კომენტარი

სექსოლოგია და ქართული საზოგადოებრივი მორალი

12 დეკემბერი, 2013 • • 3466
სექსოლოგია და ქართული საზოგადოებრივი მორალი

ის მძიმე შთაბეჭდილება, რომელიც თავიდან მქონდა, ამ თვეების მაძილზე ცოტა გაუფერულდა და გაფერმკრთალდა. ახლა, გარკვეული დროის გავლის შემდეგ, შევეცადე მშვიდად გამეანალიზებინა მომხდარი ფაქტი და შესაბამისი დასკვნები გამომეტანა.

 

თითქმის ორმოცწლიანი საექიმო გამოცდილების მიუხედავად, სექსოლოგიაზე მეც ძალზე ზედაპირული წარმოდგენა მქონდა, რადგან საბჭოთა პერიოდში  სექსოლოგია, როგორც სამეცნიერო დარგი, არ არსებობდა; სიტყვა „სექსი“ კი რაღაც ტაბუდადებულ (“სასირცხო”) ტერმინს წარმოადგენდა (ყველას გახსოვთ ალბათ ცნობილი, ისტერიულ-კატეგორიული ტონით გაცხადებული ფრაზა საბჭოთა – ამერიკული ტელეხიდიდან : „У нас в Советском Союзе секса- нет”).  მაგრამ  გაირკვა, რომ ყოფილა და თანაც მრავალგვარი, მათ შორის, „გაუკუღმართებულიც“! ამ თემის დამცველთა და მოწინააღმდეგეთა შორის გამართულმა დაუსრულებელმა ტელეკამათებმა და მიწვეული აუდიტორიების  გაუცნობიერებელმა კომენტარებმა მაფიქრებინა, რომ ორივე მხარეს კამათის საგანზე საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ.   

 

მართლაც, ერთადერთი, რაც სექსუალური ე.წ. უმცირესობების შესახებ სამედიცინო ინსტიტუტში გვასწალეს (მე-6 კურსზე,  ნახევარი აკადემიური საათის განმავლობაში), მაშინდელი კანონით დასჯადი, მამათმავლობის მუხლით ეჭვმიტანილების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა იყო. არა მგონია, დღევანდელ სასწავლო პროგრამებში რაიმე არსებითი ცვლილებები მომხდარიყო. რადგან ეს თემა ამ ბოლო დროს ასეთი აქტუალური გახდა, გადავწყვიტე, შეძლებისდაგვარად, ხელმისაწვდომი ლიტერატურის საფუძველზე შემესწავლა როგორც სამედიცინო, ისე ფსიქოლოგიურ  თუ სოციალურ ჭრილში.

 

მოძალადე ყოველთის “მართალია”

 

საექიმო პრაქტიკის განმავლობაში სულ 2-ჯერ მქონდა ამ საკითხთან შეხება, როდესაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცები საავადმყოფოში მოხვდნენ – ერთ შემთხვევაში დაზარალებული დროებითი პატიმარი იყო; ხოლო მეორე შემთხვევაში – ჯარისკაცი. ორივეჯერ, მოძალადეებისა და მსხვერპლის მშვიდობიანი ურთიერთშეთანხმებით, ამ საქმეების ძიება შეწყდა და ფართო საზოგადოებისათვის აღარ გახმაურებულა. ორივე შემთხვევაში, დაზარალებული პირები, მორალური და ფიზიკური ტრავმის მიუხედავად, უფრო იმითი იყვნენ დათრგუნულები, რომ მათ გაუპატიურებულების სახელი არ დარქმეოდათ, ვიდრე მოძალადეების კანონიერი დასჯით. მოძალადეებთან რამდენიმე შეხვედრამ (ორივე შემთხვევაში რამდენიმე იყვნენ) დამარწმუნა, რომ ისინი თავიანთ თავს ჰომოსექსუალებად არ მიიჩნევდნენ (რაც  ჩემთვის დღემდე გაუგებარია), არამედ (გარკვეული უტიფრობითაც) იმ  დახურული საზოგადოებების  დაუწერელი კანონის აღმასრულებლებად თვლიდნენ საკუთარ თავს.  ასე რომ, მათი გაგებით, მსგავსი ქმედება  მსხვერპლისათვის დამსახურებული სასჯელის ფორმად უნდა აღქმულიყო.

 

განსაკუთრებით გამაოცა დაზარალებულების ოჯახების პოზიციამ, როდესაც მათ აბივით გადაყლაპეს ეს შეურაცხყოფა და მოძალადეებს  დანაშაული ერთდაერთი მოტივით შეარჩინეს: მომხდარი საზოგადოებაში არ გახმაურებულიყო და შემდგომში ცუდად არ ასახულიყო დაზარალებულების იმიჯზე.

 

მაშინ მივხვდი, რომ ჩვენი საზოგადოება ამ კუთხით, როგორც ჩანს, ბნელი და პრიმიტიულია, რადგან ის, თავისი მენტალობიდან გამომდინარე, მოძალადეს ამართლებს და არა მსხვერპლს. მსხვერპლი კი ცდილობს მომხდარის დავიწყებას, მაგრამ მისი ფსიქიკა წლების მანძილზე, შესაძლოა, შერყეული დარჩეს და როგორ აისახება ეს მის მომავალზე, არავინ იცის. 

 

საზოგადოდ, ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება, ოჯახური იქნება ეს თუ, ხშირ შემთხვევაში, ქალის მიმართ (ან ნებისმიერი სხვა სახის), რატომღაც არ იწვევს ჩვენი  საზოგადოების პროტესტს და უფრო  შემწყნარებული და შემრიგებლური საზოგადოებრივი პოზიცია ფიქსირდება. (მაგალითისათვის: „რა მოხდა მერე ისეთი, რომ ძალა იხმარა, ცოლად ხომ მოყავს და მეტი რა უნდა!“, შემდეგ ისევე საზოგადოებრივი მორალის ზეწოლით, ძალადობის მსხვერპლი ცოლად მიყვება თავის მოძალადეს, რითიც აღიარებს მოძალადის ექსკლუზიურ უფლებას გააგრძელოს მასზე ძალადობა მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე, შეეგუოს ამ ძალადობას და მოძალადე მეუღლის გარდაცვალების შემდეგაც კი, ძაძებში შემოსილი, მისი მოძალადის ხსოვნის ერთგული დარჩეს). შედეგად ვღებულობთ სექსუალურ ნიადაგზე განვითარებულ ფსიქიკურ აშლილობებს, რომელთა რიცხვიც ყოველწლიურად მატულობს. ესეც დასავლეთის მეცნიერების სტატისტიკაა. არ ვიცი, არსებობს ჩვენთან ასეთი, თუ არა, რადგან ისევ საზოგადოებრივი მორალის შიშით ამგვარ აშლილობების მიზეზებსაც საგულდაგულოდ მალავენ.

 

სირცხვილის დღე

 

ახალგაზრდობაში, როდესაც ევროპაში ინკვიზიციის  მიერ ჩადენილ საშინელებებზე ვკითხულობდი, ჩემი განსაკუთრებული ყურადღების, დაფიქრების საგანი არა ეკლესიის წარმომადგენლები და ის კუდიანები იყვნენ, ვისაც ისინი უსაფუძვლოდ, საჯაროდ ცოცხლად წვავდნენ, არამედ ბრბო, რომელიც კოცონების გარშემო ფერხულს უვლიდა. ანუ უმრავლესობა, ვინც მაშინდელ საზოგადოებას წარმოადგენდა და მოძალებულ სიბნელეს სიხარულით ხვდებოდა. მას მერე საუკუნეები გავიდა, საზოგადოება განვითარდა, გაიზარდა, ადამიანური ღირებულებების ის ჩამონათვალი შექმნა, რასაც დღეს ევროპულ კულტურად აღვიქვამთ; რომლისკენაც ჩვენ, საქართველო, დეკლარირებულად მივილტვით.  თითქოსდა  ჩვენც იმ პროგრესული მსოფლიო საზოგადოების ნაწილად მივიჩნევთ თავს, რომელიც ირანის ხელისუფლებას ევედრებოდა, შარიათის თანახმად, საჯაროდ ქვებით არ ჩაექოლათ ადიულტერში ეჭვმიტანილი ქალი. მაგრამ  იმან, რაც  21-ე საუკუნეში, 2013 წლის 17 მაისს ტელევიზიით ვიხილე,  შოკის მდგომარეობაში ჩამაგდო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საზოგადოება კვლავ ბნელი და სასტიკია;  რომ  ნებისმიერი საზოგადოებრივ-ეთიკური წონასწორობა ძალზე სუსტი და არამდგრადია, რომ ცივილურსახედაკარგული ხალხი მთელი თავგამეტებით ეშვება   შუასაუკუნეობრივ სიბნელეში, საიდანაც ამოსვლას ათეულობით წლები შეიძლება დასჭირდეს. განსაკუთრებით  სამწუხარო  სწორედ ის არის, რომ ქვებით შეიარაღებულ ამ ლაშქარს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მოუძღოდა წინ. საპატრიარქომ, ყოველ წელს ზარზეიმით რომ აღნიშნავს მრწამსის ერთგული 100 ათასი ადამიანის მოწამეობრივ სიკვდილს, ლამის 100 ათასი „მართლმორწმუნე“ დაძრა შიშისაგან ფერდაკარგული, ოციოდე ახალგაზრდა ქალის წინაღმდეგ, რომლებმაც საკუთარი შეხედულებების ხმამაღლა დაცვა გაბედეს;  

 

ჩემთვის ერთი რამ გახდა ნათელი იმ დღეს: ბრბო მაქსიმალურად იყო დამუხტული რაღაც გაუგებარი (შესაძლოა თვითონ მათთვისაც) უარყოფითი ენერგიით, რომელიც გამოსავალს ეძებდა და სექსუალური უმცირესობების დამცველები მხოლოდ ხელს მოყოლილი საბაბი აღმოჩნდა ამ ენერგიის გადმოსანთხევად. ხოლო სამართალდამცველების უნიათობამ შესაძლოა ამ ადამიანებს დაუსჯელობის სინდრომი ჩამოუყალიბოს, რამაც მსგავსი ქმედება ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ მომავალშიც გაამეორებინოს. ამიტომ, ვფიქრობ – ეს დღე არასოდეს უნდა დავივიწყოთ; და თუ  შესაძლებელია,  ჩვენი ქვეყნის სირცხვილის დღედ გამოვაცხადოთ. ფაქტია, რითიც აქამდე თავს ვიწონებდით, – ჩვენი ერის ტოლერანტობა, რომელმაც პოლიეთნიკურ და პოლიკონფესიალურ ქვეყანად  გვაქცია (იხილეთ სიონის, სინაგოგის, მეჩეთის, სომხური ეკლესიის  და მოგვიანებით შემატებული კათოლიკური ტაძრის  გეოგრაფიული ადგილმდებარეობა) – იმ დღეს სრული ფიქცია აღმოჩნდა.

 

სიმართლით ცხოვრება გაცილებით ადვილია, ვიდრე სიცრუით

 

სექსის საკითხი არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა ქვეყნებშიც, საუკუნეების განმავლობაში ტაბუირებული  იყო. (გამონაკლისია – ანტიკური ხანა, როდესაც ადამიანის აზროვნება ნაკლებად იყო შეზღუდული ხელისუფლების მხრიდან, თუმცა საკმაოდ განვითარებული პოზიტიური მორალი მაშინაც არსებობდა). ამგვარმა მიდგომამ წარმოშვა აზრი, რომ სექსი მხოლოდ ბიოლოგიური გამრავლებისათვის არის დასაშვები. ორთოდოქსულმა რელიგიებმა სექსით ტკბობა ცოდვის რანგში აიყვანეს, რამაც ხშირ შემთხვევაში გაორებული, ჰიპოკრიზული პიროვნების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი – „საჯაროდ ვაღიარებ ტაბუს, ხოლო ჩუმად ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს“. საბოლოო ჯამში, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმის გაცნობიერებას, რომ ადამიანის ბუნებასთან (სექსუალობასთან) ჭიდილი და აკრძალვები უაზრო და უშედეგოა. ნელ-ნელა დასავლური ცივილიზაცია გათავისუფლდა გაორების კომპლექსისაგან და ხმამაღლა აცხადებს საკუთარი იდენტობის შესახებ. ეს არ იყო იოლი. პირიქით – საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა მათი საზოგადოებისათვის, მაგრამ გადაიტანეს. დღეს ადამიანები თავისუფლდებიან საკუთარი, დამთრგუნველი კომპლექსებისაგან და, საზოგადოების აგრესიის მიუხედავად, შინაგანად მშვიდდებიან – რადგან სიმართლით ცხოვრება ბევრად უფრო იოლია, ვიდრე სიცრუით. ამ კუთხით, დღევანდელი საზოგადოების ყოვლისმომცველი სიბნელიდან გამოსვლის ერთადერთი  გზა მხოლოდ განათლებაა და კიდევ – კანონის უზენაესობა, რომლის უხეში და დაუსჯელი დარღვევის მოწმეები ყველა ჩვენ, ანუ ქართული საზოგადოება გავხდით.


პროგრამული სექსოლოგიური განათლება

 

მიუხედავად იმისა, რომ, ყველა დაინტერესებულ პირს, თუნდაც ინტერნეტის მეშვეობით ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება და შესწავლა შეუძლია, საჭიროდ მიმაჩნია მუდმივი პროგრამული განათლება სექსოლოგიის სფეროში, რომელშიც ჩაერთვებიან ჩვენი ქვეყნის წამყვანი ბიოლოგები, მედიკოსები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები და უფროსკლასელთათვის შექმნიან თანამედროვე, მოკლე, მაგრამ მოცულობით სასწავლო პროგრამას. საჭიროა მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება – სტატისტიკისა და ეპიდემიოლოგიის მათ მონაცემებზე დაყრდნობა, არა იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში სექსი არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ამის სტატისტიკა უბრალოდ არ გვაქვს.

 

ადამიანი ბიოლოგიურად და სოციოლოგიურად  ყველა ქვეყანაში იდენტურია; ამიტომ კონკრეტული ქვეყნის გამოცდილება სხვებისთვისაც გამოსადეგია. იმის მტკიცება, რომ ჩვენ განსაკუთრებული ერი ვართ და არ გვახასიათებს ის, რაც ყველას, მხოლოდ ილუზიაა, რომელიც, საბოლოო ჯამში, დამღუპველ ისტორიულ ჩიხში მიგვიყვანს. მსგავს პროგრამებში ჩვენი მეცნირების ჩართვისას, ჩემი აზრით, ეთნიკური და კულტუროლოგიური თავისებურებების გათვალიწინებაც უნდა მოხდეს. ამით თავიდან ავიცილებდით სხვათა მიღწევების კალკირებას, რაც ჩვენს სინამდვილეში საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე. განათლებაში არ უნდა არსებობდეს ტაბუირებული თემები, მით უმეტეს, სექსუალურ განათლებაში. ყველა დასმულ კითხვაზე უნდა არსებობდეს სწორი და ამომწურავი პასუხი. მინდა გითხრათ, ეს პასუხები უკვე არსებობს მსოფლიო მეცნიერების უამრავ აღიარებულ ნაშრომში. ადამიანის უმეცრების ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია: „რაც მე არ ვიცი, ის არ არსებობს“.  მაგრამ რაც  ვითომ არ არსებობს, მაგრამ ხედავ – გაშინებს. ამიტომ უნდა იცოდე ის, რაც შენ გვერდით არსებობს. და თუ იცი, რომ რეალურად არსებობს, უკვე აღარ გეშინია  და  რეალობასაც ადეკვატურად აღიქვამ. 

 

ცოტა რამ სექსოლოგიის შესახებ

 

დღევანდელ მსოფლიოში  დიდი რაოდენობის  მეცნიერული ლიტერატურა ქვეყნდება სექსოლოგიის სფეროში, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი ქართული თარგმანები თითქმის არ გაგვაჩნია. რაც არის, დაინტერესებული ვიწრო წრისათვისაა  ხელმისაწვდომი და გასაგები. იგივე შეიძლება ითქვას რუსეთზეც (რომელიც ამ კუთხით ბნელი და რეაქციულია). ასე რომ, მსგავსი ნაშრომების კითხვა მხოლოდ ინგლისურად ან სხვა ევროპულ ენებზეა შესაძლებელი. 

 

ყველაზე გავრცელებული განმარტების მიხედვით: „სექსოლოგია არის მეცნიერული დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ადამიანის სექსუალობის  ყველა გამოვლინებას – როგორც ნორმალური სექსუალობის დახასიათების მცდელობებს, ისევე სექსუალური პრაქტიკების  ცვალებადობებს (variability), ე.წ.პარაფილიების ჩათვლით (ანუ, ე.წ. სექსუალურ დევიაციებს). თანამედროვე სექსოლოგია მრავალდარგოვანი კვლევების სფეროა, რომელშიც გამოიყენება ისეთი მოსაზღვრე დისციპლინების  მეთოდები, როგორიცაა ბიოლოგია, მედიცინა, ფსიქოლოგია, სტატისტიკა, ეპიდემიოლოგია, პედაგოგიკა, სოციოლოგია, ანთროპოლოგია და ხანდახან კრიმინალისტიკაც. ის სექსუალობის და სექსუალური კონტაქტების განვითარებას, სქესობრივი აქტების ტექნიკასა და სქესობრივი სფეროს აშლილობებს სწავლობს.“ 

 

აღსანიშნავია, რომ სექსოლოგია არის აღწერითი და არა დანიშნულებითი დისციპლინა. ის  რეალობის გარკვეული ასპექტების დოკუმენტირებას ცდილობს და არ განსაზღვრავს (precept) რომელი ქცევა იქნება რელევანტური, ეთიკური თუ ზნეობრივი. სექსოლოგია ხშირად გამხდარა დავის საგანი მის მომხრეებსა და მათ შორის, ვინც თვლის, რომ სექსოლოგია ხელჰყოფს ადამიანის ცხოვრების საკრალურ საფუძვლებს, ან მათ, ვისი ფილოსოფიური ხედვაც  ეჭვქვეშ აყენებს სექსოლოგების პრეტენზიებს ობიექტურობასა და ემპირიულ მეთოდოლოგიაზე.

 

ინტერესი სექსის მიმართ ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობა. არსებობს რამოდენიმე უძველესი ნაშრომი სექსის ხელოვნების შესახებ. ესენია: ოვიდიუსის  „სიყვარულის ხელოვნება“( Ars  Amatoria), ვატსიაიანას  „კამა სუტრა“ და არაბული „გრძნობითი ტკბობის სურნელოვანი ბაღი“. მაგრამ ისინი მხოლოდ აღწერილობით შემოიფარგლებიან  და არა სისტემური ან კვლევითი მიდგომოთ. სექსუალური დევიაციების და პერვერსიების აღწერისა და განზოგადების პირველი  მცდელობა  მარკიზ დე სადს ეკუთვნის მე-18 საუკუნის ბოლოს. იგი ღიად აცხადებდა ადამიანის  სექსულური ქცევის თავისუფალი არჩევანის უფლების დაცვის შესახებ. ყველაზე ადრეულ მეცნიერულ კვლევად სექსოლოგიის სფეროში რიჰარდ ფრაიჰერ ფონ კრაფტ-ებინგის 1866 წელს გამოცემული „Psychopathia Sexualis” მიიჩნევა, რომელშიც აღწერილი იყო გამაოგნებელი სექსუალური ანომალიების მთელი სპექტრი. მეოცე საუკუნის დასაწყისში ზიგმუნდ ფროიდმა განავრცო სექსუალობის თეორია, რაც მისი პაციენტების კვლევების შედეგებს ეყრდნობოდა. 1908 წელს მაგნუს ჰირშფელდმა დაიწყო „სექსოლოგიური ჟურნალის“ გამოცემა, ხოლო 1918 ბერლინში სექსოლოგიის ინსტიტუტი დააარსა, სადაც ის სქესობრივი ურთიერთობების სამედიცინო, ეთიკურ და იურიდიულ პრობლემებს იკვლევდა, მათ შორის ისეთებს, როგორიც იყო ჰომოსექსუალიზმი, შობადობის კონტროლი და სხვა. 1928 წელს მან ჩამოაყალიბა „სექსუალური რეფორმების საერთაშორისო ლიგა“, მაგრამ როდესაც ნაცისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ, ერთ-ერთი პირველი, რაც მათ გააკეთეს, ამ ინსტიტუტის განადგურება და მისი ბიბლიოთეკის დაწვა იყო.

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სექსოლოგიური კვლევების ცენტრმა ამერიკაში გადაინაცვლა. 1947 წელს ინდიანის უნივერსიტეტში ბიოლოგმა ალფრედ კინსიმ დააფუძნა სექსუალური კვლევების ინსტიტუტი, რომელიც დღესაც მის სახელს ატარებს. ის სპეციალობით ენტომოლოგი გახლდათ, მაგრამ ამ დარგში რიგი აღმოჩენების შემდეგ, ადამიანის სექსუალობით დაინტერესდა. მისი თანამშრომლების მიერ ჩატარებული კოლოსალური კვლევების შედეგად, რასაც  ძირითადად ინტერვიუებისა და ანონიმური ანკეტირების სახე ჰქონდა, აღიწერა და განზოგადდა სექსუალური პრაქტიკები, მოხდა სექსუალური ორიენტაციის უწყვეტი ხასიათის წარმოდგენების კონცეპტუალიზაცია. ჩატარებულმა კვლევებმა დაგვანახა, რომ საზოგადოებრივი მორალის მიერ დადგენილ ე.წ. სექსუალურ ნორმას   ადამიანთა მნიშვნელოვანი რაოდენობა არღვევს; ნორმათა დამცველები კი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უმცირესობაში   არიან. მისმა ნაშრომებმა – „მამაკაცთა სექსუალური ქცევა“ (1948) და „ქალთა სექსუალური ქცევა“ (1953) იმდროინდელი ამერიკის პურიტანულ  საზოგადოებაში დიდი მიწისძვრის ეფექტი გამოიწვია. ხალხი და მედია პროტესტის მოძრაობამ მოიცვა, კატეგორიულად მოითხოვდნენ შეწყვეტილიყო ამ კვლევების დაფინანსება, მაგრამ როკფელერის ფონდმა, მიუხედავად საზოგადოებრივი ზეწოლისა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო –  პროექტი გაგრძელდა. კინსიმ, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, საზოგადოებას უთხრა სიმართლე, დაანახა ის, რის დანახვასაც საზოგადოება შეგნებულად გაურბოდა. ალბათ სწორედ ამის შედეგი გახლდათ მოგვიანებით, 60-70-იანი წლების დასავლური ქვეყნების ე.წ. სექსუალური რევოლუციები. „კინსის ანგარიშებში“, წარმოდგენილი  ცხრილის მიხედვით,  გამოკითხულთა პროცენტული რაოდენობა  შემდეგნაირად აისახა:

რეიტინგი

აღწერილობა

0

ექსკლუზიურად ჰეტეროსექსუალი

1

ძირითადად ჰეტეროსექსუალი, მხოლოდ შემთხვევით ჰომოსექსუალი

2

ძირითადად ჰეტეროსექსუალი, მაგრამ მეტად,ვიდრე შემთხვევით ჰომოსექსუალი

3

თანაბრად ჰეტეროსექსუალი და  ჰომოსექსუალი

4

ძირითადად ჰომოსექსუალი, მაგრამ მეტად, ვიდრე შემთხვევით ჰეტეროსექსუალი

5

ძირითადად ჰომოსექსუალი , მხოლოდ შემთხვევით  ჰეტეროსექსუალი

6

ექსკლუზიურად ჰომოსექსუალი

 

 

  • მამაკაცები:  თეთრი რასის  მამაკაცების 11.6% 20 წლის ასაკიდან  35 წლამდე მათი ცხოვრების ამ პერიდში შეფასდნენ რეიტინგით – 3. კვლევებმა გამოავლინა, რომ ამერიკელ გამოკითხულ მამკაცთა 10% იყვნენ მეტ-ნაკლებად ექსკლუზიურად ჰომოსექსუალები მინიმუმ 3 წლის განმავლობაში 15-დან 55 წლის ასაკამდე. (რეიტინგით 5-სა 6 შორის) და ა.შ.
 
  • ქალები: მარტოხელა ქალების 7% – 20-დან 35 წლამდე ასაკში და განათხოვარი და შემდეგ გაყრილი ქალების 4% იგივე ასაკობრივ ჯგუფში მათი ცხოვრების აღნიშნულ პერიოდში შეფასდნენ რეიტინგით 3. იგივე ასაკობრივი ჯგუფის ქალების 2-დან 6 %-მდე შეფასდნენ 5 რეიტინგით, ხოლო იგივე ასაკის ქალების 1-დან 3 -მდე შეფასდნენ რეიტინგით 6. უამრავი მსგავსი დასკვნა გაკეთდა ციფრობრივად გამოსახული მასალით, რომელთა მოყვანითაც თავს აღარ შეგაწყენთ. მათი მოძიება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ინტერნეტის მეშვეობით.

 

გასული საუკუნის 60-იან წლებში გამოვიდა უილიამ მასტერსისა და ვირჯინია ჯონსონის ნაშრომი „ადამიანის სექსუალური რეაქცია“ (Human Sexual Response, 1966), რომელიც იმთავითვე ბესტსელერად იქცა. 1978 წელს მათ კვლევითი ინსტიტუტი დააარსეს, სადაც  მოხალისეთა მონაწილეობით სქესობრივი კვლევების ექსპერიმენტულ მეთოდებს იყენებდნენ. ფრიც კლეინმა შეიმუშავა სექსუალური ორიეტაციის შეფასების მატრიცა – კომპლექსური სექსუალური ორიენტაციის დეტალური აღწერის მრავალგანზომილებითი სისტემა, რომელიც კინსის ერთგანზომილებიანი სისტემისაგან განსხვავებით, ცხოვრების ცალკეული პერიოდების განმავლობაში (ადამიანების სოციალური და ემოციური ორიენტაციების გათვალისწინებით), სექსუალური ორიენტაციის და იდენტურობის  შვიდი სხვადასხვა ვექტორისა და ცვლილებების განსაზღვრის  საშუალებას იძლეოდა. 1978 წელს კლეინმა გამოსცა ადამიანებში ბისექსუალობის, როგორც არსებული რეალობის, ნოვატორული, ფსიქოლოგიური კვლევების ნაშრომი „ბისექსუალობის არჩევანი“ (The Bisexual Option), ხოლო 1978 წელს დააარსა ამერიკის ბისექსუალობის კვლევის ინსტიტუტი. 

 

კინსის ცხრილი ამგვარი კლასიფიკაციის პირველი მცდელობა იყო მსოფლიოში, დღესდღეობით კინსის, შტორმისა და კლეინის შეფასების ცხრილების გარდა არსებობს 200-მდე სხვა მეცნიერთა მოწოდებული ცხრილები, რომლებშიც გათვალისწინებულია ისეთი მოცემულობები, როგორიცაა მასკულინიზმი, ფემინურობა, ტრანსექსუალიზმი, ასაკობრივი ცვალებადი სექსუალური ქცევები დროის სხვადასხვა პერიოდებში  და სხვა. სექსოლოგიაში გამოიყენება კვლევის ისეთი მეთოდები, როგორიცაა:

 

  • ანონიმური გამოკითხვები, ანკეტირებები და ინტერვიუები;
 
  • გამოკვლევის კლინიკური მეთოდები პაციენტების მკურნალობის პროცესში;
 
  • ექსპერიმენტები ცხოველებზე და ადამიანებზე მოხალისეთა მოწვევით;
 
  • უშუალო დაკვირვება და დოკუმენტური მასალების კვლევა;
 
  • სქესობრივ ურთიერთობების ამსახველი მხატვრული ლიტერატურის, ხელოვნების და მეცნიერული ნაწარმოებების ანალიზი და კვლევა.

    

აი, ის, რაც ძალზე მოკლედ და ზერელედ, სექსოლოგიის შესახებ მინდოდა მეთქვა.  

 

როგორც ზემოთ იხილეთ, ამდენი კვლევითი ცენტრებისა და უამრავი ლიტერატურის არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ სექსუალური უმცირესობები რეალურად არსებობენ და გვინდა ეს ჩვენ, თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არა, უნდა შევეგუოთ მათ არსებობას; აღვიქვათ როგორც ჩვენი საზოგადოების ნაწილი, როგორც არსებული რეალობა. მეცნიერული კვლევების ანალიზი ცხადჰყოფს – ექსკლუზურად ჰომოსექსუალ ადამიანთა რაოდენობა 10%-ს არ აღემატება. მათი პარტნიორების(რეგულარული თუ სიტუაციურ-შემთხვევითი) რიცხვი გაცილებით დიდია – 18-დან 20%-მდე,  ზოგიერთი კვლევებით – ცალკეულ ასაკობრივ ჯგუფებში – 23-24 %-მდეც კი. მარტივი არითმეტიკა გვიჩვენებს, რომ მათი დიდი რაოდენობა სწორედ ის ადამიანებია, ვინც საკუთარ თავს ჰეტეროსექსუალად მიიჩნევს და საზოგადოებრივი მორალის ზეგავლენით თავის ასეთ ქცევას გულმოდგინედ მალავს. თუ ამ პროცენტებს აბსოლუტურ ციფრებში გადავიყვანთ, რაოდენობა საკმაოდ  შთამბეჭდავი იქნება. ასე რომ, არაა გამორიცხული, ქვებით შეიარაღებულ ბრბოში  ასეთებიც  ყოფილიყვნენ წარმოდგენილი. ამბობენ, რომ ყველაზე დაუძინებელი საჯარო ანტისემიტები სწორედ სემიტური წარმომავლობის ადამიანები არიან. შესაბამისად, ჩვენებური ჰომოფობების გავეშებულ ბრბოში,  განსაკუთრებით აგრესიული ადამიანების ნაწილშიც, შესაძლოა, ე.წ. ლატენტური ჰომოსექსუალები ყოფილიყვნენ, რომლებიც ამ კომპლექსის შესანიღბად ყველაზე აქტიური ქმედებით გამოირჩევიან. სხვანაირად მიჭირს იმ აგრესიის ახსნა, რაც მე 17 მაისს  ვიხილე, რომლის მსგავსი ჩვენს მოსახლეობაში რუსეთის ინტერვენციის  დღეებშიც არ შემინიშნავს. თუმცა ამგვარი აგრესია მომხვდური მტრის, მკვლელის, მოძალადისა და მორადიორების მიმართ სრულიად ბუნებრივი იქნებოდა.

 

სწორი რეაქცია

 

დღევანდელი ქართული საზოგადოებრივი მორალის საილუსტრაციოდ გიორგი ლეონიძის გენიალური ნაწარმოები და შემდგომში არანაკლებ გენიალური მისი ეკრანიზაცია – „ნატვრის ხე“ გამოდგება. მიუხედავად იმისა, რომ მასში მოთხრობილი ამბავი თითქმის საუკუნის წინ მოხდა, ის, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია და გვიჩვენებს, როგორი ბოროტი, შეუბრალებელი და საშიშია საზოგადოებრივი ავტორიტებების მიერ მართული ბრბო, რომელიც თვითონ ამკვიდრებს ე.წ. სახალხო სამართალს (იგივე შარიათს). ამ დროს კი სახელმწიფო, თავისი უსუსურობის დემონსტრირებით, სრულიად კარგავს თავის ფუნქციას.

 

დღესავით ნათელია, რომ მნიშვნელობა არა აქვს, რა სახის უმცირესობა გაბედავს საზოგადოებრივი მორალის  დაუწერელი კოდექსის შებღალვას, გარკვეული საზოგადოებრივი ინსტიტუციები მუდამ მზად არიან ამ უმცირესობების ლინჩის წესით გასამართლებისათვის მართული ბრბო გამოიყვანონ ქუჩებში. ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ მთავრობის რეაქციები პოლიტიკურ – ოპოზიციურ ქუჩის დემონსტრაციების მიმართ. მაშინ რატომ არიან სახელმწიფო სტრუქტურები ასეთი სუსტები, როდესაც მათ ფუნქციას მართული ბრბო ასრულებს? რატომ არ იცავს ის თავის მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს, მათი ეთნიკური, რელიგიური თუ გენდერული კუთვნილების მიუხედავად, ისეთივე გულმოდგინებით, როგორც საკუთარს? საზოგადოებაში მაშინ იწყება არეულობა და ქაოსი, როცა სახელმწიფო სტრუქტურები არ ან ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და არ უზრუნველყოფენ კანონის უზენაესობას ნებისმიერი მოქალაქის მიმართ.

 

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს საკმაოდ ძლიერი ფსიქოლოგიური სკოლა გააჩნია, თავისი ტრადიციებით, თამამი, ნოვატორული კვლევებითა და აღიარებული მეცნიერული ნაშრომებით. ვფიქრობ, ისინი უნდა დაინტერსდნენ მომხდარი აგრესიის ფენომენით, ღრმად შეისწავლონ მისი მიზეზები და აქტიური საჯარო გამოსვლებით, ლექციებითა თუ მსგავსი აქციებით  პოზიტიურ კალაპოტში მიმართონ ადამიანებში დაგროვილი უარყოფითი ენერგია; პარალელურად, ადამიანებს საკუთარი პიროვნების ანალიზი და დადებითი მხარეების ძებნა უნდა ასწავლონ. საამისოდ ფსიქოლოგების მეტი აქტიურობა და მედიის თანადგომაა საჭირო.  

 

საზოგადოების განათლებული ნაწილი (საბედნიეროდ, ასეთები ჯერ კიდევ არიან), რომელიც, სამწუხაროდ, ასევე უმცირესობას წარმოადგენს და ლამის გენდერულ ჯგუფად ჩამოყალიბდეს, ძალიან სუსტად და გაუბედავად ეკამათება თავის ოპონენტებს – აგრესიული უმრავლესობის საჯარო გამოსვლებში კი მისხალი სინანულიც კი არ ჩანს; პირიქით, მათ ტონალობაში სამომავლო მუქარაც კი ჭარბობს. 

 

მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მხოლოდ განათლებულ უმცირესობას მიყავს ხალხიცა და ქვეყანაც ისტორიული პროგრესისა და უკეთესი მომავლისაკენ. ამიტომ მათი ხმები უფრო ხმამაღლა უნდა ჟღერდეს. ისინი უფრო მკაფიოდ უნდა აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას. პირადად ჩემში არანაირი უმცირესობა – არც სექსუალური, არც რელიგიური, არც ეთნიკური, არც კულტურული და რაიმე სხვა ნიშნით გამორჩეული –  გაღიზიანებას არ იწვევს. მათ მიმართ აგრესია სირცხვილიც არის აღმაშენებლისა და რუსთაველის ქვეყანაში. ჩვენი ქვეყანა ბევრად უფრო სერიოზული, მძიმე  გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დგას და ამ თემის  წინა პლანზე წამოწევა, სხვა თუ არაფერი, მთავარი პრობლემატიკის გადაფარვის მცდელობაა (ვის უნდა აწყობდეს ეს?). ადამიანებმა უნდა შეძლონ ყველანაირი მოვლენის როგორც უარყოფითი, ასევე, პოზიტიური მხარის დანახვა და შეფასება. ჩემთვის ფრედი მერკურის და ელტონ ჯონის (და მრავალ სხვათა) შემოქმედება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი პირადი ცხოვრება, რომელიც, მართალი გითხრათ, არც მაინტერესებს და არც უნდა მაინტერესებდეს, რადგან ეს მათი და არა ჩემი პირადი ცხოვრებაა.  

 

რაც შეეხება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას –  ვფიქრობ, სერიოზულად უნდა იმსჯელონ მომხდარის შესახებ და იქნებ დასკვნებიც  გააკეთონ. მღვდელმსახურებმა რამენაირად უნდა გაითავისონ, რომ მათი მისია „ცეცხლითა და მახვილით“ მასობრივი სიძულვილის გაღვივება კი არა, სიყვარულსა და შემწყნარებლობის ქადაგებაა ლოცვითა და გალობით.

 

ჩვენ უკვე მივიღეთ  სახელმწიფო კონსტიტუცია (სეკულარული სახელმწიფო, ადამიანის უფლებების დაცვა), მთავრობამ ღიად განაცხადა ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკისა და დასავლური კურსის შესახებ. ამიტომ ყველა მოქალაქე, ეთნიკური, რელიგიური, პარტიული თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად, ამ სახელმწიფოს კონსტიტუციას უნდა დაემორჩილოს. ყველამ, ვინც  კონსტიტუციას ხელყოფს (პოლიტიკოსების ჩათვლით), პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე: აგრესიული დარბევები, მრავალფეროვანი კლოუნადები მეფე-რაინდობანას თამაშითა თუ თეატრალურ რეკვიზიტში გამოწყობილთა მსვლელობებითა და დებატებით სახელმწიფო წყობის შესაცვლელად, საბოლოო ჯამში, კონსტიტუციასაც აზარალებს და ჩვენს საერთაშორისო იმიჯსაც.

 

ყველაფერი, რაც ბოლო დროს ჩვენს სოციუმში  ხდება – (ტელეგამოკითხვებით დადასტურებული საზოგადოებრივი  უმეცრების მაღალი მაჩვენებლის ფონზე), ლოკალური ნაციონალიზმით  გაჯერებულ პროვინციალიზმსა და ისტორიულ ჩამორჩენილობას ასახავს. ეს კი ჩემთვის მეტად სამწუხაროა, რადგან ეს ჩემი სამშობლოა, უძველესი ისტორიით, მდიდარი ეპოსითა და ტრადიციებით,  და მინდა, რომ ის ერთ-ერთი მოწინავე, განვითარებული  და თანამედროვე ქვეყანა იყოს მსოფლიოს თანამეგობრობაში. 

 

მე წინასწარ ვგრძნობ ჩემი ოპონენტების მძვინვარე რეაქციას, ამიტომ აქვე ვაცხადებ: არავისთან არანაირ პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებ და არც მათი უსუსური არგუმენტები მაინტერესებს, რომლებიც მრავლად მოვისმინე ამ თვეების მანძილზე. მე წყვდიადს სინათლე მირჩევნია,  სიცივეს – სითბო, უწესრიგობას – წესრიგი, უკანონობას – კანონიერება, ომს – მშვიდობა, ბოროტებას – სიკეთე, უსაქმურობას – საქმიანობა, სიბინძურეს – სისუფთავე, სიძულვილს – სიყვარული  და საერთოდ, მტკიცედ მწამს ჰუმანური ღირებულებების, ამ პოზიციაზე ვდგავარ და ვერ წარმომიდგენია ჩვენი ქვეყნის მომავალი ამ ღირებულებების გარეშე.

მასალების გადაბეჭდვის წესი