხოვრება არ უნდა ვიყოთ სირაქლემას პოზიციაში – „ეს ჩემს შვილს არ დაემართება“. ჩვენს ქვეყანაში ყველა თვლის, რომ ნარკოტიკი მის ოჯახს არ შეეხება, მაგრამ ეს დაავადება ყველას შეიძლება შეეხოს, ამიტომ დამალვა, დაფარვა, სტიგმატიზირება, ნარკოტიკის მომხმარებლების კრიმინალიზაცია სიტუაციას უკეთესისკენ კი არ ცვლის, არამედ უარეს შედეგებამდე მივდივართ.

გარდა ამისა, უნდა ხდებოდეს ჯანსაღი წესის პროპაგანდა, თუმცა ცხოვრების ჯანსაღი წესი უნდა იყოს ხელმისაწვდომი. დღეს აუზზე და სავარჯიშო დარბაზში ვერ მიდის თინეიჯერი, რადგან მშობელს არა აქვს 200-250 ლარის გადახდის საშუალება, ეს არ არის ხელმისაწვდომი.“

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი