კომენტარი

ელჩი: არასწორი იქნება, თუ ქართული მხარე დაიკავებს პოზიციას, რომ ყაზახებმა არ იციან მათემატიკა

9 ოქტომბერი, 2013 • • 1514
ელჩი: არასწორი იქნება, თუ ქართული მხარე დაიკავებს პოზიციას, რომ ყაზახებმა არ იციან მათემატიკა

საქართველოში უცხოური ინვესტიციები დაცულია, მაგრამ არსებობს რიგი პრობლემები. მაგალითად, „ყაზტრანსგაზ თბილისში“ და ასევე, „ბითიეი ბანკში”. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს პრობლემები მოგვარდება. ეს საკითხი დაყენებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან. მათგან იყო გაცემული ზუსტი ბრძანებები.

 

რა პროცესები მიდის “ყაზტრანსგაზში“, როდის დაბრუნდება იქ ყაზახური მენეჯმენტი?

                           

მე ვესაუბრე ვიცე–პრემიერ კახა კალაძეს, მან მითხრა, რომ ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ კომპანიაში დაბრუნდეს ყაზახური მენეჯმენტი. მაშინვე დავუკავშირდი ასტანაში ჩვენს ხელმძღვანელობას და ვკითხე, რაშია პრობლემა. მათ მიპასუხეს, რომ ჩვენ არ ჩამოვდივართ ერთი მიზეზის გამო: ქართული მხარე ამბობს, რომ უნდა გადავიხადოთ ვალი – 40 მილიონი დოლარი. ეს არ არის სწორი მიდგომა. ქართულმა მხარემ 5 წლის წინ აიღო კომპანია მართვაში. თქვენ დათვალეთ, ხუთი წლის განმავლობაში ქართულმა მხარემ რამდენი ფული გამოიმუშავა. ბიზნესი ნებისმიერ ქვეყანაში ითვლის თითოეულ კაპიკს.

 

თუ ქართული მხარე დაიკავებს ასეთ პოზიციას, რომ ყაზახებმა არ იციან მათემატიკა, ელემენტარულად, და არ იციან რა არის 40 მილიონი დოლარი, ეს იქნება არასწორი. ხანდახან იქმნება ისეთი შეგრძნება, რომ რადგან ყაზახეთს აქვს ნაციონალურ ფონდში 100 მილიარდი დოლარი, შეუძლიათ ეს 40 მილიონი „ჩამოკიდონ“ ქვეყანას. ასეთი მიდგომები არ შეიძლება. ასტანაში „ყაზტრანსგაზის“ ცენტრალურ ოფისს ასეთი დამოკიდებულება აქვს, რომ ხელოვნურად შექმნილ ვალს არ „აიკიდებენ“. მათი მიზანია არ გამწვავდეს ორმხრივი ურთიერთობები. საქართველოს იგივე მიდგომები აქვს ყაზახეთის ვალთან დაკავშირებით.

                           

საქართველო ყაზახეთის საგარეო ვალს არ იხდის?

                           

საქართველოს ვალი ყაზახეთის წინაშე 55 მილიონი დოლარია. მე, უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ როცა 2005 წელს შედგა ყაზახეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, მაშინ საქართველომ აიღო ვალი ყაზახთისგან 25 მილიონი დოლარი. 2005 წლის და 2013 წლის დოლარს შორის განსხვავებაა. ეს ყველაფერი დათვლადია. ამიტომ მუშაობენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში პასუხისმგებელი თანამშრომლები. მხარეებს შორის 6 თვის წინ მიდიოდა ინტენსიური მოლაპარაკებები. ქართული მხარე ამბობდა, რომ ვალი არის 40 მილიონი დოლარი, ხოლო ყაზახური მხარე აცხადებდა, რომ ვალი 55 მილიონი აშშ დოლარია. ეს საკითხი არის მოლაპარაკების საგანი.

                         

თუ არის გაწერილი ვადები, როდის უნდა დააბრუნოს ქართულმა მხარემ ვალი?

                          

თუ საქართველო ვალს დაგვიბრუნებს ხვალ, ჩვენ მადლობელი ვიქნებით. თუ დააბრუნებს 31 დეკემბერს, ახალი წლისთვის, ეს საერთოდ მშვენიერი იქნება. პროცესი მიდის და მინისტრები ხაზზე არიან. მე ვიცი, რომ საქართველოს ფული აქვს. რაც შეეხება ევროკავშირს და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებს, საქართველო ვალს ყოველთვის უბრუნებს. მე, როგორც ელჩი, ქართულ მხარეს მოვუწოდებ ნორმალური, ეფექტური ურთიერთობებისაკენ. მე არ ვახდენ მდგომარეობის დრამატიზებას. ვფიქრობ, რომ საქართველო არის პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო. საქრთველო მე-6–7 ადგილზეა საინვესტიციო კლიმატის მხრივ. ყაზახეთი თავის აქტივებზე, რომელიც განთავსებულია საქართველოში, არ ნერვიულობს. მე შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მითხრა, რომ ყაზახეთის ყველა აქტივი საქართველოში დაცულია.

 

ბითიეი ბანკთან“ დაკავშირებით ყაზახეთს სასამართლო დავა აქვს. როგორ მიდის პროცსი ახლა?

                           

პრობლემა ასეთია: სახელმწიფო დამნაშავე მურაზ აბლიაზოვმა, რომელიც დიდი ბრიტანეთის სასამართლომ გაასამართლა, საფრანგეთის ციხეში ზის. ყაზახეთშიც მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 2005–2006 წლებში მან რამდენიმე მილიარდი დოლარი ისესხა რუსეთის, გერმანიის და ბრიტანეთის ბანკებიდან. აქედან, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე საქართველოში მოხვდა. აქ გაიხსნა „ბითიეი ბანკი–საქართველო“. ამ ფულით აშენდა სასტუმრო „რედისონი“ თბილისში და ბათუმში. ასევე, აშენდა რიგი სხვა ობიექტები. ეს ფული ამ დრომდე ვალად ადევს ყაზახურ „ბითიეი ბანკს“, უფრო კონკრეტულად, ცენტრალურ ბანკს, რომელიც არის ყაზახეთში. 


„ბითიეი საქართველოს“ წარმომადგენლებმა უსამართლოდ ჩაიგდეს ხელში ბანკის საკონტროლო პაკეტი. ამიტომ ეს არის სასამართლოს განხილვის საკითხი. „ბითიეი–საქართველოს“ აქციების 49 პროცენტს ამ დრომდე ყაზახური მხარე ფლობს, 20 პროცენტს ფლობდა „სილქროუდ ჯგუფი“, დანარჩენი კი ორ ოფშორულ კომპანიას ეკუთვნოდა. ყაზახურ მხარეს არ შეატყობინა და „სილქროუდ ჯგუფმა“ ისე გამოისყიდა ოფშორული კომპანიების აქციები და გახდა საკონტროლო პაკეტის მფლობელი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ როცა იყიდება აქციები, მას ჯერ იმას სთავაზობენ, ვისაც დიდი წილი აქვს. თუ ყაზახურ მხარეს შესთავაზებდნენ, ის წილს ერთ დღეში გამოისყიდდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ნებისმიერი სასამართლო უკანონოდ შეაფასებს ქართული კომპანიის მოქმედებას. საქართველოს სასამართლო ქართულ კომპანიას უჭერს მხარს. ყაზახეთში ყაზახური მხარეა გამარჯვებული. ამიტომ საქმეს განიხილავს საერთაშორისო სასამართლო: ეს ან შვედეთში მოხდება ან ჰოლანდიაში და, დარწმუნებული ვარ, იქ ნამდვილად გავიმარჯვებთ.


რაც შეეხება “ლიკანის გამაჯანსაღებელ ცენტრს“, თუ განახორციელებს ყაზახური მხარე ინვესტიციებს?

                           

ამ პროექტში ყაზახების მხრიდან 10 მილიონი დოლარი იყო ჩადებული და ჩვენი მენეჯერი ითხოვს კიდევ 15 მილიონს „ყაზმუნაი გაზისგან“. რამდენადაც მე მაქვს ინდორმაცია, ფული უკვე გამოყოფილია, ან მალე გამოიყოფა, იმისთვის, რომ დასრულდეს სასტუმროს მშენებლობა და კურორტის კეთილმოწყობა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს.


XXX

საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა, რომ მთავრობამ ჯერ კიდევ გაზაფხულზე მიიღო “თბილგაზის” ყაზახური მხარისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება, თუმცა მისი თქმით, პრობლემები უკავშირდება ვალების თემას:

 

“თვითონ ამ ქართულ კომპანიას აქვს ყაზახეთში დედა კომპანიის ვალი 140 მილიონი. ასევე, აქვს ფინანსთა სამინისტროს ვალი 35 მილიონი. ჩვენ გვაქვს ყაზახური სახელმწიფოს ვალი, სადღაც 35 მილიონი. ეს უნდა მოაგვაროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. არ ვიცი, მოხდება გაქვითვა თუ სხვა შეთანხმება ვალებთან დაკავშირებით. ჩვენ მიცემული გვაქვს უკვე თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ დაიბრუნონ ის კომპანია. ახლა არის დროებითი მმართველი და ვმართავთ ჩვენ. მზად ვართ გადავცეთ. ჩამოვა დელეგაცია და მზად ვართ არჩევნების მერე გადავცეთ და დაიბრუნებენ ამ კომპანიას”, – განაცხადა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი