კომენტარი

მიჯირყნეთ პრობლემა

30 აგვისტო, 2013 • 1249
მიჯირყნეთ პრობლემა

ნინია კაკაბაძე
ნინია კაკაბაძე

კონფლიქტები ჯაჭვური რეაქციით გადაეცემა სოფლიდან სოფელს. გადაეცემა და უფრო და უფრო აგრესიულ, ექსტრემისტულ ხასიათს იღებს. ყოველივე ეს იმის მანიშნებელია, რომ სახელმწიფოს ქმედება სრულიად არაეფექტურია. საკმარისია იმაზე საუბარი, რომ დღეს რაც ხდება ნიგვზიანში, სამთაწყაროში თუ ჭელაში, ან ნაციონალური მოძრაობის მიერ არის პროვოცირებული, ან, როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მსგავსი პრობლემები სულ იყო და ნაციონალებს ის მიჯირყნილი ჰქონდათ (სავარაუდოდ, მან მიჩქმალული იგულისხმა). ის, რომ  ჩვენს საზოგადოებაში დიდი ხანია დგას ქსენოფობიის პრობლემა და ის, რომ ჩვენი ტოლერანტობა მხოლოდ ჩვენ მიერ მოგონილი მითია,  ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისთვისაც კი ცხადია, მაგრამ ამ ქსენოფობ საზოგადოებას უნდა არეგულირებდეს სახელმწიფო. დღეს კი სახელმწიფო ან სრულიად უგუნური და გაუგებარი განცხადებების ამარა ტოვებს შევიწროვებულ და უფლებადარღვეულ მუსლიმთა თემს, ან კი ამ ექსტრემისტებთან ერთად მოქმედებს, რაც, მაგალითად, უკანასკნელ შემთხვევაში, მინარეთის დემონტაჟში გამოვლინდა. აქვე ერთ კითხვას დავსვამ: – განუბაჟებელი მასალით რომელიმე პატარა მართლმადიდებლური  სამლოცველო რომ აშენებულიყო, იმავე სოფელ ჭელაში, მოახდენდა თუ არა სახელმწიფო მის დემონტაჟს? ჩემი პასუხია:რასაკვირველია – არა!

 

ახლა მიჯირყვნის საკითხს დავუბრუნდეთ. საკმარისია ამ ბრტყელი ფრაზებით საუბარი, რომ საქართელოში ყველას, განურჩევლად რელიგიური, ეროვნული თუ სექსუალური კუთვნილებისა, თანასწორი უფლებები აქვს. დროა ამ სიტყვების საქმით გამყარება დაიწყოს. არ ვიცი, რა იგულისხმა საქართველოს პრემიერმა, როდესაც ბრძანა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ეს პრობლემები მიჯირყნილი ჰქონდა, მაგრამ დროა მანაც იზრუნოს მათ მიჯირყვნაზე. მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის მიერ დაშვებული ფატალური შეცდომებისა, მათ პირობებში ნებისმიერი უმცირესობის ჯგუფის წარმომადგენელი თავს დაცულად გრძნობდა ამ ფსევდოტოლერანტულ და სინამდვილეში ქსენოფობიურ საზოგადოებაში.

 

დღევანდელ ხელისუფლებაში ჩემზე უმცროსები არ არიან, და წარმოუდგენელია, დღევანდელი დღე მათ ასოციაციებს არ უჩენდეს და არ ახსენებდეს 90-იანი წლების დასაწყისს, როდესაც გათავისუფლებული, ფსევდოპატრიოტული ვნებით ატანილი ჯგუფი საქართველოში მცხოვრებ არაქართველ მოსახლეობას დევნიდა. მაშინ, სახელმწიფოს არარსებობის, სრული განუკითხაობის პირობებში, აბსოლუტური ძალაუფლება სწორედ მოსახლეობის ხელში იყო, რომელსაც პატრიოტულ მანტიაში გახვეული აგრესორები მართავდნენ. დღეს მათი ადგილი ანაფორაში გახვეულმა ფარისეველმა აგრესორებმა დაიკავეს და ისინი მართავენ ამ უკონტროლო მასას. ე.წ. მრევლი არის დღეს ამ ქვეყნის მოსახლეობა, უფრო სწორად, მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი, რომელიც ნდობას მართლმადიდებლურ ეკლესიას უცხადებს. ეკლესიას, რომელიც უკვე დიდი ხანია სიყვარულის ნაცვლად სიძულვილს ქადაგებს. მღვდელი, რომელიც, სინამდვილეში, ტიპური რელიგიური ექსტრემისტია, რომელიც 17 მაისს რუსთაველის გამზირზე იდგა, გუშინ, 29 აგვისტოს ახალციხეში, სოფელ ჭელას სადარაჯოზე დადგა, რომ იქ მინარეთი არ დააბრუნონ.   

 

რას აკეთებს, ან კი რატომ არის უმოქმედო და უსუსური დღევანდელი ხელისუფლება? პირველი – რადგან ამ ხელისუფლების რიგებში უმეტესობა სწორედ ეს”მრევლია”, რომელიც მისი მოძღვარის ლოცვა-კურთხევის გარეშე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. ის, ვინც გამონაკლისია და არ მიეკუთვნება ამ ანაფორაში გადაცმული ფარისევლების მრევლს, თავს მძევლად გრძობს, რადგან იცის, რომ სინამდვილეში ამ ძალამ გაამარჯვებინა პირველ ოქტომბერს არჩევნებში  და მასთან დაპირისპირება ძალაუფლების დაკარგვის რისკს შეიცავს.

 

სად არის გამოსავალი? დღეს ამ გამოსავლის დანახვა ძალიან რთულია, სინამდვილეში კი, ძალიან მარტივია. ქვყანაში არსებობს კანონი და არსებობს კონსტიტუცია, რომლის პატივისცემაც უნდა ვისწავლოთ. მაგრამ თუკი ხელისუფლება ვერ მოახერხებს ადამიანებისათვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას, მაშინ ამას ვერასდროს მოახერხებს ხალხი, ამ ქვეყნის მოქალაქეები.

 

P.S. აქვე ბოდიშს მოვიხდი და ვიტყვი, რომ ალბათ ზედმეტად უხეში და მკაცრია ჩემი ტექსტის ტონალობა. რასაკვირველია, პრობლემის საწყისი სიღრმეშია და გაანალიზებას თუ შესწავლას მოითხოვს, მაგრამ ვიდრე ამ პროცესს დავიწყებდეთ(რაც ჩვენთვის სასიცოცხლოთ მნიშვნელოვანია), მისი მოგვარების გზა ზედაპირზე დევს და ძალიან მარტივია.  ხვალ მისი შესწავლა და გაანალიზება უნდა დავიწყოთ, მაგრამ ახლა და დღეს ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, გნებავთ, როგორც პრემიერი იტყვის, მიიჯირყნოს!

მასალების გადაბეჭდვის წესი