კომენტარი

საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიმართვა ეშტონს და ფულეს

24 ივლისი, 2013 • 1032
საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიმართვა ეშტონს და ფულეს

განცხადებაში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები ევროკავშირს სთხოვენ, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოში/რეგიონში რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის წინააღმდეგ, რაც მოიაზრებს საქართველოს ტერიტორიაზე ახალი, გადაულახავი „საზღვრების“ დაწესებას და სხვადასხვა ფორმის ბარიკადების აღმართვას.

 

განცხადების სრულ ტექტს “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ:

 

“ამ წერილით გვინდა გთხოვოთ გააძლიეროთ თქვენი ძალისხმევა, საქართველოში/რეგიონში რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის წინააღმდეგ დააწესოს ახალი, გადაულახავი „საზღვრები“ და აღმართოს სხვადასხვა ფორმის ბარიკადები, მავთულხლართები, რკინაბეტონის კონსტრუქციები, კედლები, მიწათხრილები საქართველოს ტერიტორიაზე.

 

მოგეხსენებათ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები საერთაშორისო სამართლისა და ქვეყნის სუვერენული უფლებების უხეში დარღვევით განლაგდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რის შედეგადაც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქი რჩება ოკუპირებული. აღნიშნულ ტერიტორიებზე განხორციელდა მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, რაც მრავალმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა. რუსეთის ფედერაციის სამხედროები მიზანმიმართულად ამკაცრებენ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის რეჟიმს, აგებენ გადაულახავ ზღუდეებს ისე, რომ ჰყოფენ ოჯახებს, კერძო თუ სასოფლო-სათემო საკუთრებას, ხელს უშლიან გადაადგილების თავისუფლებას. ეს პროცესი ისევ გრძელდება და ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურ სახეს იძენს. გამყოფი მავთულხლართების მიღმა რჩება სახნავ-სათესი მიწები, სალოცავები და სასაფლაოები, სასმელი და საირიგაციო წყლის ინფრასტრუქტურა და ა.შ. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს რეპრესიის ფაქტები, რომელსაც განიცდის აქ მცხოვრები მოსახლეობა ეგრეთ წოდებული “სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში”, რის გამოც დაზარალებულთა შორის ხშირად ხვდებიან მოხუცები და ბავშვები.  სამოქალაქოსაზოგადოების მონიტორებმა არაერთხელ დააფიქსირეს მსგავსი ფაქტები.

აღნიშნულის შესახებ ცნობილია ევროკავშირის სამონიტორო მისიისათვის. ჩვენ მადლიერი ვართ ევროკავშირისა, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკისათვის, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის განვითარების ხელშეწყობა. მხარს ვუჭერთ ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას კონფლიქტური რეგიონების მიმართ. ეს პოლიტიკა გულისხმობს, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოვებისა და თანამშრომლობის სიკეთე ხელმისაწვდომი იყოს კონფლიქტის ზონებში მცხოვრებთათვისაც. რეგიონში რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა სწორედ ჩართულობის პოლიტიკის ხელისშემშლელია. იგი აზარალებს კონფლიქტით გაყოფილ ორივე მხარეს. ახალი, გადაულახავი საზღვრების აგება და სასაზღვრო რეჟიმების შექმნა არღვევს ნათესაურ კავშირებს, ხელს უშლის კონფლიქტით გაყოფილ მხარეებს შორის საზოგადოებრივ დიალოგს, ვაჭრობას, ჯანდაცვისა თუ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვას. ეს პოლიტიკა საზოგადოებაში თესავს მუდმივი საფრთხისა და უკანონო დევნის განცდას, შედეგად, საფრთხეს უქმნის სტაბილურობასაც. ეს პროცესი არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც მძიმე მდგომარეობას, როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. არაფერს ვამბობთ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ევროკავშირის მედიატორობით 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა თუ საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა პრინციპების დარღვევების შესახებ.

 

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირს აქვს ხელშესახები ბერკეტები, რათა წინ აღუდგეს რუსეთის ფედერაციის მანკიერ პოლიტიკას საქართველოს ეროვნული პლატფორმის სახელით, მადლობას მოგახსენებთ მხარდაჭერისათვის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი