კომენტარი

აგრარიკოს მეცნიერთა მიმართვა კახა ბენდუქიძეს

19 მარტი, 2013 • 1039
აგრარიკოს მეცნიერთა მიმართვა კახა ბენდუქიძეს

აგრარიკოს მეცნიერთა ჯგუფი მოგიწოდებთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოცემულ ვადაში უზრუნველყოთ აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციასთან დაკავშირებული ყველა ხარვეზის გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტების წინაშე პასუხისმგებლობა პირადად თქვენ დაგეკისრებათ!

მოგიწოდებთ, რომ შეცდომაში ნუ შეგყავთ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, მედია და ქართული საზოგადოება, თითქოს უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის ხელახალი განაცხადის წარდგენა გამოიწვევს საერთაშორისო საგრანტო პროექტების შეწყვეტას, კვლევითი საქმიანობის შეჩერებას, სტუდენტებისთვის სახელმწიფო გრანტების გაუქმებას, აბიტურიენტების ახალი ნაკადის ვერმიღებას და ა.შ.

თქვენთვის და საზოგადოებისთვის უკვე კარგადაა ცნობილი, რომ საბჭომ უნივერსიტეტს მისცა შესაბამისი ვადა, რაც აღნიშნულია საბჭოს გადაწყვეტილებაშიც და, შესაბამისად, ნიშნავს იმას, უნივერსიტეტს ამ ვადაში არ შეუწყდება არც ერთი პროგრამა თუ პროექტი, ამიტომ თქვენ მიერ ზემოთ დასახელებული პრობლემები საფუძველს მოკლებულია, თუ, რა თქმა, უნდა ხარვეზებს დროულად გამოასწორებთ! ამას ემატება ისიც, რომ მინისტრი მარგველაშვილი სტუდენტებს დაპირდა ამ საკითხის მაქსიმალურად მოკლე დროში მოგვარებას, რაც თქვენ საშუალებას გაძლევთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა!

მოგიწოდებთ, აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხი ნუ გადაგაქვთ პოლიტიკურ სიბრტყეში, რადგან იგი წარმოადგენს მხოლოდ სამართლებრივ პროცედურათა სისტემას, რომელიც თქვენი თანამოაზრეთა გუნდის მიერ იქნა თავის დროზე მიღებული. თქვენ ვალდებული ხართ ყველა ხარვეზი გამოასწოროთ და აღასრულოთ მოქმედი კანონმდებლობა, ვიდრე ის მოქმედებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირადად თქვენ უპირისპირდებით თქვენსავე სტუდენტებს!

პირადად თქვენგან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან ველით ქმედით ნაბიჯებს ავტორიზაციის ხარვეზების დაუყოვნებლივ გამოსასწორებლად!

პატივისცემით,

აგრარიკოს მეცნიერთა 60- კაციანი ჯგუფი

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი