კომენტარი

კახა კოჟორიძე: მერაბიშვილის განმარტების საწინააღმდეგოზე მისივე სიტყვები მიუთითებს

30 იანვარი, 2014 • • 1030
კახა კოჟორიძე: მერაბიშვილის განმარტების საწინააღმდეგოზე მისივე სიტყვები მიუთითებს

არსებობს თუ არა სამართლებრივად რაიმე საფუძველი, რამაც შეიძლება გაამართლოს ის, რასაც მერაბიშვილი ამბობს ამ ვიდეოში?

მე მართლა ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ეგ სიტყვები აიხსნას ისე, რომ ვინმე მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ აქ დანაშაულის ნიშნები არ არის. ეს მაინც გამოძიებამ უნდა გააკეთოს, მაგრამ ამ გადასახედიდან ცოტა რთულია იმ დასკვნის გამოტანა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო.

 

კახა კოჟორიძე
კახა კოჟორიძე

ზოგადად პოლიციას, სპეცდანიშნულების რამზს იარაღის გამოყენების უფლება, რა თქმა უნდა, აქვს, რა თქმა უნდა, აქვს დამნაშავე პირების ლიკვიდაციის უფლებაც, დავანებოთ თავი იმაზე მსჯელობას, იყვნენ თუ არა ის ადამიანები დამნაშავეები, ეს სხვა საკითხია. მე მათ დამნაშავეაბად არ მოვიხსენიებ იმიტომ, რომ ამ საქმისადმი თავიდანვე არსებობდა კითხვის ნიშნები: წარიმართა თუ არა კანონის დაცვით საგამოძიებო პროცედურები და რამდენად დასაბუთებული იყო ის განაჩენი, რომელიც მათ გამოუტანეს. ერთ–ერთს, თუ არ ვცდები, 29 წლით პატიმრობა შეეფარდა, საკმაოდ მძიმე სასჯელებზეა საუბარი. იმის მიუხედავად, რა ტიპის დანმაშავეებიც არ უნდა ყოფილიყვნენ, ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რომ სპეცოპერაციის მიზანი ლიკვიდაცია იყოს. სპეცოპერაციის მიზანი უნდა იყოს ის, რომ უმსხვერპლოდ დამთავრდეს ის, დააკავონ, ვისაც დამნაშავედ მიიჩენევენ და ეს პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. ეს არის ის მიდგომა, რაც დამტკიცებულია ჩვენი კანონდმებლობით და საერთაშორისო პრაქტიკით. აქედან გადახვევა და თვითნებობის უფლება არავის აქვს. ვანო მერაბიშვილს რომ ეთქვა ის, რომ იარაღი იმ შემთხვევაში გამოიყენეთ, თუ იმ ადამიანების მხრიდან თქვენ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებაო, ამაში დანაშაულის ნიშნები არ იქნებოდა, მაგრამ ამბობს: ორი გვამი მჭირდება და ამის იქით დამატებითი განმარტებები არ გაისმის იმ კადრებში.

თუმცა დღეს გვესმის ასეთი განმარტებები…

დღეს კი გვესმის განმარტებები, რომ თურმე გულისხმობდა რუსეთის ჯაშუშებს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი აზრით, იმ სპეცრაზმელებს, იმ სიტყვებიდან გამომდინარე, რაც ვანო მერაბიშვილმა კადრებში თქვა, სხვაგვარი აღქმის საშუალება ძნელად თუ ექნებოდათ.

თქვენ ამბობთ, რომ ლიკვიდაციის შესახებ ბრძანება უკანონა, მაშინ ბრალის რა სახის შესაძლო კვალიფიკაციაზე შეიძლება იყოს საუბარი, თუ ის მართლაც ასეთ მითითებას იძლევა? 

 

მე კონკრეტული კვალიფიკაციის დასახელებისაგან თავს შევიკავებ. უფლებამოსილების გადამეტება არის ყველაზე მინიმალური, რაც შეიძლება აქ გამოიკვეთოს. შეიძლება გაცილებით მძიმე დანაშაულზე იყოს საუბარი.

 

დღეს ვანო მერაბიშვილმა გააკეთა განმარტება ამ ვიდეოსთან დაკავშირებით და თქვა, რომ იგი ორ გვამში რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლებს გულისხმობდა, ეს რას ცვლის ამ პროცესში სამართლებრივად?

 

თუ ის მართლაც ორ გარდაცვლილ ადამიანზე საუბრობდა, რომ ორი უკვე გარდაცვლილი ადამიანის გვამი მიპოვეთო, აქ, რა თქმა უნდა, დანაშაულზე საუბარი არ იქნება, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და ნაკლებად დასაჯერებელია, რომ ეგ ვერსია მართალი იყოს… რა თქმა უნდა, ამაზე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, მაგრამ ამ გადასახედიდან, პირველ რიგში, რაც საწინააღმდეგოზე მიუთითებს, არის თავად ის სიტყვები, რასაც ვანო მერაბიშვილი ამბობს [ვიდეოში]. მას რომ ის ეგულისხმა, რაც დღეს თქვა, მაშინ რაც დღეს თქვა, იმას იტყოდა იმ კადრებშიც. იტყოდა, რომ მიპოვეთ ორი გარდაცვლილი რუსი, მაგრამ მან თქვა: მე მჭირდება ორი კაცი, ორი გვამი და პრემია იქნება. სხვანაირად ამის აღქმა რთული იქნება. მეორე მომენტიც არის, რა თქვა მან დღეს: რუსეთის ორი აგენტი მონაწილეობდა ამბოხებაში მრჩევლების რანგში და იმ მიზნით, რომ კვალი დაეფარათ, ისინი მოკლეს. ვინ მოკლა ის ორი ადმიანი, ეს არ უთქვამს. ვიღაცას თუ კვალის დაფარვა უნდოდა, ეს ალბათ რუსეთი უნდა ყოფილიყო, ხომ… ჯამში, ძალიან დამაჯერებლობას მოკლებული განცხადებაა, რბილად რომ ვთქვათ. აქ კიდევ ერთ გარემოებას შეგახსენებთ. იმდროინდელი მაღალი თანამდებობის პირმა შოთა უტიაშვილმაც გააკეთა განცხადება. მან თქვა, რომ მერაბიშვილმა ლიკვიდაციის ბრძანება გასცა, უბრალოდ, მერე შეცვალაო.

 

თუმცა მას შემდეგ, რაც მერაბიშვილმა განმარტება გააკეთა სასამართლოში, უტიაშვილმაც შეცვალა თავისი პოზიცია… ბატონო კახა, როგორ შეიძლება, რომ დადგინდეს, სიმართლეს ამბობს თუ არა მერაბიშვილი. მისი თქმით, არსებობდა ინფორმაცია ГРУ-ს თანამშრომლების შესახებ და სწორედ ამაზე აკეთებდა აქცენტს იმ ვიდეოშიც. ასეთი სპეცოპერაციების დროს დგება თუ არა გარკვეული ანგარიში, სადაც ყველა ფაქტია თავმოყრილი და სადაც, წესით, უნდა ეწეროს ისიც, როგორ გაჩნდა ინფორმაცია ГРУ–ს გარდაცვლილ თანამშრომლებზე.

 

რა თქმა უნდა, უნდა გაკეთდეს ეგ ყველაფერი. უნდა დაკითხონ თითოეული ის ადმაიანი, ვინც კადრებში ჩანს. აქ ძალიან საინტერესოა, როგორ აღიქვამდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები ვანო მერაბიშვილის ნათქვამს:  დარჩათ თუ არა მათ შთაბეჭდილება, რომ ვანო მერაბიშვილი ითხოვდა ორი გარდაცვლილის გვამს. სანამ ვანო მერაბიშვილი დღეს ამ განცხადებას გააკეთებდა, მანამდე მსგავსი განმარტება მისი გუნდის წევრებსაც კი არ მოსვლიათ თავში და ახლა სპეცრაზმელებს რომ მოსვლოდათ თავში, დამეთანხმებით, რომ ნაკლებად წარმოსადგენია. მე, რა თქმა უნდა, სპეცრაზმელებს არ ვაკნინებ და არ ვამბობ, რომ ისინი ანალიზს ვერ გააკეთებდნენ, მე პირიქით, იმას ვამობობ, რომ ისინი იმ სიტყვებით ვერ წარმოიდგენდნენ და ვერ მიხვდებოდნენ, რომ ვანო მერაბიშვილი ორი გარდაცვლილის პოვნას სთხოვდა მათ. ამიტომ მათი დაკითხვაა მნიშვნელოვანი, რათა გაირკვეს სიმართლე. ასევე უნდა გადაისინჯოს გამოძიების ოფიციალური მასალები, თუ ასეთი არსებობს, მათ შორის ის, თუ რითი დასტურდება იმ ინფორმაციის არსებობა, რასაც თქვენ ამბობდით: ანუ ეს დასტურდება დოკუმენტალურად, თუ უბრალოდ ახლა იქნა მოფიქრებული ეგ არგუმენტად. თუმცა ვერ გეტყვით, არსებობს თუ არა ასეთი ანგარიში.

მასალების გადაბეჭდვის წესი