კომენტარი

ლევან ვერძეული: მეტი დასჯილი არ ნიშნავს ნაკლებ მომხმარებელს

3 ივლისი, 2018 •
ლევან ვერძეული: მეტი დასჯილი არ ნიშნავს ნაკლებ მომხმარებელს

ლევან ვერძეული, ფოტოგრაფი:

„ნარკოპოლიტიკა საქართველოში რეპრესიულია, არ უნდა ისჯებოდნენ პატიმრობით ნარკომომხმარებლები, თუკი ნარკოტიკების გასაღებასთან არ აქვთ კავშირი. სხვა ქვეყნების მაგალითებმაც აჩვენა, რომ მეტი დასჯილი არ ნიშნავს ნაკლებ მომხმარებელს.

პორტუგალიის მაგალითს ასახელებენ ყველაზე ხშირად, რომ ლიბერლური ნარკოპოლიტიკა იწვევს ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას. ამჟამად სახელმწიფო ნარკომოხმარებასთან ბრძოლის მხოლოდ დასჯის მექანიზმს გვთავაზობს. მთელი ძალაუფლება ძალოვნების ხელშია მოქცეული, რომლებიც იჭერენ ან აშანტაჟებენ ადამიანებს „ჩადებებით“. ნარკოპოლიტიკის შეცვლა კომპლექსური პრობლემაა და მხოლოდ ერთი კანონის ან ერთი უწყების ცვლილებას არ გულისხმობს.

პირველ რიგში საჭიროა პრევენციაზე მუშაობა, აუცილებელია ადრეული ასაკიდანვე სკოლებშივე მოქმედებდეს პროგრამები, რაც ნივთიერებებზე დამოკიდებულებების რისკებს გააცნობს ყველას, იგივე შეიძლება ითქვას ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებაზე. ჯამში, სახელმწიფოს პრიორიტეტი საზოგადოების გაჯანსაღება უნდა იყოს ზრუნვის და არა დასჯის გზით. ნარკომომხმარებლებს ჰუმანური საზოგადოების წევრად ყოფნის უფლება უნდა შევუნარჩუნოთ და არ გავარიდოთ საზოგადოებას. ციხეში მყოფთა გათავისუფლების შემდეგ აუცილებელია მათი სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა.

წარსულის ცუდი გამოცდილება და ბევრი სტიგმა, რომ თითქოს ძალით უკეთებდნენ ვინმეს ნარკოტიკს, ქმნის საზოგადოების გარკვულ ნაწილში ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შიშს, ამიტომ ნარკოპოლიტიკის ცვლილებაზე მოსახლეობასთანაც მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რომელსაც კვლევაზე დაფუძნებული, არგუმენტირებული მსჯელობის ნაცვლად მეზობლის ან გარებიძაშვილის ნათქვამის უფრო სჯერა.

ნარკომომხმარებლების დიდი რაოდენობა ვფიქრობ, რომ ღარიბი ქვეყნების პრობლემაა, ისეთი მომხმარებლების, ვინც საეჭვო წარმომალობის ნივთიერებებს მოიხმარენ, შემდეგ კი ყველაფერი ფატალურად მთავრდება. მგონია, რომ ამ სიტუაციას გამოასწორებდა დეკრიმინალიზაცია. ზედოზირებისას არ უნდა ეშინოდეს ადამიანს ექიმთან დარეკვის.

დასაფიქრებელია, რამდენად ღირს ქუჩის ნარკოტესტირებების ჩატარება და ხალხის შეწუხება, დისკომფორტის შექმნა. ეს მიდგომა პოლიციური სტრუქტურების ძალაუფლების დემონსტრაციას ემსახურება, რომ მოქალაქეები დააშანტაჟონ და ქუჩაში ნებისმიერს ეშინოდეს, არ სტაცონ ხელი და ნარკოტესტირებაზე არ წაიყვანონ. ქუჩის ნარკოტესტირებები შიშის გავრცელებას და განწყობის შექმნას უფრო ემსახურება, ვიდრე ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას.

ეკონომიკური ანალიზიც კი არ გვაქვს, თუ რა რესურსი იხარჯება პატიმრების შენახვაზე და რამდენი დაიხარჯებოდა რეაბილიტაციაზე. ცალკე ამბავია, რამდენ რესურსს ვხარჯავთ ტყუილად და წლებს ვართმევთ ადამიანებს ციხეში, როცა შეიძლება, ისევ ეკონომიკურად აქტიურ მოქალაქეებად ვაქციოთნ მომხმარებლები და ქვეყნის წინსვლაში შეტანის შანსი მივცეთ. ჩვენ კი მათ საზოგადოებისგან ვრიყავთ, ფულს ვხარჯავთ ციხეში მათ შენახვასა და ძალოვანი ტრუქტურების ხელფასზე. ამ თანხას რომ ჯანდაცვის სამინისტრო განკარგავდეს რეაბილიტაციისთვის, მგონია, რომ ეკონომიკური თვალსაზრისითაც უფრო გამართლებული იქნებოდა სისტემა. ადამიანის უფლებებთან ერთად ქვეყნისთვის ფინანსურადაც წამგებიანია ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახლა გვაქვს“.

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი