საქართველოს და რუსეთის პატრიარქებმა ისაუბრეს საქართველო–რუსეთის პოლიტიკურ სიტუაციაზე, თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის მაღალი რანგის სასულიერო პირების მოსაზრებები ქვეყნებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით, აქვთ თუ არა მათ რეალური ძალა შეცვალონ არსებული სიტუაცია პოლიტიკოსებისგან დამოუკიდებლად?

თუ პოლიტიკური სიტუაციის პოზიტიურად შეცვლაზე ვსაუბრობთ – არა, ეს შეუძლებელიც კი გახლავთ. მაშინ, როდესაც საქართველოში ეკლესიამ მეტნაკლებად ავტონომიურობა შეინარჩუნა და ხალხის ცნობიერებაში ის დამოუკიდებელ პოლიტიკურ ინსტიტუტად აღიქმება, რუსეთში ეს ასე არ გახლავთ.
პეტრე პირველიდან მოყოლებული, საუკუნეების განმავლობაში რუსეთის ეკლესია იყო მსახური რუსეთის სახელმწიფო აპარატისა და დღესაც მის ერთგვარ დანამატს წარმოადგენს. თუ ელცინის სუსტი მთავრობის პირობებში რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ჰქონდა დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა, პუტინისა და დღევანდელი პატრიარქის პიროებებში მსგავსი რამ არც კი იგრძნობა. ეკლესია სახელმწიფოს მხრიდან იღებს დიდი რაოდენობის დაფინასებას, პოლიტიკურ მხარდაჭრას და საჭიროების შემთხვევაში, უმკაცრესად უსწორდება მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ძალებს. სანაცვლოდ კი მოსკოვის საპატრიარქო მხარს უჭერს რუსეთის მთავრობის ქმედებებს და ხშირად მათ ლეგიტიმაციაშიც კი ეხმარება. სიმბოლურად ამ პარადიგმის ნათელ გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ რუსეთის პატრიარქი მაშინდელი პრეზიდენტ მედვედევის შემოთავაზებას დაჰყვა და იგი კრემლშია რეზიდირებული.
პატრიარქთა შეხვედრის ამსახველ გავრცელებულ ინფორმაციებში არსად არის დაფიქსირებული რომელიმე მათგანის კონკრეტული მოსაზრება პოლიტიკურ პრობლემატიკასთან დაკავშირებით. ამ კუთხით ორივე ეკლესიის მხრიდან რეალური სახის ნაკლები ინიციატივა არსებობს და ისინიც სრულიად არაქმედითად რჩებიან ხოლმე. მათ პოზიტიური როლი ვერც 90-ანი წლების კონფლიქტებში შეძლეს და ვერც 2008 წლის ომისას.

ორივე პატრიარქს სხვა კონკრეტული მიზნები ამოძრავებს. პატრიარქ კირილს სურს საქართველოს საპატრიარქო კვლავ დარჩეს მის მხარდამჭერად საერთაშორისო დონეზე და შეეწინააღმდეგოს კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ინიცირებულ პან-მართლმადიდებლურ კრებას, რომელიც სავარაუდოდ რუსეთის საპატრიარქოსათვის არასახარბიელო შედეგებით დამთავრდება.
მეორეს მხრივ, პატრიარქ ილია მეორეს სურს შეინარჩუნოს მინუმუმ სტატუსქვო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეპარქიებთან მიმართებაში და მეორეს მხრივ მოაგვაროს რუსეთის ტერიტორიაზე დაკრძალულ მეფეების ნეშტთა გადმოსვენების საკითხი. პატრიარქი ილია მეორე მოსახლეობის თვალში მიჩნეულია ერის სულიერ მამად და ეროვნული საქმის მოამაგედ. ასეთი იმიჯის კვლავ და კვლავ გააქტიურებას თავის მხრივ მსგავსი აქციების ჩატარება ესაჭიროება.
რაც შეეხება პატრიარქის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას, რას შეიძლება ველოდოთ ამ შეხვედრისგან, რომელსაც რუსეთის პატრიარქიც დაესწრო?
რუსეთი არის ჩვენი გეოგრაფიული მეზობელი, გვინდა თუ არ გვინდა მოგვიწევს მასთან გაგვაჩნდეს რაიმე სახის ურთიერთობა. ბოლო წლების დაძაბულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ უბრალო მოსახლეობა ძალიან დააზარალა და არსებობს იმედი ურთიერთობის დალაგებისა. ეს მოლოდინი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უკანსკნელი ცვლილებების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. მაგრამ მიუხედავდ ამ მოლოდინებისა, ამ კუთხით მკაფიო გადაწყვეტილების მიღება დაგეგმილი შეხვედრისას გამორიცხულია.
პრეზიდენტმა პუტინმა არათუ პატრიარქის არამედ მთავრობაში მოსული მმართველი პარტიის კეთილმეზობლური ურთიერთობის ინიციატივაც კი გამორიცხა. მან ძლაიან მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ საქართველო არ აღიარებს აფახაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ვერანაირი ურთიერთ თანამაშრომლობის შესაძლებლობას ვერ ხედავს. ამის შემდეგ კი თანამშრომლობის მეორე ტიპის პრესპექტივაზე ისაუბრა და სუვერენული სახელმწიფოს ნაცვლად თბილისის გუბერნია ავბედითად ახსენა. ამგვარი კრიტიკული სიტუაციის მიუხედავად მოსახლეობას არ სურს დაიჯეროს, რომ არ არსებობს ურთიერთთანამშრომლობის იმედი. უბრალო მოქალაქეებს აქვთ მოლოდინი, რომ კვლავ შეძლებენ რუსეთში ვაჭრობას, სამუშაოდ წასვლას, ნათესავებთან კომუნიკაციას და ასე შემდეგ. ცალკე თემაა სექსუალური თავგადასავლების ნოსტალგია. სწორედ ამგვარ იმედებს აძლიერებს ასეთი დემონსტრაციული ტიპის ვიზიტები. ეს არის მორიგი შეხვედრა, რომლითაც უბრალოდ შეიქმენება კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ერთგვარი ილუზია.
როგორც ვნახეთ ამ შეხვედრისასაც მხოლოდ ზედაპირული საუბარი იყო სულიერ ძმობაზე, ჰუმანიტარულ დიალოგსა და კულტურათა სიახლოვეზე. პრეზიდენტმა პატრიარქს საიუბილეო თარიღები მიულოცა მან კი თავის მხრივ ივანიშვილის მოკითხვა გადასცა.
პატრიარქმა განაცხადა რომ ” რუსეთს ესაჭიროება ერთიანი საქართველო და საქართველოს ერთიანი და ძლიერი რუსეთი”, თავის მხრივ რუსეთის პატრიარქმა გამოთქვა მოსაზრებები საქართველოში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს განცხადებები? წინა შეხვედრისას რუსეთის პატრიარქთან, 2011 წელს, იყო საუბარი იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს ეკლესიის მეშვეობით საქართველოში პოლიტიკური მხარდამჭერები გაიჩინოს.
ის რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ეკლესია საკუთარ საყრდენად აქციოს საქართველოში პოლიტიკური მიზნებისათვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს და საერთოდაც ამგვარ თანამშრომლობას ჯერ კიდევ ერეკლე მეორეს მეფობისას ჩაეყარა საფუძველი. ეს საკითხი საკმაოდ ღრმა შესწავლას იმსახურებს და რატომღაც საქართველოში დღემდე უმნიშვნელოდ არის მიჩნეული. ეპოქების მიხედვით სხვაგავრად ახორციელებდნენ ეკლესიის მაღალი იერარქები რუსეთის მხარდაჭერას და მისი დამპყრობლური პოლიტიკის გამართლებას. ეკლესიას გააჩნია დამპყრობლებთან კოლაბორაციონიზმის გარკვეული ისტორიული გამოცდილება და არაა აუცილებელი იგი რადიკალურად ნეგატიური თვალსაწიერიდან აღვიქვათ.
როდესაც სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ჩიხში შევიდა და ამ თემასთან დაკავშირებით მოსახლეობის უკმაყოფილებაც გახმოვანდა, 2011 წელს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა რუსეთში პატრიარქი ჩემი ინიციატივით მივავლინეო. მას თითქოს სხვადასხვა პოლიტიკური და საეკლესიო საკითხების გარდა თავისუფლი მიმოფრენის საკითხი უნდა გადაეჭრა. კარგად ვიცით, რომ ეს შეხვედრებიც მხოლოდ ფორმალობად დარჩა.
ფრაზა, რომ რუსეთს ერთიანი საქართველო ესაჭიროება, ხოლო მას პირიქით ერთიანი და ძლიერი რუსეთი – არის სრულიად ზედაპირული და არაფრის მთქმელი. რუსეთის სახელმწიფოს ძლიერების თანამედროვე კონცეპტი სწორედ მეზობელი სახელმწიფოების ჩაყლაპვას ან მათზე კონტროლი დამყარებას გულისხმობს.
2008 წლის ომის შემდეგ, პატრიარქმა კირილმა სამხრეთ ოსეთში დაღუპული რუსი ჯარისკაცების სულის საოხად გადახდილი პანაშვიდისას განაცხადა, რომ ისინი საქართველოს აგრესიას და ოსი ერის გენოციდისაგან დაცვას შეეწირნენ. მოგვიანებით, 2010 წელს მან ედუარდ კოკოითს ცხინვალის დამოუკიდებლობა მიულოცა, რასაც თავის მხრივ პატრიარქმა ილია მეორემ გაუგებრობა უწოდა. მოკლედ მისი უწმნიდესობის სურვილი საკუთარი ავტორიტეტით რაიმე ფუნდამენტური ცვლილება შეიტანოს რუსეთის მხრიდან საქართველოსადმი ნეგატიურ დამოკიდებულებაში არ ამართლებს. ის კი არა, მიუხედავად პატრიარქის დიდი მოლოდინისა მოსკოვში მას სრული ტიტულითაც არ იხსენიებენ და მასში დანამატის სახით შესულ, მის ბიჭვინთისა და სრულიად აფხაზეთის მთავარეპისკოპოსობას უხეშად აიგნორებენ.
პატრიარქის მხრიდან რუსეთისადმი კეთილგანწყობა როგორ იმოქმედებს საზოგადოებაზე, რადგან პატრიარქი ხალხში ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს?
პატრიარქი ყოველთვის უდიდესი სიმპატიითა და სიყვარულით იყო განწყობილი რუსეთის მიმართ, რადგან იქ დაიბადა, იქ გაატარა ჩამოყალიბების წლები, აღიზარდა იქაურ მოაზროვნეთა წიგნებზე და ა.შ. მისი შეხედულებები დიდწილად ეფუძნება მოხევეებში პოპულარულ მეფის ირაკლის (ერეკლე მოერე) დროინდეილ პარადიგმას რუსეთთან მეგობრობის შესახებ. მართლმადიდებულური რუსეთის სახით ერთადერთი პოლიტიკური პარტნიორის მითის შექმნაში ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დასავლეთის კრიტიკულ დამოკიდებლებას დამოუკიდებლობის პირველ წლებში, როდესაც მაშინდელი პოლიტიკური ელიტა და მათ შორის პატრიარქიც მათი მხრიდან უპირობო მხარდაჭერას ელოდნენ. ამ ერთგვარი იმედგაცრუებისა და საქართველოში განვითარებული სავალალო პოლიტიკური მოვლენების შემდეგ ნელ–ნელა ჩამოყალიბდა დასავლეთის მტრული სახე, ხოლო მასთან დაპირისპირებულ ძალად კი მართლმადიდებელი რუსეთი დაისახა, სადაც მალე მეფობა აღდგება და მართლმადიდებლურ ქვეყნებს არა მარტო პოლიტიკური საფრთხისაგან, არამედ მეორედ მოსვლის წინანდელი განსაცდელებისაგანც კი დაიცავს.
პატრიარქის რუსეთისადმი კეთილგანწყობა მრვალმრხრივ განევრცო საქართველოს მოსახლეობაზე. ამ თემის დაწვრილებით აღწერა, შორს წაგვიყვანს. უბრალოდ შედარებით ყველაზე დემონსტრციულსა და აქტუალურს დავასახელებ. მაგალითად 2008 წლის აგვსიტოს ომის შემდეგ კვლავ გააქტიურდა მონგოლების დროს არსებული რელიგიურ-პოლიტიკური პარადიგმა და საეკლესიო პრესამ მომხდარი ღვთის მიერ მოვლინებულ სასჯელად გაასაღა, რომელიც სწორედ დასავლეთისაკენ პოლიტიკური სწრაფვის გამო მოევლინა ჩვენს ქვეყანას. ქართველი ინტელექტუალები და არასამთავრობო სექტორი ამგვარ ტექსტებსა თუ განცახდებებს სერიოზულად არ აღიქვავენ, არადა მოსახლეობის პოლიტიკურ ცნობიერებას დიდწილად სწორედ ისინი აყალიბებენ. სწორედ ამგვარი დამოკიდებულების გამო დარჩა შეუმჩნეველი საქართველოში საბჭოეთისა და სტალინის, სწორედ პოლიტიკური მართლმადიდებლობიდან ამოზრდილი, უცნაური კულტი. მაგალითად სოფელ ალვანში სტალინის ძეგლის აღდგენისას წაკითხული იქნა ნაწყვეტები მამა გიორგი ბასილაძის წიგნიდან, რომელშიც სტალინი მასონური დასავლეთის წინაარმდეგ მებრძოლ ფარულ მართლმადიდებლად არის გამოყვანილი. ოკუპაციის მუზუმის გაუქმებისასაც წამყვანი სწორედ სტალინის მართლმადიდებლობის შესახებ არგუმენტი გახლდათ.
ეს პოლიტიკური ერთმორწმუნეობის ფაქტორი თავის მხრივ წმიდა სარწმუნოებრივ საკითხებთან არანაირ არსებით კავშირში არ არის და მხოლოდ კონფესიური კუთვნილებით პოლიტიკური მანიპულაციის ნაყოფს წარმოადგენს. სამწუხაროდ ის დღესაც ძალიან ძლიერია და პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილებებისას ყოველთვის უარყოფით როლს თამაშობს. ალბათ სწორედ ამიტომაც, ქართველი პროდასავლურად მოაზროვნე ახალგაზრდების დიდი ნაწილი პატრიარქის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი, რადგან მას საქართველოში რუსეთის პოლიტიკური ჰეგემონიის მხარდამჭერად აღიქვავენ. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ისინი ამ შემთხვევაში, გაცილებით მაღალი მორალური და პატრიოტული სტანდარტებით ხელმძღვანელობენ ვიდრე თუნდაც პოლიტიკოსთა კრიტიკისას.
თუ შეგიძლიათ მოგვიყვანოთ მაგალითი, რამდენად პოლიტიკურად აქტიურია ეკლესია ევროპასა და ამერიკაში?
ევროპასა და ამერიკაში ეს საკითხი მრვალფეროვნად არის წარმოდგენილი. უბრალოდ არსებობს რამოდენიმე გენერალური ნიშანი. დასავლეთ ევროპის ქვეყნებს აქვთ მეტნაკლები სიძლიერის განმანათლებლობისა და სეკულარიზაციის ისტორიული გამოცდილება. მეორეს მხრივ ამ ქვეყნებში არსებობს მყარი პოლიტიკური ორიენტირები, სტრუქტურები და ჩამოყალიბებული სახის, კომპეტენტურ პირთაგან დაკომპლექტებული პოლიტიკური კლასი. სწორედ ამიტომ ეკლესია დიდწილად უკვე ჩამოშორებულია პოლიტიკური სივრცის ცენტრებს. მას მხოლოდ ირიბად მოქმედების ბერკეტები გააჩნია.
საფრანგეთში მაგალითად მოქმედებს ე.წ. ლაიცისტური მოდელი, სადაც სახელმწიფო და საზოგადოება საკმაოდ აგრესიულად ეპყრობა ეკლესიის საზოგადოებრივ როლს. შედარებით ზომიერები არიან გერმანია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი და სკანდინავიის ქვეყნები, რომლებშიც სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის კონტროლის თავისებური მოდელები არსებობს. რაც შეეხება ესპანეთს, პორტუგალიას, პოლონეთს, უნგრეთს, იტალიას, საბერძნეთს – აქ ეკლესია, უფრო სწორედ ქრისტიანობაზე აპელირებული პოლიტიკური ძალები, ჯერ კიდევ დიდი მხარდაჭერით სარგებლობენ.
სხვაგვარია სიტუაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქ რელიგიური ჯგუფები ერთის მხრივ სტრუქტურულ და ინსტიტუციონალურ დონეზე სახელმწიფოსაგან მთლიანად გამიჯნულები არიან, ავტონომიით სარგებლობენ, მაგრამ მეორეს მხრივ მათი მხარდაჭერა არჩევნებისას გადამწყვეტია და ამ კუთხით სახელმწიფოს პერიოდულად უწევს მათ მიმართ მაამებლური აქციების განხორციელება. საერთოდ მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ მსოფლიო ასპარეზზე პოლიტიკური ისლამის აგრესიული სახით გამოჩენის შემდეგ ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობები დასავლეთში სხვა პარადიგმაში ჩააყენა
ეკლესიათა უმრავლესობის აქტიურობა დასავლეთში ხშირად მიმართულია სამშვიდობო ინიციატივებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროსკენ. ამ უკანასკნელის მიმართ ოდნავ სპეციფიური მიდგომა აქვს კათოლიკურ ეკლესიას, მაგრამ სამაგიეროდ მისი როლი მშვიდობის დამყარების საქმეში მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყნის შემთხვევაში დღემდე სამაგალითოა.