კომენტარი

პრეზიდენტის გადაყენება შესაძლებელია

19 თებერვალი, 2013 • 1845
პრეზიდენტის გადაყენება შესაძლებელია

გადავწყვიტე,  გამოვთქვა გულის ტკივილი  და წუხილი იმ იურისტების მიმართ, რომლებმაც სწორად ვერ შეაფასეს დღევანდელ კონსტიტუციაში არსებული საფუძვლები, სიღრმისეულად ვერ ჩაწვდნენ კონსტიტუციის მუხლებს და საშუალება მისცეს სააკაშვილს, უკანონოდ მიეთვისებინა ხელისუფლება. უფრო მეტიც, თვითონვე აცხადებენ დღემდე, რომ ამ კონსტიტუციაში ისეთი რამე ჩააწერინა პრეზიდენტმა, რომ მისი გადაყენება შეუძლებელია, რაც მიმაჩნია მცდარ აზრად და მისი გადაყენება არსებული კონსტიტუციით სავსებით შესაძლებელია.


ახლა იმ არგუმენტებზე, რომელთა გამოყენებით შეიძლება ამ “ვირუსისგან საქართველოს განკურნება” და ქვეყნის კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნება.


კონსტიტუციის 70–ე მუხლის მე–9 პუნქტის განმარტება მიაჩნიათ გადაულახავ ზღუდედ მაშინ, როცა ზუსტად ეს მუხლი მიანიშნებს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას. კონსტიტუციაში ყველაფერია ჩადებული პრეზიდენტისთვის მითვისებული უფლებამოსილების კანონიერი გზით ჩამორთმევისთვის. კონსტიტუციის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტში სწერია, რომ “არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.” შემდეგ, 70–ე მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად,”საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.” ამ ორივე მუხლში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რომ მათში არის კანონმდებლის, ე.ი. კონსტიტუციის იმპერატიული მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც გინდა მოხდეს აღნიშნული მოთხოვნა უნდა იქნეს შესრულებული როგორც ხელისუფლების მითვისების, ასევე, უფლებამოსილების 5-წლიანი ვადის შემთხვევაში. ეს მუხლი კატეგორიულად კრძალავს პრეზიდენტისთვის 5 წელზე მეტი ან ნაკლები ვადით უფლებამოსილების მინიჭებას. ეს ძირითადი მუხლია პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის განსაზღვრისას, ხოლო სხვა მუხლები ატარებენ დამაკონკრეტებელ ხასიათს სხვადასხვა შემთხვევებში, როგორიცაა – გადადგომა, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა, გარდაცვალება, და ისინი არ შეიცავენ იმპერატიულ მოთხოვნას. კონსტიტუციის 70–ე მუხლის მე–9 პუნქტში წერია, რომ “პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა.”ეს მუხლი ზუსტად განმარტავს საქართველოში დღეს შექმნილ სიტუაციას, როცა პრეზიდენტი არ იყო არჩეული ოქტომბერში და 5- წლიანი ვადის ამოწურვა არ ემთხვევა ოქტომბერში არჩევნების ჩატარებას, ესე იგი დარღვეული იყო არჩევნების 5 -წლიანი ციკლი. ამიტომ კანონმდებელი კიდევ ერთხელ გვახსენებს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შესახებ, რადგან კანონმდებელმა იცის კანონის 5- წლიანი იმპერატიული მოთხოვნა, რომ ვადის გასვლის გამო პრეზიდენტი უნდა გადადგეს, რის შემდეგ იქვე განმარტავს, თუ როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები.


ახლა ვეკითხები ნებისმიერ იურისტს და ამ საქმეში ჩახედულ ყველა ადამიანს, რას ნიშნავს უფლებამოსილების ვადის ამოწურვა? პასუხი ერთმნიშვნელოვანია, რომ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ პრეზიდენტი უნდა გადადგეს და მისი მოვალეობა უნდა შეასრულოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც უნდა მიიყვანოს ქვეყანა არჩევნებამდე და 60 დღით ადრე დანიშნოს არჩევნები ოქტომბერში. დარწმუნებული ვარ, იურისტები დააბნია ამ მუხლში ჩაწერილმა ფრაზამ, რომ ” არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა.” განა პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ერთნაირი უფლებით არ სარგებლობენ არჩევნების დანიშვნის საკითხში? თუ პრეზიდენტი გარდაიცვალა, მისი მოვალეობის შემსრულებელმა არ უნდა დანიშნოს არჩევნები? თუ ეტყვით, მოიცადე, ჯერ არჩევნები დანიშნე და მერე მოკვდიო? ამიტომ კანონმდებელი აღარ დაწვრილმანდა და მხოლოდ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, უფლებამოსილების ვადა ამოეწურაო. დავუშვათ, პრეზიდენტმა არ დანიშნა ოქტომბერში არჩევნები და არც გადადგომას აპირებს, როგორც ახლაა. როგორ უნდა გადააყენოთ იგი? ერთადერთი ბერკეტი რჩება, რომ მეორე ვადით არის არჩეული. პირველი ვადით რომ იყოს, მაშინ რა ვქნათ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა ყურადღებით წავიკითხოთ კონსტიტუციის კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც აგვირგვინებს ჩემს მსჯელობას და ქვაკუთხედად დევს კონსტიტუციაში, ეს არის 51 პრიმა მუხლის დ) პუნქტი “პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში, გარდა: დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში.” თუ რომელიმე იურისტი დამიდასტურებს, როდის გასდის სააკაშვილს უფლებამოსილების ვადა და საიდან სადამდე ითვლება ბოლო 6 თვე, მე მივესალმებოდი მას, რადგან მისი უფლებამოსილების ვადა უკვე გავიდა და მას უკანონო პრეზიდენტობა იურისტებმა ჩააბარეს გაუთვალისწინებელ დრომდე. მან შეიძლება არჩევნები დანიშნოს 1 ან 31 ოქტომბერს და ასე სამკითხაოდ უნდა გახდეს პარლამენტის დათხოვნის ვადა? მაშინ, როცა ეს ჩანაწერიც კიდევ ერთხელ გვახსენებს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადას, მაგრამ ზოგიერთი იურისტი ჯიუტად არ იზიარებს კონსტიტუციის კიდევ ერთ  იმპერატიულ მოთხოვნას, რომლის დარღვევის უფლება არავის არ აქვს. ახლა იმაზე, თუ როგორ უნდა ჩამოშორდეს პრეზიდენტი უკანონოდ მითვისებულ ხელისუფლებას, რადგან თავის დროზე არ მოითხოვეს პრეზიდენტის გადადგომა 5- წლიანი ვადის ამოწურვის გამო. კონსტიტუციის 66–ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად, ” პარლამენტში კანონპროექტი ან დადგენილება მიღებულად ითვლება, როცა მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონპროექტის ან დადგენილების მიღების სხვა წესი.” ამ შემთხვევაში პარლამენტმა უნდა მიიღოს დადგენილება(რომელიც არ გაუჭირდებათ) პრეზიდენტის მიერ უკანონოდ მითვისებული ხელისუფლების ჩამორთმევის თაობაზე და მისი შესრულება დაავალოს საქართველოს მთავრობას, რომელსაც აღასრულებენ ძალოვანი სტრუქტურები. კონსტიტუციაში ვერ ნახავთ ვერც ერთ მუხლს, რომელიც ეწინააღმდეგებოდეს ამ დადგენილების მიღებას. იურისპრუდენციაში კი ყველაფერი ნებადართულია, რაც აკრძალული არ არის. მე მზად ვარ, ნებისმიერ დონეზე დავიცვა და განვამტკიცო ჩემი პოზიცია, თუ ამას ვინმე საჭიროდ ჩათვლის. საზოგადოებას კი ვთხოვ, გამოთქვან თავიანთი შეხედულებები აღნიშნულთან დაკავშირებით. ვფიქრობ, პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მსჯელობა აღნიშნულთან დაკავშირებით, რათა დააბრუნოს ქვეყანა კონსტიტუციურ სივრცეში.

P.S. ჩემი მოსაზრების შესახებ ტელეფონით დავუკავშირდი ბატონ ვახტანგ ხმალაძეს, მაგრამ, სანამ ჩემს არგუმენტებს ვეტყოდი, მან კატეგორიული უარი განმიცხადა და მითხრა, რომ ასეთი რამ არ შეიძლება არსებობდეს. აქვე მირჩია, დამეწერა და გამომექვეყნებინა, რაც მე შევასრულე. დარწმუნებული ვარ, ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ბატონი ვახტანგი  შეიცვლის  აზრს და  დაეთანხმება ჩემს არგუმენტებს.


პატივისცემით,                      
ვახტანგ ბალარჯიშვილი,      იურისტი,            
 ქ.ყვარელი

მასალების გადაბეჭდვის წესი