კომენტარი

ახალგაზრდული არასამთავრობოები გამოძიების პროცესში კურტანიძის გადადგომას მოითხოვენ

31 იანვარი, 2013 • 1065
ახალგაზრდული არასამთავრობოები გამოძიების პროცესში კურტანიძის გადადგომას მოითხოვენ

“საზოგადოებისათვის როგორც ცნობილია, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილს იმის გამო, რომ აღნიშნულმა პირმა ხელი არ მოაწერა კურტანიძის მიერ მწვრთნელების გადაყენების მოთხოვნას, რაც, თავის მხრივ, პრეზიდიუმთან შეთანხმების გარეშე კანონის დარღვევას წარმოადგენს.

 

ჩვენ ვგმობთ თანამდებობის პირების მიერ გარკვეული საკითხების თავისათვის სასიკეთოდ გადაწყვეტის მოტივით ოპონენტების ფიზიკური ანგარიშსწორებას. აღნიშნული ფაქტი ასევე წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის უხეშ დარღვევას, რომლის თანახმადაც სახელმწიფო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ლუკა კურტანიძე ახლახან დაინიშნა პოლიციის აკადემიის პრორექტორად, აღნიშნული ინციდენტის ნეგატიური ეფექტი კიდევ უფრო მძიმდება, ვინაიდან სწორედ კურტანიძე უნდა იყოს ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იქცეოდეს რიგითი პოლიციელი.

 

ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და მოვითხოვთ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება, ხოლო გამოძიების პროცესში ლუკა კურტანიძე დროებით გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობებიდან. იმ დროს, როდესაც ახალი ხელისუფლების მიერ არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი იყო დაპატიმრებული ზ/აღნიშნული მუხლის დარღვევის გამო, ამ ფაქტს სახელმწიფოსგან უნდა მიექცეს გასანკუთრებული ყურადღება, რადგანაც ახალი ხელისფულების ახლად დანიშნული წარმომადგენლის (პოლიციის პრორექტორი) მიერ პირდაპირ და აშკარად მოხდა 333-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევა.

 

თუკი ჩვენი მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა, ჩვენ მიერ ეს ჩაითვლება შერჩევით  მართლმსაჯულებად და ჩვენ პროტესტის სხვა ფორმებს მივმართავთ.”

 

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  1. ტოლერანტობის სახლი
  2. უფლებების სკოლა
  3. ახალგაზრდა მედიკოსთა ქსელი
  4. ტურიზმის სოფლის მეურნეობის კვლევითი და გადამზადების ინსტიტუტი
  5. ახალგაზრდა სოციოლოგთა და პოლიტოლოგთა კლუბი
  6. სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი
  7. ეკო ტრანსპორტ ცენტრი
  8. ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი
  9. ალიანსი უცხოელი სტუდენტები ლატვიაში და ინტეგრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი