კომენტარი

დათო ტურაშვილი. მოსაწევი და ბიბლიოთეკა

4 ივნისი, 2013 • 1927
დათო ტურაშვილი. მოსაწევი და ბიბლიოთეკა

დათო ტურაშვილი ბათუმის პრესკაფეში
დათო ტურაშვილი ბათუმის პრესკაფეში

დათომ საკუთარი წიგნების პრეზენტაციასთან ერთად საინტერესო დისკუსიაც შემოგვთავაზა – “სამოქალაქო საზოგადოება”. თემა ძალიან საინტერესოა, მით უფრო, როცა ამ თემაზე არანაკლებ საინტერესო ადამიანი საუბრობს. 

 

კი, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო, მით უმეტეს, დარბაზიც საკმაოდ აქტიურობდა. ვუთხარი, რომ გამახსენდა, რამოდენიმე დღის წინ თუ როგორი აღტაცებით საუბრობდა ვაკეში გახსნილ მედიათეკაზე და იქ არსებულ კომფორტზე და ძალიან დამწყდა გული, როცა ჩვენი, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ფანჯრებზე ცელოფანაკრული შენობა გამახსენდა. აგერ, დარბაზში სხედან ის ადამიანები, ვისაც ამის შეცვლა ძალუძთო და ამოქმედდითო. კი, ავმოქმედდებითო – უპასუხეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ვნახოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, კიდევ არაერთგზის შევახსენებ ამ ამბავს, ვნახოთ, რა მოხდება. მარიხუანაზეც შევეკითხე – რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ მიმდინარე აქციას და აბსურდად მიმაჩნია, ერთ ადამიანს მიუსაჯო 7 წელი მოსაწევის მოწევისთვის და ციხეში ამოალპო,  როცა თავად დამჭერი არანაკლები მომხმარებელიაო. მოკლედ მოსაწევის და ბიბლიოთეკის ამბავი გავარკვიეთ. შემდეგ უფრო გლობალური წიაღსვლები დაიწყო. 

 

საინტერესო შეხვედრა იყო. კარგი იქნება, თუ ანალოგიური შეხვედრები თითზე ჩამოსათვლელად არ დაგვრჩება. მიმდინარე აქციის დეტალები კი, აი, ასეთია: 

 

კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა გამომცემლობის ახალი წიგნები  განსაკუთრებული ფასდაკლებით გაიყიდება. აქციის მონაწილე,  რომელიც 100 ლარის  ღირებულების წიგნებს შეიძენს, მაგრამ იმ მომენტისთვის ვერ მოახერხებს თანხის სრულად დაფარვას, ისარგებლებს თანხის დაფარვის ერთთვიანი განვადებით. განვადებით სარგებლობისათვის საკმარისია პირადობის მოწმობის წარმოდგენა. გამოფენა-გაყიდვა ყოველ დღეს  ქალაქის სხვადასხვა ადგილებში 15:00   საათიდან დაიწყება და გაგრძელდება 20:00 საათამდე.    

 

4 ივნისი  – უნივერსიტეტის წინ, ბულვარში.


5 ივნისი  –  „პივზავოდის“ უბანი – ინასარიძის ქუჩა,  სკვერი.


6 ივნისი – ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოს მდებარე სკვერი. 


6 ივნისი – 6 მაისის პარკი 

 

გამოფენა – გაყიდვის კვირეულს  პრესკაფეში 7 ივნისს,  20:00  საათზე გიორგი ხასაია (ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი) დახურავს.  

 

გამოფენა-გაყიდვის კვირეულის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება პრესკაფეს ფეისბუქის გვერდზე. (ფეისბუქში ქართული შრიფტით  აკრიფეთ: პრესკაფე და სადისკუსიო კლუბი ბათუმში, მოიწონეთ გვერდი და მიიღებთ განახლებულ ინფორმაციას). გთხოვთ, დარეგისტრირდეთ და მოგვწეროთ თქვენი სურვილები,  რა წიგნები გინდათ შეიძინოთ გამოფენა-გაყიდვის კვირეულზე. 

 

გამოფენა – გაყიდვის კვირეული ტარდება „პრესკაფეს“ ორგანიზებით . აქციის პარტნიორები არიან :  ასოციაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი’’ (ამერიკული ორგანიზაციის NED -ის დაფინანსებული პროექტის –  “დემოკრატიული იდეების განვითარება“ ფარგლებში)  და გაზეთი ბათუმელები/netgazeti.ge  (ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს დაფინანსებული პროექტის –  ,,პრესის განვითარება აჭარაში’’ ფარგლებში) 

 

პოსტი თავდაპირველად გამოქვეყნდა დათპ ტრაპაიძის ბლოგზე “მთვარის კლუბი”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი