კომენტარი

ლადო აფხაზავა: მკაცრ ნარკოპოლიტიკას ადამიანების სიცოცხლე ეწირება

21 ივნისი, 2018 • 2724
ლადო აფხაზავა: მკაცრ ნარკოპოლიტიკას ადამიანების სიცოცხლე ეწირება

ლადო აფხაზავა, მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი:

„სამოქალაქო განათლების გაკვეთილების ნაწილი ჯანსაღი ცხოვრების წესს ეთმობა. პირადად მე საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ გაკვეთილებზე ცხოვრების ჯანსაღი წესების დამკვიდრებაზე და თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბარს. ვუყურებთ ფილმებს, ვმსჯელობთ და ამ ყველაფრის შემდეგ ბავშვებს თანაგრძნობა უჩნდებათ ადამიანების მიმართ, მიდიან დასკვნამდე, რომ ნარკოპოლიტიკა მკაცრი არ უნდა იყოს.

ჩემს მოსწავლეებს რომ ჰკითხოთ ნარკოპოლიტიკაზე, აუცილებლად გეტყვიან, რომ დეკრიმინალიზაცია აუცილებელია.

უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება მკაცრ ნარკოპოლიტიკას. როცა ნარკოდამოკიდებულს სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა და სასწრაფოს იძახებდა, ექიმი პოლიციას აცნობებდა ამის შესახებ. სასჯელის შიშით ბევრს უთქვამს უარი სამედიცინო დახმარებაზე და შეწირვია კიდეც ამას. ახლა ეს წესი შეიცვალა.

არასდროს გავუჩერებივარ პოლიციას, მაგრამ ისე რომ გამჩხრიკონ და შემამოწმონ, როგორც ეს ქუჩის ნარკოტესტირებებისას ხდება, ძალიან შეურაცხყოფილი ვიქნებოდი. სამარცხვინოა ეს ყველაფერი.

ბევრია მომხმარებელთა რაოდენობა, რადგან რეალიზატორიც და ქვეყანაში ნარკოტიკის შემომტანიც ბევრია. ალბათ ვიღაცას „აწყობს“ ასე იყოს.

ცვლილებების ხანდახან ეშინიათ ადამიანებს. სკოლაშიც კი, მაგალითად, ზოგს ჰგონია, რომ თუ ელექტროზარს გავაუქმებთ და სანაცვლოდ გაკვეთილის დაწყებისა და დასასრულს მშვიდი მუსიკა ჩაირთვება, ამით რაღაც დიდი დაიკარგება.

სისულელედ მიმაჩნია, რომ ამხელა სიმკაცრე გამოვიჩინოთ მათ მიმართ, ვისაც ოთხი აბი ექსტაზი აღმოაჩნდება პირადი მოხმარებისთვის. იქნებ პირველი შემთხვევაა ეს ადამიანისთვის და ოთხ კედელში ვკეტავთ?

მკაცრი აკრძალვები ლტოლვას აძლიერებს. ნუ ავკრძალავთ ნარკოტიკს და დავეხმაროთ, ვუმკურნალოთ ნარკოდამოკიდებულებს. აკრძალვა პოპულარიზაციის ტოლფასია.“

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი