კომენტარი

რა უნდათ დღეს აფხაზებს

25 ივნისი, 2013 • 2037
რა უნდათ დღეს აფხაზებს

 


მარგარიტა ახვლედიანი
მარგარიტა ახვლედიანი

მარგარიტა ახვლედიანი: მე ვმუშაობ „გოუ მედიაში“, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მთელი კავკასიის მასშტაბით, მათ შორის აფხაზეთის, ოსეთისა და ყარაბაღის საკითხებზე. ჩვენ გვყავს პარტნიორები და ფილიალები გვაქვს კავკასიის ტერიტორიაზე. მე აქ მომიწვიეს იმიტომ, რომ ვმუშაობ იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც მართავს მოლაპარაკებას აფხაზებთან. ამ ჯგუფში უკვე რამდენიმე წელია ვარ. ძალიან მაღალ დონეზე განიხილება ორივე მხარის  მოსაზრებები, მაქვს ბევრი ინფორმაცია უშუალოდ მათგან და შემიძლია ამაზე გესაუბროთ.

 

 

სულ ახლახან დავბრუნდი შეხვედრიდან, რომელიც გაიმართა ბერლინში. შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის წარმომადგენლები და მათთან ერთად განვიხილეთ განვითარების ახალი მიმართულებები და პერსპექტივები. დღევანდელი აფხაზეთის პრეზიდენტი ანქვაბი იღებს ხელში ძალაუფლებას მეტად და მეტად. როგორც ამბობენ, მთავარ პოლიციელად, მთავარ ეკონომისტად, ბავშვთა ბაღის დირექტორადაც კი მოიაზრება ანქვაბი. არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება მისი ჩარევის გარეშე. მთლიანი ძალაუფლებაა მის ხელში. ეს კი ზღუდავს თავისუფლებას და ეს მწვავედ იგრძნობა აფხაზეთში. აქამდე რესპუბლიკა იყო საკმაოდ თავისუფალი რაღაც გადაწყვეტილებების მიღებაში, ახლა ეს უფრო რთულია, ამის შესახებ იქაური ჟურნალისტები აქვეყნებენ ინფორმაციას ადგილობრივ საინფორმაციო სივრცეში. აფხაზეთში გამოდის მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი გაზეთი „ჩიკემსკაია პრავდა“, რომელიც ბევრს წერს და აკრიტიკებს ხელისუფლებას. თუ დაგაინტერესებთ, გაზეთის ყოველ ახალ ნომერს ვანთავსებთ საიტზე.

 

 

 

 

მთავარი მოვლენა აფხაზეთში ბუნებრივია არის რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება.  აფხაზეთის აღიარება, ეს იყო ახალი რეალობა, რომლის შემდეგ აქცენტები შეიცვალა. თუ მანამდე მთავარი აქცენტი იყო ახალი ომის შიში, რუსეთის მხრიდან აღიარებამ და ჯარების შეყვანამ აფხაზეთში დაამშვიდა მოსახლეობა და მთელი ყურადღება გადაიტანეს განვითარების პრობლემებზე. 90-იანი წლების შემდეგ პირველად გაჩნდა მათში განვითარების შეგრძნება. ახლა აფხაზეთისთვის მთავარი პრობლემა არის რუსეთი, ისინი თვლიან რუსეთს მთავარ მიღწევად და მთავარ პრობლემად. რუსეთი დომინირებს აფხაზეთში, მცდელობა აქვს აკონტროლოს ყველა დიდი ობიექტი, მცდელობაა შეცვალონ კონსტიტუცია და ბევრი საკითხი გადაწყვიტონ მათ ტერიტორიაზე. სამოქალაქო საზოგადოება და ხელისუფლება ცდილობს ამას წინააღმდეგობა გაუწიოს, მაგრამ ძალიან უჭირთ ამის გაკეთება.

 

შემდეგ პრობლემად ისინი ასახელებენ გადაადგილების შეზღუდვას. როგორც ვიცით, აფხაზეთის მოსახლეობის უმეტესობას გააჩნია რუსული პასპორტი, მაგრამ ახალგაზრდა თაობა, რომლებიც არიან 14-15 წლის, ისინი ვეღარ იღებენ რუსეთის პასპორტს, რადგანაც აფხაზეთის აღიარების შემდეგ რუსეთმა შეწყვიტა პასპორტების გაცემა მათთვის. სოხუმში იყო გახსნილი პუნქტები, სადაც სამ დღეში შეგეძლო მიგეღო რუსეთის პასპორტი, ასეთი პუნქტები ახლა დაკეტილია და რუსეთის მოქალაქეობის მიღება შეუძლებელია. მათ ამით დაეკარგათ შესაძლებლობა იმის, რომ დატოვონ აფხაზეთის ტერიტორია, ეს შესაძლებლობა დაეკარგათ იმათაც კი, ვისაც აქვთ რუსული პასპორტი, იმიტომ, რომ რუსულ პასპორტში ფიქსირდება საცხოვრებელი ადგილი. აფხაზეთში ახალგაზრდებს აქვთ მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ სასწავლებლად წავიდნენ რუსეთში.

პრობლემა არის ასევე შიდა კორუფცია, რომელმაც უზარმაზარ მასშტაბებს მიაღწია.

 

 

უმთავრესი პრობლემა გალის რაიონში არის პასპორტები – უნდა გაიცეს თუ არა აფხაზური პასპორტები იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის. იმიტომ, რომ აფხაზური პასპორტის გაცემა დაკავშირებულია ქართულ პასპორტებზე უარის თქმასთან. ზუსტად ეს საკითხი განიხილება აფხაზეთის ხელისუფლებაში. მათი განცხადებით გალში მცხოვრებმა 17 000-მა ადამიანმა უარი განაცხადა ქართულ პასპორტებზე, მაგრამ გადამოწმების შესაძლებლობა მათ არ გააჩნიათ, ისინი წერილობით წერენ, რომ უარს ამბობენ ქართულ პასპორტებზე, მაგრამ ამის შესახებ მტკიცებულება არ არსებობს. დღეს დისკუსია იმართება ორ საკითხზე: პასპორტები გაიცეს მარტივი ფორმით, თუ მოხდეს გადამოწმება, თქვეს თუ არა უარი ამ ადამიანებმა ქართულ პასპორტებზე. იქ მცხოვრებ ადამიანებს აქვთ სამი პასპორტი: აფხაზური, ქართული და რუსული.

 

 

დღეს რა უნდათ აფხაზებს? აფხაზებს უნდათ, რომ მათმა შვილებმა იცოდნენ სხვადასხვა ენები, სხვადასხვა რეალობები, ამაში მხარდაჭერას ელიან როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასევე საქართველოს მხრიდანაც. ფაქტობრივად აფხაზეთი პირისპირ დარჩა რუსეთთან, ეს მეტ-ნაკლებად თბილისის ბრალიცაა, რადგან ახდენდნენ აფხაზების იზოლაციას, მაგალითად, ვიზების საკითხი. საქართველო ახდენს ბლოკირებას, მაგრამ არა სრულად და შესაბამისად რჩება ერთი გასასვლელი _ რუსებთან. სიტუაცია ისე ყალიბდება, რომ აფხაზეთი იკარგება. ისინი ითხოვენ შველას არა პირდაპირი ტექსტით, მაგრამ ისინი სხვადასხვა დონეზე საუბრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დეიზოლაცია და მათი განდევნა რუსეთისაკენ. დღეს საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მიდგომები იქნება შეცვლილი.

 

 

ასლან ჭანიძე, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი: როდესაც საუბარია ვიზების აღების პრობლემაზე, მე მაინტერესებს, მზად არიან თუ არა აფხაზები მიიღონ საქართველოს პასპორტები?

 

 

მარგარიტა ახვლედიანი: აფხაზები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან კომპრომისისათვის, მაგრამ ისინი ამბობენ, უნდა დავინახოთ გარკვეული მოქმედებები და უნდა გვესმოდეს გარკვეული შემოთავაზებები საქართველოს მხრიდანო. რაც მათ უნდათ, ეს არის დეიზოლაცია, იმიტომ, რომ იზოლაციის გაგრძელების შემთხვევაში აფხაზეთი უბრალოდ აღარ იარსებებს და აღარავისთვის იქნება ეს კომპრომისები საჭირო, ამას ვეთანხმები მეც. დღევანდელ დღეს ისინი თანახმა არიან საერთოდ არ ისაუბრონ სტატუსზე. ამ სტატუსში იგულისხმება საქართველოში შესვლაც და რუსეთზე დამოკიდებულებაც. ჩვენ წინაშე დგას პრობლემა – ან საერთოდ დავკარგავთ აფხაზეთს, ან გადავდებთ ამ საკითხს დროებით. თავიდან, როცა ნეიტრალური პასპორტები შესთავაზეს, ისინი დათანხმდნენ ამას, მაგრამ შემდგომ აღმოჩნდა, რომ პასპორტზე აღნიშნული იყო ქართული სახელმწიფო, რის გამოც მათ უარი განაცხადეს პასპორტზე.

 

 

ციალა ქათამიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ბორჯღალი: ჩემი გამოცდილება მინდა მოვყვე აფხაზებთან დაკავშირებით. დაახლოებით ოთხი წლის წინ, ომამდე, მომიწია აფხაზ ახალგაზრდებთან შეხვედრა და მეორედ შევხვდი მათ ომის შემდეგ. პირველად მივდიოდი შეხვედრაზე იმ განწყობით, რაც ისმოდა საქართველოში, რაც ტელევიზიით მესმოდა, ისტორიები, რომ ქართველების თავებით თამაშობდნენ ფეხბურთს სეპარატისტები. პირველივე შეხვედრაზე მოგვაყოლეს ისტორიები, ერთმა აფხაზმა გოგონამ მოყვა, როგორ ბედნიერად ცხოვრობდა დედასთან, მამასთან და ერთ დღეს ეს ყველაფერი გაქრა. აღმოვაჩინე, რომ მეორე მხარესაც იგივე ტკივილები აქვს, რაც ქართველებს, იქაც არის ისტორიები ჩვენს შესახებ. მივხვდი, რომ აზრი არ აქვს წარსულის ქექვას და უნდა დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან. ერთმანეთის შესახებ ცუდი რაც შეიძლებოდა გაგვეგო, უკვე გავიგეთ. ყველაზე ცუდია, რომ თაობები იზრდება ერთმანეთის ცოდნის გარეშე და ერთმანეთის მიმართ ცუდი დამოკიდებულებით. ქართულმა სახელმწიფომ, როგორც ძლიერმა სახელმწიფომ, უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომ თაობებს შორის არ გაჩნდეს ნაპრალი, რომ მათ ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა.

 

 

ასლან ჭანიძე: პაატა ზაქარეიშვილს გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა აფხაზებთან. როგორც კი დაინიშნა მინისტრად, როგორც მან თქვა, რადიკალურად შეიცვალა მისადმი დამოკიდებულება, ნდობის ფაქტორის გამო. დამოკიდებულება დღევანდელი ხელისუფლებისადმი არჩევნების შემდეგ როგორია? რამდენად არიან მზად ჩვენთან ურთიერთობისათვის?

 

 

მარგარიტა ახვლედიანი: ორი გრძნობა ჩნდება. ერთი არის იმედი, რომ შეიცვლება საქართველოს პოლიტიკა და მეორე – შიში. იმიტომ, რომ როგორც ისინი ამბობენ, როცა მიხეილ სააკაშვილი მოვიდა მთავრობაში, სხვა იდეები არსებობდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, შემდეგ კი მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. თუ პოლიტიკა არ შეიცვალა, აფხაზეთი გახდება რუსეთის ტერიტორია.

 

 

 

მარგარიტა ახვლედიანის შესახებ: 2009 წლის თებერვალში მარგარიტა ახვლედიანმა, ტომას დე ვაალთან და მარიამ ბეთლემიძესთან ერთად, „გოუ ჯგუფი“ დააფუძნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. ასევე, იგი არის „გოუ ჯგუფის“  მიერ განხორციელებული პროექტის სტუდია „თვითმხილველის“ მთავარი რედაქტორი.

 

ოცი წლის განმავლობაში, კავკასიაში სამოქალაქო ომებისა და ეთნიკური კონფლიქტების პერიოდში, მარგარიტა ახვლედიანი სამხედრო რეპორტიორად, პროდიუსერად და რედაქტორად მუშაობდა. 2002-2008 წლებში იგი იყო ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის კავკასიის პროგრამის დირექტორი. კითხულობდა ლექციებს კონფლიქტების გაშუქების, ჟურნალისტური ეთიკისა და მედიამენეჯმენტის საკითხებზე საქართველოს საზოგადოებრივი მეცნიერების ინსტიტუტში. 2006 წელს  მოიპოვა სტენფორდის უნივერსიტეტის სტიპენდია და ერთი წელი გაატარა აშშ-ში.

2007 წლის შემოდგომაზე მარგარიტა კვლავ გაემგზავრა ამერიკაში, ამჯერად, როგორც პროფესორ ფრენკ ოხბერგის სახელობის „დარტ ცენტრის“ სტიპენდიანტი. 2010-2011 წლებში მარგარიტა „დარტ ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. 2012 წელს ის „ღია საზოგადოება–საქართველოს” დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. მარგარიტა ახვლედიანმა პოლიტიკური ფილოსოფიის მაგისტრის წოდება დიდ ბრიტანეთში, იორკის უნივერსიტეტში 2010 წელს მიიღო.    

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი