კომენტარი

უსუფაშვილი: მეტი დემოკრატია ყველა პრობლემის გასაღებია

6 ივნისი, 2013 • • 1156
უსუფაშვილი: მეტი დემოკრატია ყველა პრობლემის გასაღებია

“სამხრეთ კავკასია გზაჯვარედინზე – ეს თემა ალბათ ასეულობით კონფერენციის თემა ყოფილა. უკვე ორი ათეული წელია მას შემდეგ, რაც სამხრეთ

დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

კავკასიის სახელმწიფოებმა დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. ეს საკითხი რჩება ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ თემად მკვლევარებისთვის, კონფერენციებისთვის და ა.შ. რაზე მიუთითებს თავად ეს ფაქტი? – ეს, ერთი მხრივს, მიუთითებს რეგიონის მნიშვნელობაზე, მეორე მხრივ, რეგიონის სირთულეზე, კომპლექსურობაზე და იმაზეც, რომ ორი ათეული წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან, ფუნდამენტურ კითხვებზე პასუხები ჯერ არ არის გაცემული, ყოველ შემთხვევაში, პასუხებზე ჯერ არ არის კონსესუსი. ამ ვითარებას, ცხადია, ბევრი რამ განაპირობებს, როგორც თავად სამხრეთ კავკასიის შიდა პოლიტიკური დინამიკა, ისე უფრო ფართო, რეგიონული, გეოპოლიტიკური დინამიკა და ძირითადი საკითხები რჩება გადაუწყვეტელი, ვინაიდან სამხრეთ კავკასიის არც ერთ სახელმწიფოს  არა აქვს ბოლომდე და მდგრადად გადაწყვეტილი ნომერ პირველი ამოცანა – უსაფრთხოების ამოცანა. ეს არის ის მთავარი საკითხი, რომლის გადაწყვეტის გარეშე სხვა ფუნდამენტური საკითხების მოგვარება უბრალოდ შეუძლებელია. სხვადასხვა კონტექსტში, სხვადასხვა მიზეზებით, სხვადასხვა სიღრმეებით, მაგრამ საკითხი დღის წესრიგში მაინც ასე დგას.

 

ამ პრობლემიდან გამომდინარე კვლავ კითხვად რჩება, კავკასია უნდა განიხილონ ერთიან პოლიტიკურ–ეკონომიკურ სივრცედ, თუ მაინც გეოგრაფიაა ის, რაც გვაერთიანებს ჯერჯერობით ყველაზე უფრო მყარად და დანარჩენ საკითხებში გვაქვს გრძელი გზა გასავლელი.

 

თავისთავად, სამხრეთ კავკასია გზაჯვარედინი რომ არის დანარჩენი მსოფლიოსთვის, ეს ფაქტია, მაგრამ რა არის ჩვენთვის? არა მგონია, დიდად სახარბიელო იყოს დიდი ხანი გზაჯვარედინზე დგომა. გზაჯვარედინზე შეიძლება ოდნავ შეჩერდე,  გაიხედ–გამოიხედო, საით წახვიდე და სადღაც უნდა წახვიდე. თუ გზაჯვარედინზე დიდხანს გაჩერდები, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვები ჩაგივლიან გვერდზე, გაგასწრებენ, უფრო სწრაფად მივლენ იქ, სადაც თავად მიისწრაფოდი და ცხადია, ჩამორჩები. ჩვენი მდგომარეობა, თუ მთლიანობაში შევხედავთ, უფრო ამას მაგონებს. ვდგავართ გზაჯვარედინზე და სერიოზული და ფუნდამენტური გადაწყვეტილების მიღებას როგორც რეგიონის ქვეყნები, ვერ ვახერხებთ.

 

ცხადია, ნომერ პირველი საკითხის გადაწყვეტამდე სხვა მიმართულებით სიარული რთულია, მაგრამ, როგორც ახალი ხელისუფლების წარმომადგენელს, ალბათ, გარკვეული სიმპტომის გავლენის ქვეშაც ვარ და, ბუნებრივია, რომ ახალი გზების ძიებაში ვარ, როგორ გადავწყვიტოთ ძველი პრობლემები.

 

ამ თვალსაზრისით, ჩვენ, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმოამდგენლები ახალ ხელისუფლებაში ნამდვილად ვისახავთ ამ ამოცანას, რომ ცხოვრების ისე გაგრძელება, როგორც ეს დღემდე იყო ქვეყნის შიგნით თუ რეგიონში, ჩვენი გადმოსახედიდან აღარ არის საკმარისი.  გარკვეული შემოქმედებითი მიდგომებიც კი არის საჭირო მთელი რიგი საკითხებისადმი. ცხადია, ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც რეგიონშია თუ რეგიონის შემოგარენში. პრემიერ–მინისტრ ივანშვილს ჰქონდა ძალიან ნაყოფიერი და ძალიან საქმიანი ვიზიტები კავკასიის ქვეყნებში. ჯერ ძალიან კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ადრეა , მაგრამ მგონია, რომ ჩვენ შევძლებთ ახალი დინამიკის შეტანას ქვეყნებს შორის ურთიერთობაში კონკრეტულ საკითხებზე. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში მოვიდა პრაგმატული ხელისუფლება, რეალისტური, შედეგებზე ორიენტირებული ხელისუფლება, ხელისუფლება, რომელსაც აქვს ნაკლები ამბიცია იმისა, რომ იყოს მსოფლიო დემოკრატიის შუქურა, ან ევროპას იქით ასწავლიდეს, როგორ უნდა იცხოვროს და რა ტიპის რეგულაციები განახორციელონ, ან ცდილობდეს მსოფლიო გეოპოლიტიკური პროცესების მოთამაშედ წარმოაჩინოს თავი. სამწუხაროდ, ყველა ეს სინდრომი ახასიათებდა წინა ხელისუფლებას. ჩვენ გვინდა ვიყოთ უფრო რეალისტები და პრაგმატულები იმ გაგებით, რომ სწორად და რეალისტურად გავიაზროთ, პირველ რიგში, საკუთარი შესაძლებლობები, საკუთარი ადგილი სამხრეთ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში და მიუხედავად ჩვენი ძალიან მყარი სურვილისა და შეუქცვადი პროცესისა, გავხდეთ ევროპის ნაწილი. უნდა გავიაზროთ, რომ კავკასიიდან ამოხტომა და სხვაგან გადახტომა შეუძლებელია. ამისკენ სწრაფვა მარცხით დასრულდება. ჩვენ მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ იმას, რა გვაერთიანებს სამხრეთ კავკასიის ხალხსებს და თუ დავაკვირდბით, ეს ძალიან კარგად ჩანს. ჩვენ გვაერთიანებს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია დემოკრატიასთან და გვყოფს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ავტორიტარიზმთან.

 

ამიტომ, მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება მოქალაქეებისთვის არის გასაღები ყველა პრობლემის, რომელმაც არ მოგვცა საშუალება დღემდე, სრულად გამოგვეყენებინა ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი. მაგალითად, საქართველოში ცხოვრობს ასობით ათასი სომეხი და აზერბაიჯანელი, ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ ძალიან ხშირად გვისაუბრია, რომ გვაქვს განცდა, რომ ეს ადამიანები ხშირად საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ, რომლის შესახებ ჩვენ ცოტა ვიცით და მათ ძალიან ცოტა იციან იმის შესახებ, რა ხდება ქვეყანაში და საქართველო როგორც სახელმწიფო მათთვის უფრო საცხოვრებელი ადგილია, ვიდრე საკუთარი სახელმწიფო და იმედი იმისა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იქნებიან მათი დამცველები, მათ არა აქვთ. ეს პრობლემა ვერასოდეს ვერ მოგვარდება, თუ ქვეყანაში არ დამკვიდრდა რეალური თვითმმართველობა და ამ ადამიანებს, პირველ რიგში, საკუთარი პრობლემების გადაწყვეტის საშუალება თავადვე არ მიეცათ. დღემდე ხედვა ასეთი იყო საქართველოში და არა მხოლოდ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში: მოქალაქეები არ არიან მზად საკუთარი საკითხების გადასაწყვეტად.

 

მსგავსი განსაკუთრებული მიდგომა არც სამცხე–ჯავახეთისკენ ყოფილა და არც ქვემო ქართლისკენ, რადგან სამეგრელოშიც ასე იმართებოდა ქვეყანა, კახეთშიც და იმერეთში, თითქოს ადამიანები არ არიან მზად, მიიღონ გადაწყვეტილება, სად სჯობს პარკის აშენება და როგორ მოაწყონ საკუთარი სკვერი. ჩვენი ამოცანაა, მეტი თავისუფლება მივცეთ ადამიანებს და ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს მეტი პასუხისმგებლობის დაკისრებას. სანამ ადამიანები არ გახდებიან პასუხისმგებელი თავიანთ ქმედებებზე და შეცომების მწვავე შედეგებს არ განიცდიან, მანამდე ჩვენ ვერ მივიღებთ მოქალაქეს, რომელიც არა მხოლოდ ამაყობს თავისი სახელმწიფოთი, არამედ ზრუნავს კიდეც მასზე.

 

ის, რაზეც ვისაუბრე, არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს არის, ჩემი აზრით, პრობლემა აზერბაიჯანსა და სომხეთშიც. თუ გვინდა, რომ გზაჯვარედინიდან, ბოლოს და ბოლოს, გადავდგათ ნაბიჯი და დავადგეთ პროგრესის, განვითარების გზას, აი, ამ ფუნდამენტურ საკითხზე უნდა შევთანხმდეთ. ეს, ერთი მხრივ, არის შიდასახელმწიფოებრივი თემები, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ გვინდა, რომ ამ სახელმწიფოებმა ერთმანეთს გავუგოთ, ერთმანეთთან შევძლოთ ურთიერთობა, სახელმწიფოს ამ ფუნდამენტური  საკითხების მოგვარებაზეც უნდა შევთანხმდეთ.

 

როგორ შეიქმნა ევროპა? ევროპა არ შექმნილა ისე, რომ შვედებმა იტალიურის შესწავლა გადაწყვიტეს, ესპანელებმა გერმანელობა გადაწყვიტეს, ასე არ ყოფილი. ისინი შეთანხმდნენ საერთო ღირებულებებზე და გამოარჩიეს ის, რაზეც ყველა შეთანხმდა, დანარჩენი კი დაიტოვეს თავის გადასაწყვეტად. ის ფუნდამენტური ღირებულებები, რაზეც ევროპა შეთანხმდა, მერე შეთანხმდნენ იმაზეც, რომ აიღეს ამ ღირებულებების დაცვის ვალდებულება და მიიღეს უფლება, შეამოწმონ სხვადასხვა ქვეყნებში ამ ვალდებულებების შესრულება.  ჩვენც თუ შევთანხმდებით საერთო ღირებულებებზე, მაშინ ვალდებულებაც უნდა ავიღოთ მის შესრულებაზე.  

 

მე ვიფიქრებდი დემოკრატიული განვითარების სამხრეთკავკასიურ აქტზე. მოდი, გამოვკვეთოთ თუნდაც 2 ან 4  საერთო ღირებულება, რომელსაც ჩვენ ყველა ვეთანხმებით, ვაღიარებთ და მერე დავეხმაროთ ერთმანეთს, შევასრულოთ ის. შესაძლოა ეს იყოს ის ნაბიჯი და ის ფორმატი, რომელიც შემდეგ სხვა საკითხების მოგვარებაშიც დაგვეხმარება”.  

მასალების გადაბეჭდვის წესი