კომენტარი

სტალინის ვითომდა ფარულ მორწმუნეობაზე

12 აგვისტო, 2013 • 3022
სტალინის ვითომდა ფარულ მორწმუნეობაზე

მამა ილია ჭიღლაძე
მამა ილია ჭიღლაძე

 უპირველესად უნდა ითქვას, რომ მაცხოვარი, ჩვენი უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: “ვინც არ მაღიაროს წინაშე კაცთა, არცა მე ვაღიარო წინაშე მამისა ჩემისა”, ამდენად ვინმეს ფარულ მორწმუნეობაზე ვისაუბროთ ეს სახარების სწავლებით უნაყოფოა და უფლის მიერ არ შეიწირება.


სანამ ვინმე მის მორწმუნეობაზე ალაპარაკდება, გაიხსენეთ, რომ 1921 წელს საქართველოში მოქმედი იყო 1500 მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოცწლიანი ნგრევისა და დახურვების შემდეგ, 1941 წელს მოქმედებდა მხოლოდ 15 (!) მართლმადიდებლური ეკლესია მთელს საქართველოში და ისიც არ დარჩებოდა, რომ არ დაწყებულიყო მეორე მსოფლიო ომი, რომელმაც უკუდურეს კრიზისში ჩააგდო საბჭოთა სახელმწიფო და დაცემის პირზე მისულმა, გაიაზრა რა, რომ მორწმუნენი მიუხედავად დევნისა, მაინც მრავლად არსებობდნენ საბჭოთა სახელმწიფოში და ეკლესიას მათზე დიდი სულიერი გავლენა ჰქონდა, მისცა ეკლესიას ლეგალული არსებობის უფლება, რათა დახმარებოდა საბჭოთა ხელისუფლებას ფაშისტურ კოალიციაზე გამარჯვებაში.


ეს რუსეთის და საქართვლოს განადგურების პირზე მისულმა ავტოკეფალურმა ეკლსიებმა პირნათლად აღასრულეს. ომის დაწყების დროისთვის საქართველოს ეკლესიას სამი მოქმედი მღვდელმთავარი(პატრიარქი კალისტრატე,ეპისკოპოსი იეროთეოსი და ეპისკოპოსი ტარასი) ჰყავდა მხოლოდ, ორი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი ვარლამ მახარაძე და ეპისკოპოსი ეფრემ სიდამონიძე, გადასახლებაში ეწამებოდა, ერთი მიტროპოლიტი კი, დევნის გამო შეშინებული, განმოსილი იყო და საერო საქმიანობით არჩენდა ოჯახს, ხოლო რუსეთის დიდ ეკლესიას მხოლოდ ხუთი(!) მოქმედი მღვდელმთავარი ყავდა(საპატრიარქო ტახტი კი 1925 წლიდან დაქვრივებული იყო და საბჭოთა ხელისუფლების ძალადობის გამო ვერ ხერხდებოდა ახალი პატრიარქის არჩევა).

საბოლოოდ, 20–30იანი წლების რეპრესიებს შეეწირა ათასობით რუსი, უკრაინელი, ქართველი და სხვა ეროვნების მართლმადიდებელი სამღვდელოება, რომელთაც ქედი არ მოუხარეს წითელ იმპერიას, ხოლო გდარჩა ის და გადასახლებიდან დაბრუნდა ის, ვინც შეძლო კონფორმიზმი ტოტალიტარულ სახელმწიფოსთან საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის ფასად.


1942 წლიდან სტალინმა შეიმუშავა პოლიტიკა ეკლესიის ლეგალიზაციის და შეღავათებისა, მაგრამ ეს შეღავათიც იყო მიზერული, მაგალითად, საქართველოს ეკლესიას თუ ჰქონდა ომის დასაწყისში 15 მოქმედი ტაძარი, ეს რიცხვი სამოცამდე გაიზარდა. სამაგიეროდ დაიწყო ეკლესიის ტოტალური კონტროლი და აგენტურის ჩანერგვა, რამაც საბოლოოდ ეკლესიის ავტორიტეტი არც თუ უსაფუძვლოდ დასცა. ამდენად, მეგობრებო, გაეცანით ისტორიას და ნუ აყვებით კრემლში შეთხზულ ზღაპრებს, რომელიც მხოლოდ მის წისქვილზე ასხამს წყალს, ვისაც სტალინის რეჟიმის და მისი სახელმწიფოს აღდგენაზე ოცნებობენ! 



მასალების გადაბეჭდვის წესი