კომენტარი

ზვიად ქორიძე: პატრიარქი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ არჩევანს, საქართველოს პროგრესს

4 დეკემბერი, 2013 • • 2377
ზვიად ქორიძე: პატრიარქი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ არჩევანს, საქართველოს პროგრესს

ბატონო ზვიად, თქვენ ჩართული იყავით თვითმმართველობის კოდექსის განხილვებში. როგორ შეიძლება შეფასდეს საქართველოს პატრიარქის დღევანდელი განცხადება, რომ “ეს თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისაკენ, დარღვევისაკენ?”

 

პროცესს ასე უნდა შევხედოთ,- მე, ამ ქვეყნის მოქალაქეს, მჭირდება თუ არა თვითმმართველობა, რაში მჭირდება თვითმმართველობა, რას ნიშნავს მეტი დეცენტრალიზაცია, მეტი თავისუფლება, მეტი ადგილობრივი დემოკრატია, მეტი არჩევითობის უნარი. ეს არის მნიშვნელოვანი. ეს უნდა გავაცნობიერო მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ. ეს უკვე თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა ხდება ძლიერი ქვეყანა, თვითმმართველობა თუ არის ძლიერი, მაშინ ქვეყანა არის ძლიერი. ეს არის ყველაზე მარტივი ფორმულა. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ჩემთვის თვითმმართველობის კოდექსი. ბევრი სამოქალაქო ჯგუფი უჭერდა მას მხარს, და ამიტომაც იყო ის იმედის მომცემი. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ამ გუნდის იდეური ლიდერია, იმის მიუხედავად, რომ დღეს იგი აღარ არის ხელისუფლებაში, ცალსახად დაუჭირა კანონპროექტს მხარი. 

 

წარმოვიდგინოთ, როდესაც ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი მხარს უჭერს თვითმმართველობის კოდექსს, მმართველი კოალიციის იდეური ლიდერი უჭერს მხარს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე უჭერს მხარს, თავისთავად ჩნდება კითხვა, ვინ არის ის, ვინც არ უჭერს მხარს. და კითხვა დავსვათ ასე, რას არ უჭერს მხარს? არ უჭერს მხარს კონკრეტულ კოდექსს? იმას, რომ საქართველოში იყოს პირველადი დემოკრატია ძლიერი, არჩევითი დემოკრატია ძლიერი, ევროპული დემოკრატია ძლიერი? ყველა ის ჯგუფი, ის ადამიანი, ვინც დღეს უპირისპირდება დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონმდებლობას, ვინც უპირისპირდება ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას, თვითმმართველობის კოდექსს და ა.შ. ყველა ეს ადამიანი, აქვს თუ არა ეს მას გაცნობიერებული, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ არჩევანს, საქართველოს პროგრესს. ამიტომაც იყო ჩემთვის პატრიარქის განცხადება შემაშფოთებელი, რომელმაც სწორედ საქართველოს პროგრესის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება, ევროპული არჩევანის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება. ეს ძალიან სახიფათოა.

 

მიმაჩნია, ეს არის სფერო, სადაც ეკლესია არ უნდა შედიოდეს, ეს არის საერო ცხოვრების სფერო, სამოქალაქო ცხოვრების სფერო. სრულიად თავისუფალი უნდა იყოს ადამიანი, რომ მან გააკეთოს უპირატესი არჩევანი თავისი კეთილდღეობის სასარგებლოდ, და დემოკრატია ეს არის ადამიანის კეთილდღეობა, ის არ არის სახელწმიფოს კეთილდღეობა, და მე ასე მაქვს წარმოდგენილი, რომ არ არსებობს სამყაროში რელიგია, რომელიც ადამიანის კეთილდღეობას ეწინააღმდეგება. სამწუხაროდ, ჩვენს სინამდვილეში ეს მოხდა. 

 

ეს არ არის თემა, რომელზეც ჩვენ უნდა თავი შევიკავოთ, ან მორიდებით ვისაუბროთ. დღეს ეკლესიის მეთაური შევიდა ადამიანის საერო ცხოვრების ფუნდამენტურ საკითხში და ეს უნდა შევაჩეროთ. მას უნდა ვუთხრათ, რომ ეს არ არის თქვენი სფერო, ეს არ არის სულიერი სფერო. და კერძო მოქალაქეებმა, საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და ორგანიზაციებმა რაც შეიძლება მკაფიოდ უნდა გამოხატონ საკუთარი პოზიცია დღეს. 

 

თქვენი აზრით, რა საფუძველი ჰქონდა პატრიარქს რომ ეთქვა,  “თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს დაშლისკენაა მიმართული?”

 

არანაირი რაციონალური საფუძველი პატრიარქის განცხადებას არა აქვს. ეს კოდექსი, თუ მას ვინმე კარგად იცნობს, არანაირად არ ითვალისწინებს საქართველოს დაშლას, ის ითვალისწინებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მექანიზმების შექმნას.

 

ჩვენ ძლივს მივიღეთ ასეთი კოდექსი, მივედით იმ ზღვრამდე, როდესაც ეს კოდექსი ხელშესახებად უკვე მისაღები ხდება. ამ დროს კი ეკლესიის ჩარევა არის გონზე ძალადობა, თავისუფალ ნებაზე ძალადობა. ეს არის ირაციონალური მიდგომა. ის, რაც რელიგიურ ცხოვრებაში შეიძლება ეფუძნებოდეს ირაციონალურ გაგებას, ადამიანის უფლებებში, საზოგადოების განვითარებაში, ირაციონალურ მომენტებს ვერ დაეფუძნება. 

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი განცხადებები არის პროგრესის საწინააღმდეგო განცხადებები. ჩვენ ყველა თვითმმართველობა დავკარგეთ, დავკარგეთ სკოლების თვითმმართველობა, ადგილობრივი თვითმმართველობების მთელი ეტაპები, 1998-ში, 2006-ში. დღეს პრაქტიკულად ნულიდან გვიწევს ამის კეთება და ამ დროს ჩვენ ვიგებთ ასეთ განცხადებებს. 

 

მიმაჩნია, რომ ეს არის საკმაოდ სახიფათო ტენდენცია და იმედი მაქვს, რომ საქართველოს ეკლესიის მეთაურს ეყოფა გამბედაობა და ის გადააფასებს ამ შეხედულებას, რომელიც დღეს მან შესთავაზა მრევლს, და ეს არ არის მისი საბოლოო გადაწყვეტილება და საბოლოო ხედვა მისი, რომ ეს არის ერთ-ერთი მოსაზრება, რომელიც ეკლესიაში არსებობს, და ის ძალიან მკაფიოდ იტყვის ამას. იმიტომ, რომ თუ მან ეს არ გააკეთა, ეს ნიშნავს იმას, რომ ის სათავეში უდგება საქართველოს ანტიევროპულ მოძრაობას. 

 

თუკი მან ასეთი განმარტებითი განცხადება აღარ გააკეთა, იქონიებს თუ არა გავლენას მისი დღევანდელი განცხადება კოდექსის მიღებაზე?


ეს განცხადება, რა თქმა უნდა, იქონიებს გავლენას კოდექსის მიღებაზე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამდენად დიდია მისი გავლენა მოქალაქეების ცხოვრებაზე და ძალიან სახიფათოა, როდესაც ეს გავლენა იჭრება მოქალაქეების პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში და პრაქტიკულად ჩვენ შეიძლება მივიღოთ ახალი ტიპის ეკლესიური ავტორიტარიზმი ქვეყნაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი