კომენტარი

მარი კორინთელი: ნარკოტიკზე დამოკიდებულება ციხით არ უნდა ისჯებოდეს

26 ივნისი, 2018 • 2502
მარი კორინთელი: ნარკოტიკზე დამოკიდებულება ციხით არ უნდა ისჯებოდეს

მარი კორინთელი, გამომცემელი:

„დიდი ხანია მსოფლიო შეთანხმდა, რომ ნარკომანია დაავადებაა, შესაბამისად, როგორც დიაბეტიან ადამიანებს არ ვსჯით, ასევე არ უნდა დავსაჯოთ ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანებიც ციხით.

ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნარკომანია უნდა ისჯებოდეს წარსულის მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ ასევე ძალიან დიდი ნაწილია ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მომხრე. ნელ-ნელა ვხედავთ ცვლილებებს, სულ ცოტა ხნის წინ ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა მოქმედებდა, ამასთან შედარებით წინ მივიწევთ. საზოგადოებაშიც ნელ-ნელა იცვლება ბევრი რამ, თუ ადრე ამაზე არავინ ლაპარაკობდა, ახლა ვხედავთ, როგორ საუბრობენ ადამიანები საკუთარ გამოცდილებაზეც.

ცნობიერება ნელა იცვლება და ყველაფერს დრო სჭირდება გადასაფასებლად. რამდენიმე წლის შემდეგ მგონია, რომ მივიღებთ გაცილებით უფრო ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას.

ევროპის ქვეყნებში არსებობს სასკოლო პრაქტიკა, როცა მოსწავლეებს ნარკოტიკების მოხმარების რისკებს აცნობენ და პრევენციულ პროგრამებს ახორციელებენ, სადავოც კი არ არის, რომ განათლება და ინფორმაციის არსებობა ბევრ პრობლემას აგვარებს, ადამიანის ბუნებაც ასეთია – რაც მეტს იგებს რამის შესახებ, მით უფრო გონივრული დამოკიდებულებები უჩნდება და პირიქით – თუ დავმალავთ, გავასაიდუმლოებთ ბავშვებთან ნარკოტიკების თემას, ინტერესი უფრო მაღალი იქნება. მგონია, რომ სკოლიდანვე უნდა ვეხებოდეთ ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის საკითხებს.

წიგნებს, განათლებას, ინფორმირებულობას, მგონია, რომ თერაპიის პროცესშიც დიდი მნიშვნელობა აქვს, არსებობს არტთერაპიის სარეაბილიტაციო მეთოდები, რაშიც ლიტერატურის ნაწილიცაა ჩართული.

რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ნაწილია ქუჩის ნარკოტესტირებებიც, რაც ვფიქრობ, არღვევს ადამიანის უფლებებს“.

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი