კომენტარი

რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან

3 დეკემბერი, 2013 • • 1349
რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან

ამ საკითხზე “ნეტგაზეთი” “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” ერთ-ერთ დამფუძნებელს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილე ელენე ხოშტარიას ესაუბრა:


ქალბატონო ელენე, უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება უპრობლემოდ შეძლო, თუმცა ზეწოლა რუსეთის მხრიდან დაიწყო ხელშეკრულების ხელმოწერამდე რამდენიმე თვით ადრე, რის შედეგადაც უკრაინამ აღარ მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რაც დაგეგმილი იყო ვილნიუსის სამიტზე. როგორ განვითარდება მოვლენები ამ კუთხით საქართველოში?

ის, რომ უკრაინაზე ზეწოლა მოხდა ხელმოწერის წინ და პარაფირებას მსგავსი არაფერი მოჰყოლია, ეს გამოწვეულია არა ხელმოწერის პროცესის დრამატულობით და არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი უშუალოდ ხელმოწერის დროს აქტიურდება, არამედ იმით, რომ რუსეთმა ერთგვარი სიმყარე იგრძნო საერთაშორისო ასპარეზზე. რუსეთმა ჩათვალა, რომ დღეს არის მომენტი, როდესაც ამის გაკეთება შეუძლია. ამის ნაწილობრივი მიზეზი არის იგივე ის, რომ საქართველოსთან 2008 წლის ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების შეუსრულებლობა მეტნაკლებად გასდის, იგივე სირიის მომენტი, ანუ საერთაშორისო ვითარებამ განსაზღვრა რუსეთის თვითრწმენა და ვილნიუსის სამიტის წინ ამ პროცესებში აქტიურად ჩაერია.

კარგად უნდა გვესმოდეს მიზეზ–შედეგობრივი კავშირი. ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა გვიფუჭდება არა იმიტომ, რომ არჩევანს ვაკეთებთ ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის. რუსეთისგან ზეწოლა და საფრთხე მომდინარეობს ყველა იმ მომენტში, როდესაც კრემლი ხედავს, რომ ამ რეგიონში გავლენის მისი “ექსკლუზიური” უფლება მცირდება და ჩვენი თავისუფლების და კეთილდღეობის მომტანი პროცესები მიმდინარეობს: იქნება ეს ნატო, ევროკავშირი, ამერიკის გააქტიურება თუ სხვა. ანუ რუსეთი ეწინააღმდეგება პოზიტიური პროცესების გავრცელებას რეგიონში, რაც ზღუდავს მის გავლენას და იმპერიალისტურ ამოცანებს უშლის ხელს. მოსაზრება, რომ ჩვენ ევროკავშირის ან ნატოს გამო გვიფუჭდება რუსეთთან ურთიერთობები, არასწორია. სინამდვილეში, თავისუფლების და კეთილდღეობის გამო გვიფუჭდება რუსეთთან ურთიერთობები.

ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

რა პროცესების განვითარებას ელით ხელშეკრულების ხელმოწერამდე, რაც, სავარაუდოდ, 2014 წლის შემოდომაზე მოხდება?

გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინასთან მიმართებაში რუსეთმა მეტნაკლებად წარმატებას მიაღწია და ვილნიუსის სამიტისთვის ჩრდილის მიყენება შეძლო, ამის შემდეგ საქართველოზე გადმოერთვება, თან, მით უმეტეს, ოლიმპიადა დასრულდება, შემდეგი წლის შემოდგომაზე ნატოს სამიტიც არის დაგეგმილი და ეს წელიწადი მართლაც იქნება რთული, მაგრამ სიტუაციის დრამატიზება საჭირო არ არის.

პირველ რიგში, გავლენის სფერო და ბერკეტები რუსეთს გაცილებით ნაკლები აქვს ჩვენთან მიმართებაში, ვიდრე ოდესმე ჰქონია – ენერგეტიკული, ეკონომიკური თუ იდეოლოგიური თვალსაზრისით. მეორე, ევროპის მზაობა და ამ პრობლემის გააზრება ახლა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე – ოდესმე. პარაფირება ხომ სიმბოლური აქტია, მაგრამ ამ პროცედურით ჩვენი ევროპასთან დაკავშირების ინსტიტუციონალიზაცია მოხდა და, ბუნებრივია, რომ ევროპელების ჩვენს პრობლემებში ჩართვის ხარისხი იქნება ბევრად უფრო მაღალი. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც შეაჩერებს რუსეთის ამბიციურ ქმედებებს ამ რეგიონში.

უფრო კონკრეტულად რომ გავაანალიზოთ საფრთხეები, რას შეიძლება საქართველო ელოდოს რუსეთისგან: მავთულხლართების პროცესი, მორიგი ემბარგო?

გეტყვით, რა არის უფრო სავარაუდო და რა – ნაკლებად სავარაუდო, მაგრამ რუსეთის ყველა ნაბიჯზე ჩვენ შეგვიძლია, რომ გვქონდეს ადეკვატური პასუხი. ყველაზე მარტივიდან რომ დავიწყოთ, რუსეთის გადმოსახედიდან, ეს არის მავთულხლართების და ოკუპაციის თემა, თუმცა აქ რუსეთს უკვე ყველაფერი აქვს გაკეთებული, რაც იდეაში შეიძლებოდა გაკეთებინა, ოკუპაციით დაწყებული – აღიარებით დამთავრებული. ამიტომ აქ რუსეთის ბერკეტები ძალიან შეზღუდულია. პლუს, ჩვენ აქ გვყავს ჩართული საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ჟენევის მოლაპარაკებები, ამიტომ რუსეთი არ არის ერთადერთი მოთამაშე ამ არეალში და მისი სივრცე ვერ იქნება უსაზღვროდ გაშლილი. ქართულმა მხარემ აქტიურად უნდა იმუშაოს იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება არ მოდუნდეს და პრევენცია მოხდეს… სხვათა შორის, პრემიერ–მინისტრი საუბრობდა ამაზე, რაც ძალიან სწორი მიდგომაა.

მეორე, რაც რუსეთს შეუძლია გააკეთოს, არის ეკონომიკური და ენერგეტიკული ბერკეტის ამოქმედება, თუმცა ენერგეტიკულად ჩვენ მათზე პრაქტიკულად არ ვართ დამოკიდებული. რაც შეეხება ეკონომიკას, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ახალი ემბარგოს დაწესება, მაგრამ მისი ეფექტი ძალიან დაბალი იქნება, რადგან ჩვენ რუსეთის ბაზარზე სათანადოდ წარმოდგენილი არ ვართ.

მე მგონია, რომ მათი სტრატეგია უფრო იდეოლოგიურ იარაღზე იქნება მიმართული, რომ პირიქით, ბაზარი გაგვიხსნეს, შეიძლება ვიზების გაუქმებაზეც ალაპარაკდნენ, ანუ შეეცდებიან, რომ უფრო პოზიტიურად მოგვაჩვენონ თავი და საზოგადოებრივ განწყობებზე გავლენა მოახდინონ… იტყვიან, რომ თქვენ ევროკავშირისგან სარგებელს ან მიიღებთ, ან- არა, და აი, ჩვენ გვთავაზობთ ამას და რაღაცას შემოგვთავაზებენ. ასე რომ, ემბარგო შესაძლოა არც შედიოდეს მათ ამოცანებში. მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეოლოგიურ საფრთხეს ბევრად ნაკლები გასაქანი აქვს საქართველოში, ვიდრე – უკრაინაში, სადაც ბევრი რუსულენოვანი მოქალაქე ცხოვრობს, ჩვენ მაინც კარგად მომზადებულები უნდა დავხვდეთ.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია. უნდა დასრულდეს ის არაერთგვაროვანი ხმები, რაც მოდიოდა ხოლმე კოალიცია “ქართული ოცნებიდან” და მე ამის იმედი მაქვს, რადგან ვხედავ, რომ ხელისუფლება ძალიან მკაფიოდ საუბრობს პროდასავლურ კურსზე. ამ იდეოლოგიურ ბერკეტსაც შეგვიძლია დავუპირისპიროთ მთავრობის მწყობრი და ფხიზელი პოლიტიკა.

ამ იდეოლოგიურ დისკუსიაში ვის შეიძლება დაეყრდნოს ქვეყნის შიგნით რუსეთი? თქვენ პოლიტიკურ სპექტრზე საუბრობთ, თუმცა იგივე საზოგადოებრივ სექტორში რა ტიპის ჯგუფებზე შეიძლება გააკეთოს ფსონი კრემლმა, ვინ უნდა გაახმოვანოს ის პოზიტიური მესიჯები, რაზეც თქვენ საუბრობთ?

პირველ რიგში, ამას ხელი არ უნდა შეუწყოს მთავრობამ, თუნდაც გაუაზრებლად. უმნიშვნელო, მინიატურულ მოვლენებს არ უნდა დავარქვათ პოზიტივი, მაშინ, როცა დიცსა და დვანში ასეთ მოვლენებს აქვს ადგილი. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. რაც შეეხება პოლიტიკურ სპექტრს, ჩვენ ვნახეთ, რომ იმ დასაყრდენის, რაც მათ აქვთ საქართველოში, რეიტინგი ლიმიტირებულია და, მით უმეტეს, თუ რუსეთის თემის მუსირებაზე გადავლენ აქტიურად, ძალიან გაუჭირდებათ პოპულარობის თვალსაზრისით. ამიტომ პოლიტიკურ სპექტრში მე ვერ ვხედავ სერიოზულ პოტენციალს ამ თვალსაზრისით.

მესამე მომენტი არის აგენტურული მუშაობის ინფილიტრაცია, იგივე სოციალურ ქსელებში მათი მუშაობა, ახლა ამაზე საუბარი ცოტა რთულია, რადგან ეს თვალსაჩინო პროცესი არ არის, მაგრამ მარტივი არც ეს თემა იქნება და მასაც სჭირდება სერიოზული ყურაღება, რადგან გამორიცხული არაა პროპაგანდის ელემენტები აქაც ვნახოთ, თუმცა მთავრობას და იგივე სამოქალაქო სექტორს ბევრად მეტი აქვს სათქმელი საზოგადოებისთვის, ვიდრე მათ, ანუ ბევრად მეტი პოზიტივია დასავლურ ინტეგრაციაში, ვიდრე რუსეთში. დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფალი კონკურენციის პირობებში აბსოლუტურად დამარცხებადია რუსეთის პროპაგანდა.

ერთმორწმუნოების თემის გამოყენებას ვერ შეძლებს რუსეთის მმართველი გუნდი?

მეოთხე განზომილება სწორედ ეკლესიაა, ჩემი აზრით. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ძალიან მაღალი რეიტინგით სარგებლობს დღეს ეკლესია. ვინც არ უნდა გითხრას, რომ სტალინი კარგი ადამიანი იყო, ძალიან რთულია ამ მოსაზრების დაცვა. ვინც არ უნდა გითხრას, რომ პუტინი არის ბრძენი, მე მგონია, რომ  საღი მიდგომით ძალიან რთული უნდა იყოს ამ მოსაზრების დაცვაც. ერთმორწმუნოების თემა ჩვენ საუკუნეების განმავლობაში უკვე გამოვლილი გვაქვს და ამაზე ძალიან ბევრიც გვაქვს სათქმელი. რეალურად რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩვენმა ეკლესიამაც იზარალა და ეს ერთმორწმუნეობა არის აბსოლუტურად ხელოვნური და არაფრის მომტანი თემა. აქაც ბევრია სათქმელი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეკლესია დღეს არის ძალიან გავლენიანი ინსტიტუტი და კითხვები მის როლთან დაკავშირებით რუსეთის თემაზე სენსიტიურია, ფრთხილად უნდა ამას მიდგომა, რადგან საფრთხე არსებობს.

სახელმწიფოს მოქმედება აქაც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, არავის უნდა ჰქონდეს ინდულგენცია კრიმინალური პასუხისმგებლობისაგან და როდესაც ეკლესიის წარმომადგენელი ან ნებისმიერი სხვა ვინმე იქცევა ცუდად, სახელმწიფომ ზღვარი უნდა აჩვენოს კარგად. იგივე მეჩეთის თემა იქნება ეს, თუ 17 მაისი, ძალიან მკაფიო ზღვარი უნდა გაავლოს კონსტიტუციასა და ეკლესიის მრწამსს შორის. ჩვენ არ ვართ რაღაც ბრმა საზოგადოება, რომელსაც ყველაფერს თავს მოახვევ. მე მგონია, რომ ამ დისკუსიაში აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვოს.

თქვენ თქვით, რომ ოკუპაციის თემასთან დაკავშირებით რუსეთის ბერკეტები შეზღუდულია, რადგან უკვე ყველაფერი აქვს გაკეთებული კრემლს ამ მიმართულებით, თუმცა ამ ერთი წლის განმავლობაში რაიმე სახის სამხედრო მოქმედების შესაძლებლობას გამორიცხავთ?

იმ პირობებში, როცა ოკუპირებული ხარ და ტანკი გიდგას შუა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არ შეიძლება რამის გამორიცხვა, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს,  როგორ მოქმედებს ხოლმე რუსეთი. თუ იგი ხედავს, რომ მის მოქმედებებს აქვს მაღალი პოლიტიკური ფასი, რა თქმა უნდა, ის ძალიან სერიოზულად აწონ–დაწონის, რა გააკეთოს. ჩემი აზრით, პირველ რიგში, გამოიყენებს ისეთ ბერკეტებს, რომელსაც ნაკლები პოლიტიკური ფასი აქვს, იდეოლოგიურს და პოლიტიკურს. სამხედრო ბერკეტები არის უკიდურესი ზომა, რომლის გამოყენებაც თავად რუსეთისთვისაც არ იქნება ადვილი. მოდით, ვთქვათ, რომ ასოცირების ხელშეკრულების ერთ–ერთ მიზეზი სწორედ აგვისტოს ომია. ჩვენი ინტეგრაციული პროცესის დაჩქარება სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომის მერე მოხდა. რუსეთს ესმის, რომ ამ ჭიდილში შესვლა მისთვისაც გარკვეულ ფასთან არის დაკავშირებული. ევროკავშირი ახლა უკვე ადგილზეა ამ პროცესებში მყარად ჩართული EUMM–ის სახით, ამიტომ რუსეთი საომარი მოქმედებების ინტენსიფიკაციას ადვილად ვერ მოახდენს, რადგან ამის ფასი იქნება ძალიან მაღალი. ჩვენ ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, რუსეთის ლანძღვაზე არ არის საუბარი, მაგრამ პრობლემებზე ლაპარაკი არ უნდა მოგვერიდოს, რადგან ეს საკითხი სულ უნდა იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში და, შესაბამისად, დასავლეთის ყურადღებაც არ მოდუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი