კომენტარი

ინციდენტი ბათუმში

3 აპრილი, 2013 • 1217
ინციდენტი ბათუმში

მინისტრი ღარიბაშვილი მართალი გამოდგა ერთ საკითხში: ბათუმის ინციდენტი არ ყოფილა განსაკუთრებული და ტრაგიკული. სამაგიეროდ იგი ცდება ამ საქმის თითქმის ყველა სხვა ასპექტში. ეს ინციდენტი შინაგან საქმეთა მინისტრისთვის წარმოადგენდა იმის შანსს, რომ ქვეყნისთვის დაემტკიცებია, თუ როგორ განსხვავდება ‘ქართული ოცნების’ მთავრობა წინა მთავრობისგან, მაგრამ დაამტკიცა საპირისპირო – დიდი განსხვავება მათ შორის არ არის და არც არის მოსალოდნელი.

 

ღარიბაშვილმა სიტყვა წარმოთქვა ბათუმის ინციდენტისა და შსს გენერალური ინსპექციის მიერ ამ ფაქტის ‘გამოძიების’ შემდეგ. ეს არის განაცხადის ნაწილი:

 

 „მე მიმაჩნია, რომ ძალიან გაზვიადებული იყო, თქვენ ალბათ ნახეთ, რომ ინციდენტისას რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა. ადგილი ჰქონდა გარკვეულ დაძაბულობას, დაძაბულ საუბარს აჭარის პოლიციის უფროსსა და მოქალაქეს შორის, რომელიც აღმოჩნდა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციის უფროსს. მე მინდა, აქვე შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიციელი და კონკრეტულად ვალერი თელია, 24 საათის განმავლობაში იცავს აჭარის მოსახლეობის უსაფრთხოებას. სწორედ იმ დღეს, იმ საათში ვალერი თელია მიემართებოდა მნიშვნელოვანი ოპერაციის განსახორციელებლად, ტრეფიკინგის ფაქტის გამოსავლენად. ასე რომ, ზოგადად აჟიოტაჟი, რაც ატყდა და მე მოვისმინე, განცხადებები, რომ თითქოს ვინმემ კამერები წაშალა და ჩვენ ეს დავმალეთ. თქვენ ნახეთ გენინსპექციის დასკვნა და იქ დეტალურად არის აღწერილი, თუ რა მოხდა რეალურად. არაფერი არ დაგვიმალავს, არაფრის აღიარება ჩვენ არ გვჭირდება, ჩვენ ვამბობთ სიმართლეს. ეს არის ჩემი პასუხი. აქვე მინდა განვმარტო, რომ თუ ვინმეს რაიმე გადაცდომა ჰქონდა, თუნდაც ტექნიკოსს, რომელსაც წაეშალა, თუ წაშალა თუ რაღაც, ეს არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ამოვიღეთ ალტერნატიული წყაროდან ვიდეოფირები და თვითონ გავავრცელეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს ინციდენტი არის ძალიან გაზვიადებული, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, აშშ-ში ან ევროპის ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში რომელიმე რეგიონის პოლიციის უფორისისთვის მოქალაქეს, ისიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფს, რომ მიეყენებინა სიტყვიერი შეურაცხყოფა?! ძალიან გთხოვთ, ყველა კარგად დაფიქრდით. ვალერი თელიამ გამოიჩინა ნებისყოფა. რა თქმა უნდა, უსიამოვნოა და იდეალურად არ წარიმართა ყველაფერი, მაგრამ მას აქვს მუნდირის ღირსების განცდა, ის იყო ვალდებული, დაეცვა საკუთარი მუნდირი.“

 

გრამატიკას, სტილს და გამოთქმული აზრის სიცხადეს რომ თავი დავანებოთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი მაინც გამოსჭვივის ღარიბაშვილის სიტყვიდან. ერთი, ტრადიციული საბჭოური ლოგიკით იგი ყველაფერს აბრალებს მოქალაქესა („ნასვამ მდგომაროებაში,“ იგინებოდა) და უმცროს თანამშრომელს („თუნდაც ტექნიკოსს“ წაეშალა). მეორე, აშკარად ხელს აფარებს პოლიციის უფროსს, რომელიც იმდენად ბრიყვია, რომ მოქალაქეებთან ჭიდაობს ქუჩაში და ისიც იმ დროს, როდესაც „მეტად მნიშვნელოვანი ოპერაცია“ ელოდებოდა „განსახორციელებლად“ – „ტრეფიკინგში“ თუ ის იგულისხმება, რასაც ადამიანის მოტაცებისა და დამონების დანაშაული გულისხმობს, გამოდის რომ თელიამ ხალხის გადარჩენაზე იმ მომენტში ხელი აიღო და მთვრალებთან ქუჩაში საქმის გარჩევა დაიწყო. მესამე, აზვიადებს ან იგონებს ფაქტებს – თელია „24 საათის განმავლობაში იცავს“ აჭარის მოსახლეობას; აგრეთვე, იგი სუპერმენივით მარტო მიემართებოდა „მეტად მნიშვნელოვანი ოპერაციის განსახორციელებლად.“ მეოთხე, ღარიბაშვილს წარმოდგენა არა აქვს, თუ როგორ არის პოლიციის ძალა მოწყობილი შეერთებულ შტატებში, სადაც „რეგიონული პოლიციის უფროსი“ არ არსებობს – როგორც ჩანს, ამ თემაზე არათუ წიგნი არ წაუკითხავს, არამედ ჰოლივუდის კინოც არა აქვს ნანახი.

 

რაც მთავარია, ღარიბაშვილი ვერ ხვდება, თუ რამდენი სისულელე თქვა ერთ მოკლე სიტყვაში და რა ზიანი მიაყენა ამითი მმართველი პარტიის პრესტიჟს. ეს თუ არ არის არაკომპეტენტურობის მაგალითი, არ ვიცი, სხვა რა შეიძლება იყოს. მის ადგილას საღად მოაზროვნე ადამიანი, მართლა რომ უდანაშაულო ყოფილიყო უფროსი თელია, მაინც დასჯიდა სიტუაციის არასწორედ შეფასებისთვის და შეუფერებადი საქციელით პოლიციელის „მუნდირის“ დამცირებისთვის. ღარიბაშვილს რომ ჭკუა ან გამოცდილება ყოფნოდა, თელია გახდებოდა განტევების ვაცი და სიმართლე და წესიერება არ შეეწირებოდა მის გადარჩენას. ასე რომ,მოქცეულიყო, ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ‘ოცნების’ მთავრობის პრესტიჟს გაამყარებდა.

 

ყველაზე ფანტასტიკური ამ ისტორიაში კი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს განაცხადი, რომლის თანახმად აჭარის პოლიციის უფროსს მართვის მოწმობა არა აქვს! მარტო ამის გამო ჰქონდა ღარიბაშვილს თელიას სამსახურიდან გაშვების ფორმალური საფუძველი. გამოდის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაიქირავა პოლიციელი, რომელსაც მართვის მოწმობა არა აქვს, და ამავე დროს, მინისტრს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია ამ პოლიციელის მიერ ავტომობილის მართვა, თანაც „მნიშვნელოვანი ოპერაციის“ განხორციელების დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი