კომენტარი

გვანცა ჯობავა: ყველამ ვიცით, რომ შეუძლებელია ქართულ ციხეში “გამოსწორდე”

16 ივნისი, 2018 • 2923
გვანცა ჯობავა: ყველამ ვიცით, რომ შეუძლებელია ქართულ ციხეში “გამოსწორდე”

გვანცა ჯობავა, მწერალი:

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში როგორი კატაკლიზმები არ ყოფილა, როგორი ცხოვრება არ გამოგვივლია, რამდენი რამ დაგვტყდომია თავს, გაგვიძლია, გადაგვიტანია და გადავრჩენილვართ, ამის პარალელურად რამდენი და რამდენნაირი მთავრობა არ მოსულა და წასულა. არც ერთი – ხალხზე ორიენტირებული.

ყოველთვის ყველა მთავრობა არჩევანს საკითხის იაფად, მარტივად, სათავისოდ და შესაბამისად უხარისხოდ გადაწყვეტაზე აკეთებს. ურჩევნიათ ერთი დღით დაგვაპურონ ბუდიდან გადმოგდებული წარმოსახვითი ბარტყით, დაგვაჯერონ რომ დაგვაპურეს და სინამდვილეში “ნიჭიერი გამომგონებლების” სიცრუის მსხვერპლი გაგვხადონ. ურჩევნიათ ერთი დღის სამყოფი “უფასო” პური, მარილი, წიგნი, ჯანმრთელობა გვაჩუქონ და მადლობაც გვათქმევინონ სანაცვლოდ. აბა, სად აქვთ ხელისუფლებაში ყოფნის იმხელა ვადა, რომ პრობლემას უფრო ფუნდამენტურად შეხედონ და სამუშაო ადგილების შექმნაზე იფიქრონ, მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარების საშუალება მისცენ და ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებაზე იზრუნონ? ეს ზედმეტად შრომატევადი საქმეა, რთულად მისაღწევი. ყველას ურჩევნია საკუთარ მემკვიდრეს გადაულოცოს ეს მისია შესასრულებლად და მისთვის გამოყოფილი ისედაც მცირე დრო ისევ და ისევ საკუთარ კეთილდღეობას მოახმაროს.

ასევეა ნარკოპოლიტიკაც, სრულიად პარადოქსული ამბები ხდებოდა და ხდება ჩვენ გარშემო, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის X ადამიანი შეიძლება ორჯერ და სამჯერ მეტი ხნით გაამგზავრონ ციხის საკანში, ვიდრე სასტიკ დანაშაულში ბრალდებული, მაგრამ “ზურგგამაგრებული” Y ადამიანი. ყველამ ვიცით, რომ შეუძლებელია ქართულ ციხეში “გამოსწორდე”. ნარკოდამოკიდებულის ციხეში გაშვებით მას ბევრად უფრო მძიმე ცხოვრებისთვის ვიმეტებთ, ფაქტობრივად, გადარჩენის ყველანაირ შანსს ვუკარგავთ. და ეს მაშინ, როდესაც შეგვიძლია გავიზიაროთ მსოფლიო გამოცდილება, უფრო რთული გზა ავირჩიოთ და რამდენადაც ეს შესაძლებელია, თანამედროვე მეთოდებით დავეხმაროთ ამ ადამიანებს, და რაც მთავარია, თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრება უბრალოდ ძვირფასი იყოს ჩვენთვის.

სახელმწიფოს ბევრად უფრო დიდი მისია აქვს შესასრულებელი, მან  სრულფასოვანი, გამართული განათლების სისტემა უნდა შექმნას, რაც ასევე ვერც ერთმა მთავრობამ ამ დრომდე ვერ მოახერხა. სინამდვილეში, ალბათ ეს არც არასდროს ყოფილა პრიორიტეტი.

პრიორიტეტული უნდა იყოს ადამიანების დასაქმება, შრომის უპირატესობების პროპაგანდა, რომ აღარ უჩნდებოდეთ ახალგაზრდებს ე.წ. “ბირჟებზე” დგომისა და ცხოვრების უაზრობისგან დათრგუნულებს “თავის დაკარგვის” სურვილი. რაც მთავარია, არც დრო ჰქონდეთ ამისთვის. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს არჩევანი, რა არის მისთვის ღირებული, ადამიანი, საზოგადოება თუ ვიწროდ მხოლოდ საკუთარი გარემოცვა და საკუთარი თავი.  სახლის შენება საძირკვლის ჩაყრით უნდა დაიწყო, შემდეგ კედლები ამოიყვანო, ბოლოს კი გადახურო და არა პირიქით. ან როგორ გადახურავ სახლს, რომელსაც არც საძირკველი აქვს და არც კედლები?!“

მასალების გადაბეჭდვის წესი