კომენტარი

გია ვოლსკი: სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტი საკმაოდ ორაზროვან მდგომარეობაში ჩაგვაგდებს

7 ოქტომბერი, 2013 • • 1024
გია ვოლსკი: სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტი საკმაოდ ორაზროვან მდგომარეობაში ჩაგვაგდებს

რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ქართულ მხარეს რუსეთის გადაწყვეტილებაზე ოლიმპიადის მეჩირაღდნედ რუსეთ–საქართველოს ომის მონაწილის დანიშვნასთან დაკავშირებით?


რეაქცია, რასაკვირველია, არის უარყოფითი, მაგრამ მნიშვნელობა რას აქვს, იცით? ძალიან დიდი ხანი ჩვენმა პოლიტიკოსებმა გაატარეს ამ განცხადებების და დემარშების რეჟიმში… ძალიან ცუდი ფაქტია, არასასიამოვნოა, პროვოკაციასაც ჩამოჰგავს, მაგრამ არის რაღაც გარკვეული ინტერესები და წინ წამოწეული საკითხები. ჩვენთვის, საქართველოსთვის და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისთვის, განსაკუთრებით მნიშვენლოვანია, რომ [რუსეთთან მიმართებაში] რაღაც პროცესი დაიწყოს, რომელიც იქნება შეუქცევადი, ჯერ სუსტი პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ ძალიან მომგებიანი ეკონომიკური თვალსაზრისით, შემდეგ უნდა გადახვიდე პირდაპირ ურთიერთობებზე იმ ხალხთან, ვისთანაც მავთულხლართები აგვიგეს შუაში. ამავე დროს სერიოზული პოლიტიკა და პროგრამები უნდა გქონდეს იმ ხალხისთვის, ვინც დაზარალდა ოკუპაციისგან. ამ ყველაფერს განხორციელება და გაკეთება უნდა, თუმცა ნელ–ნელა უნდა დაიწყო.

 

საზოგადოების ერთი ნაწილი ითხოვს ბოიკოტს…

 

ბოიკოტი ჩაგვაგდებს საკმაოდ ორაზროვან მდგომარეობაში: თუ ამ ბოიკოტს მხარს არ აუბამს მთელი მსოფლიო, პრაგმატულად ვიფიქროთ და არა ემოციურად, მაშინ გამოდის, რომ ის ფასეულობები, რისთვისაც შენ ბოიკოტს აკეთებ, არ არის გაზიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, ანუ შენ მარტო რჩები…

 

გია ვოლსკი
გია ვოლსკი


თუმცა საქართველოს აქვს თავისი ინტერესები, მისი ტერიტორიებია ოკუპირებული და მის ტერიტორიებზე ხდება ის ყველაფერი, რასაც ადგილი აქვს დვანში, დიცში და ასე შემდეგ. ზოგად, საერთაშრისო თანამეგობრობის კონტექსტში რატომ უყურებთ საქართველოს მიერ ოლიმპიადის შესაძლო ბოიკოტირების საკითხს?


ერთ კონტექსტში იმიტომ ვიხილავ, რომ ჩვენ დანარჩენი მსოფლიოს გარეშე ძალიან გაგვიჭირდება  რაღაც საკითხების გადაჭრა და, მით უმეტეს, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება. ათასი კილომეტრი რომ გაქვს გასავლელი, ერთი ნაბიჯი მაინც საჭიროა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ იყო ამის წინაპირობა. ძალიან შეუქცევადი და საკმაოდ მძლავრი იყო და კიდევ უფრო ძლიერდებოდა საერთაშორისო დამოკიდებულება ამ საკითხის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში, თუმცა მოულოდნელად სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის თემას რამდენიმე კვირაში მოაგვარებს, თითქოს ცხინვალის რეგიონი რუსეთს არ აინტერესებს და თითქოს ამაზე აქვს დაზუსტებული ინფორმაცია. მან ეს რამდენჯერმე გაიმეორა და გარანტიასაც იძლეოდა, რომ აფხაზეთში დავბრუნდებოდით. სახელმწიფოს სტრატეგიული  საქმიანობა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკური რიტორიკა. გარკვეული ჯგუფისთვის გაცილებით უფრო მომგებიანია, იყოს ხმამაღალი, Loud, როგორც ამერიკელები ამბობენ, იყოს პრინციპული თავის გამოთქმებში, მაგრამ ამის უკან საზოგადოება დგას, რომელიც ძირითადად განიცდის ხოლმე დარტყმებს ნებისმიერი მაღალი ტრიბუნიდან ლაპარაკისას. საკმარისად მწვავედ ვაყენებთ ჩვენ თვითონ საკითხს, საკმარისია მხარდაჭერაც, მაგრამ ეს ვერ ხსნის მავთულხლართის პრობლემას. ჩვენ ვდგავართ სტაბილურად, ჩვენ არ ვაჩვენებთ უკანდახევას, არ ვაჩვენებთ აგრესიას, რაღაცაზე კომპრომისს ვაკეთებთ, თუმცა არის თემები და წითელი ხაზები, რაზეც კომპრომისს ვერ ვაკეთებთ. ამ წითელი ხაზების გადალახვისთვის უფრო უნდა მომძლავრდე, მომძლავრება იმის გარეშე, რომ უსაფრთხოების თემა არ უზრუნველყო რუსეთთან, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდებს. თქვენ არ იფიქროთ, რომ მარტო ღვინოზე ან, როგორც ცნიკურად ამბობენ ხოლმე, პომიდორზეა ლაპარაკი რუსეთის ბაზარზე შესვლის კუთხით…  აქ არის უსაფრთხოება, აგრესიის პრევენცია და ბევრი სხვა საკითხი, რომელიც მოსახლეობას აინტერესებს უფრო მეტად, ვიდრე დემარშები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი