ნიშნავს თუ არა პოლიტიკოსების ეს გადაწყვეტილება იმას, რომ ისინი კომისის მიერ შერჩეულ 27–კაციან სიას არ ენდნენ, თუ საქმე ბორდის პოლიტიზების მცდელობასთან გვაქვს? – ამ საკითხზე “ნეტგაზეთს” საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ესაუბრა:
საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს ნათელა სახოკიას კანდიდატურას და ამბობს, რომ დარჩენილ ორი კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციებს გააგრძელებს. 3 წევრი არც საპარლამენტო უმცირესობას დაუსახელებია გუშინ. რაზე მიანიშნებს ეს ფაქტები?
დღეს უკვე, ჯამში, 6 წევრია დასახელებული, თუ ყველას უყარეს კენჭი და დადებითი პასუხი დააფიქსირა პარლამენტის უმრავლესობამ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მაუწყებლის ახალი საბჭო შეკრებისთვის უფლებამოსილია, რადგან მისი ⅔ იქნება არჩეული, ხოლო სამ დარჩენილ ვაკანტურ ადგილზე გამოაცხადებენ ახალ კონკურსს. პარლამენტი ამით აფიქსირებს იმას, რომ კომისიის მიერ წარდგენილ 27–კაციანი სიიდან ვერ ირჩევენ იმ ღირსეულ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლად შეძლებენ სამეურვეო საბჭოს წევრობას. გააუქმებენ ამ სიას, დანიშნავენ ახალ კონკურსს, ხელახლა მოუწოდებენ ადამიანებს, რომ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა, ხელახლა შეიქმნება საზოგადოებრივი კომისია, რომელიც აარჩევს ამ სამ ვაკანტურ ადგილზე კანდიდატებს და პარლამენტი შემდგომ უყრის მათ კენჭს. როგორც იკვეთება, ასეთი პროცედურით აპირებენ წასვლას. მიმაჩნია, რომ ეს, ერთი მხრივ, არის სერიოზული უგულებელყოფა იმ გამჭვირვალე პროცესისა, რომელიც ახლა მიმდინარეობს და ეს გარკვეულწილად შეურაცხმყოფელია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საზოგადოებრივმა კომისიამ დააფასა როგორც ღირსეული ადამიანები და რომელთა კონცეპტუალურმა ხედვებმა, საზოგადოებრივმა რენომემ თუ პიროვნულმა ღირსებებმა მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ ისინი ყოფილიყვნენ მეურვეობის კანდიდატები.
თქვენ ფიქრობთ, რომ ამ 27–კაციან სიაში ვიღაცები დააკლდათ პოლიტიკოსებს?
პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მათ ამ სიაში დააკლდათ ის ადამიანები, ვინც უნდოდათ. მათ ძალიან კარგი სია ედოთ მაგიდაზე, თავისუფლად შეეძლოთ იქიდან საუკეთესოთა შორის საუკეთესოების არჩევა, მაგრამ ძალიან გაუჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღება და ეს ხდება იმიტომ, რომ მათ გაუჭირდათ იმ ადამიანების შერჩევა, ვისზეც მოახდენენ პოლიტიკურ გავლენას.
საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერიდან გამომდინარე, რა შეფასება შეიძლება გაკეთდეს ახალი ბორდის შესახებ. იქნება ეს ის სამეურვეო საბჭო, რომელზეც იყო საუბარი ახალი ხელისუფლების პირობებში: მიუკერძოებელი, აპოლიტიკური და ასე შემდეგ.
რაკი საბჭოს დაკომპლექტება ამ სიით გაუჭირდათ, საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობის ნაწილსაც, რადგან იქაც არის ერთი ვაკანტური ადგილი, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური და პირადი გავლენებისაგან მაქსიმალურად თავისუფალი ადამიანები შევარჩიეთ ჩვენ. თითოეული აპლიკანტის მიმართ, რა თქმა უნდა, საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს შეიძლება ჰქონდეთ კითხვები, თავად საზოგადოებრივი კომისიის ცალკეული წევრების მიმართაც შეიძლება არსებობდეს კითხვის ნიშნები, მაგრამ აქ ლაპარაკია ზოგადად პროცესზე, რომელიც ძალიან პოზიტიურია. ასეთი ადამიანების მოძიება რომ გაუჭირდა დღეს უმრავლესობას, სწორედ იმიტომ მიდის ცუდი გზით. მე მიმაჩნია, რომ ეს გზა არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად არ არის მართებული, ეს არ არის გზა, რომელიც დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდება. ეს არის საკმაოდ ფარული გარიგებების რეჟიმი, რომლითაც მათ სურთ, რომ შეარჩიონ ახალი წევრები და ახალი კანდიდატები სამეურვეო საბჭოს წევრობისთვის და ეს პროცესი ისევ ჩაკეტონ. 3 დღეა უდევთ სია მაგიდაზე, დღეს უკვე მეოთხე დღე მთავრდება, ისე მსჯელობენ, რომ პროცესი არ არის ღია და გამჭვირვალე. როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე, უმცირესობას თავისუფლად შეეძლო, რომ ამ ხნის განმავლობაში მოეწყოთ კომიტეტების, ფრაქციების ღია, საჯარო სხდომები და ისე შეერჩიათ ღირსეული კანდიდატები. ეს არ გააკეთეს იმიტომ, რომ მათი აზრით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უნდა იყოს პოლიტიკური ინსტრუმენტი და არა ღია საზოგადოებრივი ინსტიტუცია.
სახალხო დამცველის არჩევანზეც მინდა რომ გკითხოთ, თქვენ საუბრობთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის შემთხვევაში კანდიდატების შერჩევა ღია და გამჭვირვალე პროცესი არ ყოფილაო, თუმცა არც სახალხო დამცველის შემთხვევაში გვინახავს ღია განხილვები…
დიახ… ასევე მოიქცა სახალხო დმაცველიც, რომელსაც არც თავის ინსტიტუტთან არსებულ საზოგადოებრივ საბჭოებთან და არც არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციები არ გაუმართავს. ის ჩაიკეტა თავის ნაჭუჭში იმიტომ, რომ ისიც არის შემადგენელი ნაწილი მთელი ამ პოლიტიკური პროცესისა. დღეს საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა გადაწყვიტა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო აირჩიოს ფარული გარიგებების გზით და არ გახადოს ეს პროცესი რაც შეიძლება მაქსიმალურად გამჭვირვალე. ეს არის ძალიან ცუდი პროცესი და ეს ამ პოლიტიკურ კლასს უკან ცუდად მოუბრუნდება.
დარჩება თუ არა დღეს მოქმედი საზოგადოებრივი საბჭო დარჩენილ 3 ვაკატურ ადგილზე კანდიდატების შესარჩევად, თუ ახალი კომისია შეიქმნება?
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა საბჭომ მაქსიმალურად ღიად იმუშავა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია ჰქონოდა ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენი კომისიის საბოლოო ოქმში წერია, რომ ექვსმა აპლიკანტმა დააგროვა 9 ხმა, ანუ სრული კონსენსუსი იყო მათ მიმართ კომისიაში, თუმცა პარლამენტმა ეს არ გაითვალისიწნა და ამ ექვსიდან მხოლოდ ორს მიეცა საშუალება, რომ გაეგრძელებინა მონაწილეობა: ერთი აჭარის უმაღლესმა საბჭომ აირჩია და ერთი- საპარლამენტო უმრავლესობამ, დანარჩენები არ გაითვალისწინეს. შესაბამისად, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ თავად ამ კომისიის მიმართ პარლამენტში ისევ იქნება ნდობის ვოტუმი. აქ ალბათ პოზიციები ერთმანეთს დაემთხვევა, რადგან მე დარწმუნებული ვარ, რომ თავად კომისიასაც არ ექნება სურვილი, რომ ასეთ პროცესში მიიღოს მონაწილეობა. როდესაც საბოლოო ოქმს ვუყრიდით კენჭს, ჩვენ ყველანი დარწმუნებულები ვიყავით, რომ იმ სიიდან საუკეთესოები შევთავაზეთ პარლამენტს. ამ პროცესით ჩვენ ვფიქრობდით, რომ მხოლოდ წავადგებოდით საზოგადოებრივი ტელევიზიის გაჯანსაღებას. რომც დასახელოს პარლამენტის თავმჯდომარემ იგივე შემადგენლობით ეს კომისია, არ ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტი ისევ მისცემს მას ნდობის ვოტუმს.