კომენტარი

საელჩოების განცხადება GPB-ის ბორდის შერჩევის საკითხზე

21 იანვარი, 2014 • • 1028
საელჩოების განცხადება GPB-ის ბორდის შერჩევის საკითხზე

 

როგორც დიპლომატების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, სელექციის პროცესი პარლამენტმა უნდა დაასრულოს ისე, როგორც ამას კანონი მოითხოვს:

 

“ელჩების სამუშაო ჯგუფი ყურადღებით აკვირდება მედიაგარემოსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ მხედველობაში ვიღებთ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში 2013 წელს განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრების სელექციის პროცესს არეგულირებს. ჩვენ გვჯერა, რომ ახლა კანონის იმპლემენტაცია ისე მოხდება, რომ მაუწყებელში პროფესიონალური და დამოუკიდებელი ბორდი დაინიშნება. პარლამენტის მიერ ჩამოყალიბებულმა შესარჩევმა კომიტეტმა 27 კანდიდატი შეარჩია გამჭვირვალე მეთოდით, როგორც ამას კანონი მოითხოვდა. რადგანაც მსოფლიო მოელის საქართველოსაგან პლურალიზმის, დემოკრატიული იდეალების, მედიის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის დაცვას, ჩვენ ველით პარლამენტის მხრიდან სელექციის პროცესის დასრულებას ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს”, – ვკითხლობთ განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ხმების საჭირო რაოდენობა (76 ხმა) საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებულმა ბორდის წევრობის კანდიდატმა ნინია კაკაბაძემ, სახალხო დამცველის მიერ დასახელებულმა ლელა გაფრინდაშვილმა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს კანდიდატმა გენო გელაძემ ვერ მიიღეს. 2013 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტში ეს საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა. 

 

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, პარლამენტმა მეურვეობის კანდიდატები საკონკურსო კომისიის მიერ მათი შერჩევიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა დაამტკიცოს. თუ მეურვეობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, საქართველოს სახალხო დამცველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს.

 

მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს შეუძლიათ საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენა. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა. ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობის და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის კვოტებით.

 

თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვერ დაკომპლექტდა 9 წევრით, დარჩენილი ვაკანტური ადგილებისათვის იმართება ხელახალი კონკურსი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი