კომენტარი

ევროპის საგანმანათლებლო გამომცემელთა ჯგუფი მარგველაშვილს მიმართავს

23 აპრილი, 2013 • 1662
ევროპის საგანმანათლებლო გამომცემელთა ჯგუფი მარგველაშვილს მიმართავს

“ჩვენ დაჟინებით ვთხოვთ სამინისტროს, უკან წაიღოს უკანასკნელი ინიციატივები და გადასინჯოს სახელმძღვანელოების გამომცემელთა მდგომარეობა, რომლებიც ეჭვგარეშეა, რომ არიან პროფესიონალები სახელმძღვანელოების გამოცემის საქმეში, რომელიც აუცილებელია ბავშვთა და მოზარდთა განათლებისთვის საქართველოში,”- ეს არის ამონარიდი ევროპის საგანმანათლებლო გამომცემელთა ჯგუფის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილისადმი მიწერილი წერილიდან, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

ძვირფასო ბატონო გიორგი,


საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ შეატყობინა EEPG-ის (ევროპის საგანმანათლებლო გამომცემელთა ჯგუფი) (www.eepg.org) , რომ საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების გამო ქართული წიგნის ბაზარი სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. 2013 წლის აპრილის დასაწყისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამომცემლობებთან ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე გააკეთა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ 2013-14 სასწავლო წლებში სასკოლო სახელმძღვანელოები დაიბეჭდება და დარიგდება უფასოდ. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჰუმანური აქტია და გასაგებია, რომ გამომცემლები მზად არიან მხარი დაუჭირონ ხელისუფლების გადაწყვეტილებას სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების შესახებ, მაგრამ აცხადებენ, რომ ეწინააღმდეგებიან გამომცემელთა საავტორო და ინტელექტუალური უფლებების ძალადობრივ დარღვევას.


ხელისუფლების გადაწყვეტილება სერიოზულ გავლენას მოახდენს ქართულ საგამომცემლო ბიზნესზე. უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში განათლების სამინისტრო ადგენდა კურიკულუმს და იწვევდა გამომცემლობებს, რათა მათ შესაფასებლად წარმოედგინათ თავიანთი სახელმძღვანელოები. მხოლოდ ხელისუფლებისგან თანხმობის მიღების შემდეგ შეეძლოთ გამომცემლებს დაებეჭდათ ისინი და წარედგინათ მასწავლებლებისათვის შესაფასებლად და ასარჩევად. სკოლები ირჩევდნენ სახელმძღვანელოებს, მშობლებს კი უხდებოდათ მათი შეძენა. სამი წლის წინ მთავრობამ დაიწყო გამომცემლობებისგან სახელმძღვანელოების შეძენა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, რადგან ერთი ცალი წიგნის ფასი (4,5 ევრო) ხელმისაწვდომი არ იყო მთელი საზოგადოებისთვის. თუმცა სიტუაცია დრამატულად შეიცვალა აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ: ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაებეჭდა წიგნები გამომცემლობებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, რომლებიც სახელმძღვანელოების ინტელექტუალური საკუთრების მფლობელები არიან, რითაც მთლიანად უგულვებელყო მათი უფლება მიიღონ დადგენილი შემოსავალი ხელშეკრულების პირობების თანახმად, რომელიც მოიცავს საინვესტიციო შემოსავლებს, ავტორთა ჰონორარებსა და ლოგიკურ მოგებას.

 

ამ ახალი ინიციატივის შედეგად საქართველოში სახელმძღვანელოების გამომცემელთა უმრავლესობა გაკოტრდება. სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ფაილები უკვე გადაეცათ შერჩეულ სტამბებს და სამინისტროს ინსტრუქციების შესაბამისად იბეჭდება. გარიგება, რომელიც ძალზე ხელსაყრელია სამინისტროსთვის, დამანგრეველია გამომცემლობებისთვის.

 

ჩვენ დაჟინებით ვთხოვთ სამინისტროს, უკან წაიღოს უკანასკნელი ინიციატივები და გადასინჯოს სახელმძღვანელოების გამომცემელთა მდგომარეობა, რომლებიც ეჭვგარეშეა, რომ არიან პროფესიონალები სახელმძღვანელოების გამოცემის საქმეში, რომელიც აუცილებელია ბავშვთა და მოზარდთა განათლებისთვის საქართველოში.

 

ჩვენ სრული სერიოზულობით ვთხოვთ განათლების მინისტრს, გადაისინჯოს სიტუაცია აღნიშნულ სფეროში და შეჩერდეს გამომცემელთა საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევა, რაც უკვე ხდება და შემდგომში სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზრის მონოპოლიზებას გამოიწვევს. ბაზარზე აღარ იარსებებს ალტერნატივები, ერთი წიგნი თითოეული კლასისთვის გამოცემული ერთი გამომცემლობის მიერ იქნება უზარმაზარი უკანგადადგმული ნაბიჯი იმ 22 ევროპულ სახელმწიფოსთან შედარებით, რომლებშიც ევროპის საგანმანათლებლო გამომცემელთა ჯგუფს თავისი წარმომადგენლობა აქვს. თუკი სიტუაცია სასწრაფოდ არ გამოსწორდება, ეს მოიტანს დამანგრეველ შედეგებს არა მხოლოდ საგამომცემლო ბიზნესისთვის, არამედ საბოლოოდ გავლენას მოახდენს ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაზე, რომელიც კვლავაც აგრძელებს ბრძოლას თავისუფალი და ცივილიზებული საზოგადოების შესაქმნელად, რათა საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული წევრი გახდეს.

 

EEPG-ის მენეჯერთა საბჭოს სახელით,

პრებენ სპასი,

EEPG-ის დირექტორი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი