ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 2013 წლის 18 იანვარს გავიდა გადაცემა „იმედის დილა“, სადაც 8 საათსა და 32 წუთზე წამყვანებმა, დავით ქაცარავამ და სალომე გოგიაშვილმა,გააჟღერეს ფრაზები: „გულწრფელად მეცოდება ელტონ ჯონის ორივე სუროგატი შვილი“ „ ნამდვილად არ მშურს მისი, რომ გაიზრდება, ორი მამა ეყოლება“. მსგავსი ირონიული ტონისა და ქილიკის შემთხვევა ქართულ ტელესივრცეში პირველი არ არის.
შეგახსენებთ, 2010 წლის 31 დეკემბერს “იდენტობამ” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების მექანიზმს წერილობითი განცხადებით მიმართა, რომელიც შეეხებოდა 2010 წლის 28 დეკემებერს გადაცემა “დილა მშვიდობისა საქართველოს” წამყვანების გვანცა დარასელიასა და იმედა არაბულის მხრიდან მაუწყებლობის შესახებ კანონისა და ქცევის კოდექსის დარღვევას. საქმე ამჯერადაც ელტონ ჯონსა და მის პარტნიორზე ჰომოფობიურ ქილიკს ეხებოდა. საჩივრის საპასუხოდ რუსთავი 2-ის თვითრეგულირების მექანიზმმა დაასკვნა, რომ წამყვანთა მხრიდან აღნიშნული ქმედება ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებს არღვევდა და წამყვანებს საყვედური გამოუცხადა.
“იმედის დილის” ჟურნალისტთა ქმედებამ აღშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში. წესისამებრ, არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” 2013 წლის 18 იანვარს ტელეკომპანია იმედის ეთერში მომხდარი ინციდენტის გასაპროტესტებლად სარჩელს ამზადებდა, როდესაც ორგანიზაციას “იმედის დილის” გადაცემის პროდიუსერი ქალბატონი ირინა შენგელია დაუკავშირდა და აღნიშნულის გამო “იმედის დილას” გადაცემის რედაქტურისა და არხის ხელმძღვანელობის წუხილი გამოხატა.
ქალბატონმა შენგელიამ განაცხადა, რომ რედაქცია და მენეჯმენტი გმობენ ჟურნალისტების მხრიდან მსგავს რიტორიკას და რედაქციის თვალსაზრისი არ ემთხვევა გადაცემის წამყვანთა მიერ გაჟღერებულ მოსაზრებას. ჟურნალისტებს მკაცრი გაფრთხილება მიეცათ და ამასთან, რედაქტორის თქმით, ტელეკომპანიის მენეჯმენტი იღებს პასუხისმგებლობას, აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები. ასევე “იმედის” მენეჯმენტის სურვილით, 2013 წლის 19 იანვარს ორგანიზაცია “იდენტობას” წარმომადგენლებსა და ტელეკომპანიის მენეჯმენტს შორის შეხვედრა შედგება. “იმედი” ასევე გეგმავს უახლოეს დროში გაავრცელოს განცხადება, სადაც წერილობით იქნება დადასტურებული მათი ზემოთ აღნიშნული პოზიცია წამყვანების ჰომოფობიურ ქმედებასთან დაკავშირებით.
“იდენტობა” შეშფოთებას გამოხატავს უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებისა და მედიის რიგი წარმომადგენლების მხრიდან ჰომოფობიური გამონათქვამების გამო. ამავე დროს, ქართული ლგბტ თემის მიერ მინიჭებული მანდატის ფარგლებში, ორგანიზაცია მიესალმება ტელეკომპანიის მენეჯმენტის პროაქტიულ ქმედებას.
“იდენტობა” გამოხატავს მზადყოფნას, ერთი მხრივ, მყისიერი და საჯარო რეაგირებით დაიცვას ქართული ლგბტ თემის წარმომადგენელთა ღირსება და ადამიანის უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, ქართული მედიაორგანიზაციების მზაობის შემთხვევაში ტრეინინგებისა და სემინარების მეშვეობით უსასყიდლოდ დაეხმაროს მათ ლგბტ პირთა მიმართ თანამშრომლების მგრძნობელობის ამაღლებაში.
