კომენტარი

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის განცხადება შუალედურ არჩევნებზე

1 მაისი, 2013 • 1197
უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის განცხადება შუალედურ არჩევნებზე

უცვლელად გთავაზობთ გიგა ბოკერიას განცხადებას შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით:

 

გამოვლენილი პრობლემების გამოუსწორებლობამ შესაძლოა მომავალში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საარჩევნო პროცესს.

 

წინასაარჩევნო პერიოდში შემდეგი პრობლემები გამოიკვეთა:

 

– უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე მიესალმება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პროცესის ეფექტურად წარმართვას. თუმცა, ამავე დროს, პრობლემურად მიიჩნევს ცესკოს იურიდიული სამსახურის მიერ კანონმდებლობის იმ ნორმის ფუნდამენტურად არასწორ განმარტებას, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიებში მდივნების დანიშვნის წესს არეგულირებს; ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებულ ინტერპრეტაციას. ამასთანავე, კომისიის თავმჯდომარე მიესალმება იუსტიციის სამინისტროს მზაობას, მომავალი არჩევნებისთვის აღნიშნული პრობლემა საკანონმდებლო დონეზე დაზუსტების გზით აღმოიფხვრას.

 

– საარჩევნო პროცესში ჩართული ოპოზიციის აქტივისტების, საარჩევნო შტაბის წევრების მასობრივი დაბარება დაკითხვებზე ძირითადად ძველ საქმეების, მათ შორის 13 წლის წინანდელ გამოძიებებს უკავშირდებოდა.
კომისიის მიერ გამოძიებების გადავადების შესახებ რეკომენდაციის გამოცემის შემდეგ დაკითხვაზე დაბარების რამდენიმე ფაქტს ისევ ჰქონდა ადგილი, თუმცა იუსტიციის სამინისტროს ინფორმირების შედეგად ეს პრობლემა აღმოიფხვრა;


– მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რამდენიმე შემთხვევასთან ერთად ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ნიშნებიც გამოიკვეთა: სამტრედიის რაიონში ხონის პოლიციის უფროსი და სამტრედიის დაცვის პოლიციის უფროსი უშუალოდ იყვნენ ჩართული “ქართული ოცნების” საარჩევნო შეხვედრებში. წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური რეკლამის სტატუსით ეთერში გადაიცემოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიმიჯო რეკლამები, რაც კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე შეჩერდა;


– სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში სოფლის მეურნეობის სამთავრობო პროგრამის განაწილებაში უშუალოდ ქართული ოცნების შტაბის კოორდინატორი, პარტიული აქტივი და სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატი იყვნენ ჩართული. ამასთანავე, აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო პროგრამის განხორციელება, საბიუჯეტო რესურსის გარდა, უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული ფინანსური ინსტიტუტის მეშვეობით ხორციელდებოდა, რაც ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. აღნიშნული პროგრამის რეკლამირება მედიასაშუალებებით ფართოდ ხდებოდა. სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში მთავარმა პროკურატურამ ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე კანონით მასზე დაკისრებულ რეაგირების ფორმას არ მიმართა.


– ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, რაც ოპოზიციის სააგიტაციო მასალების დაზიანებაში გამოიხატა;


– გამოიკვეთა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული თანაბარი პირობების შექმნის ვალდებულების დარღვევის პრობლემაც. კერძოდ, ტელეკომპანია “იმედის” გასართობ გადაცემაში მიწვეული მხოლოდ მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები იყვნენ და რეკლამირებული იყო “ქართული ოცნების” საარჩევნო ატრიბუტიკა, თავად გადაცემის ანონსი კი პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავდა.


– ამასთანავე, ტელეკომპანიებმა- “იმედმა”, მე-9 არხმა და “მაესტრომ” ოპოზიციურ პარტიას კანონმდებლობის არასწორი ინტერპრეტაციის გამო უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის შესაძლებლობა არ მისცეს. აღნიშნულმა ტელეკომპანიებმა არც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინეს, კანონის ამგვარი ინტერპრეტაციით ეჭვქვეშ არ დაეყენებინათ თავად საკანონმდებლო ნორმის აღსრულება და ამომრჩევლისთვის ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა მიეცათ. იმისათვის, რომ მომავალში დაცული იყოს ამომრჩეველთა ინტერესი, სასურველია, კანონმდებლობამ უფრო მკაფიოდ განმარტოს მაუწყებლებზე დაკისრებული ეს ვალდებულება. 


არჩევნების დღეს:


– რამდენიმე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა უბნებზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნას, რაზეც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დროული რეაგირება მოახდინა, ასევე საარჩევნო უბნებზე მცირე პროცედურულ დარღვევებს;


– ბაღდათში, ვარციხის მე-10 საარჩევნო უბანზე პოლიციის უფროსის მანქანა უშუალოდ უბნის წინ იყო განთავსებული, რაც ფოტომასალით არის დოკუმენტირებული. ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია პოლიციის უფროსის მხრიდან საარჩევნო კომისიის წევრებთან უშუალოდ საარჩევნო პროცესის დროს კომუნიკაციის შესახებ, რისი დამადასტურებელი მასალა კომისიას არ მოეპოვება და აღნიშნული საკითხი შემდგომ შესწავლას საჭიროებს;


– მიუხედავად უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციისა წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობის საიმიჯო რეკლამების შეზღუდვის შესახებ, ასევე კანონმდებლობის მოთხოვნისა, რომლითაც არჩევნების დღეს აგიტაცია იკრძალება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უშუალოდ არჩევნების დღეს, 27 აპრილს ეთერში მსგავსი ხასიათის სარეკლამო რგოლი განათავსა. აღნიშნული რეკლამა გარკვეულწილად ოპოზიციური პარტიის მხრიდან უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის საკითხებზე მმართველი გუნდის მიმართ გამოთქმული კრიტიკის პასუხის შთაბეჭდილებას ქმნიდა და არჩევნების დღეს აგიტაციის გაწევის მცდელობად შეიძლება მივიჩნიოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი