კომენტარი

რამ შეჭამა ბოლონიის პროცესი?!

11 იანვარი, 2013 • 1590
რამ შეჭამა ბოლონიის პროცესი?!

მამუკა საფარიძე
მამუკა საფარიძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველი ახალი სასწავლო სემესტრი სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლებით იწყება. წელს, ისევ, სტუდენტთა პროტესტი უნივერსიტეტის ელექტრონული ბაზების გაუმართაობამ გამოიწვია. უნივერსიტეტში აკადემიური რეგისტრაციის დაწყების პირველივე დღიდან სტუდენტების წინ ისევ დადგა დიდი ხნის ნაცნობი პრობლემა, ახლა კიდევ უფრო მოუგავრებელი და კიდევ უფრო გაუმართავი.

რა სახის პრობლემასთან აქვთ სტუდენტებს საქმე და სად არის პრობლემის საწყისი, რა არის მისი წარმოქმნის მიზეზები? რატომ არის ის მოუგვარებელი რამდენიმე წლის მანძილზე?

მას შემდეგ რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისევე როგორც საქართველოში აკრედიტებული ყველა სხვა უმაღლესი სასწავლებელი, ბოლონიის პროცესის მონაწილე გახდა, ის ავტომატურად იმ სტანდარტების გამტარებელი აღმოჩნდა, რომელსაც აღნიშნული პროცესი გულისხმობს. უნივერსიტეტში შემოღებულ იქნა სწავლების საკრედიტო სისტემა, რიგი სასწავლო კურსების ელექტრონული სწავლება, სალექციო და საგამოცდო ფორმატის შეცვლა და რაც ჩვენს განსახილველ პრობლემას უკავშირდება- სტუდენტთა ელექტრონული ბაზები. მათი მეშვეობით ისინი ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში გადიან რეგისტრაციას, ფიქსირდებიან შესაბამისი სემესტრის სტუდენტებად და ელექტრონულად ირჩვენ მათთვის სავალდებულო თუ სასურველ საგნის კურსსა და პედაგოგს. ბოლონიის პროცესის თანმხლები მოდერნიზებული სტანდარტების სიკეთეებზე არავინ დავობს და მისი მონაწილე დასავლეთის ყველა წამყვანი უნივერსიტეტია, თუმცა ფაქტი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეს პროცესი ნაწილობრივ, ან სულაც რიგ კომპონენტებში, საერთოდ არ ტარდება, ცხადია.

რა სახის პრობლემა შეიძლება შეექმნას სტუდენტს ბაზის გაუმართაობის შემთხვევაში?

ელექტრონული ბაზების გაუმართაობა პირველ რიგში აკადემიური რეგისტრაციის პროცესში მის გათიშვას გულისხმობს, რაც ნიშნავს, რომ რეგისტრაციის ბოლო ეტაპამდე ვერ მისულ სტუდენტს, მანამ უწევს ლოდინი კომპიუტერთან, სანამ ბაზა არ გადაიტვირთება (‘’დარეფრეშდება’’) და მას თავიდან არ ჩართავენ უნივერსიტეტის ტექნიკური ბაზიდან.  ლოდინის მინუსებზე ბევრი შეიძლება დაიწეროს, მაგრამ თუ რატომ უხდებათ სტუდენტებს მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერთან ჯდომა და შეკეთებული ბაზების ლოდინი, აქ უკვე მეორე პრობლემაც ჩნდება.  კონკრეტული ფაკულტეტი, კონკრეტული საგნისთვის სტუდენტთა გარკვეული რაოდენობის კვოტას აწესებს, რაც გულისხმობს, რომ მისი შევსების შემდეგ, სასწავლო კურსზე დამატებითი სტუდენტები ვერ დარეგისტრირდებიან. შედეგად, სტუდენტებს ერთგვარ მარათონში უხდებათ მონაწილოების მიღება და სასურველ საგნებს ირჩევენ ის იღბლიანები, რომელთა რეგისტრაციის დროსაც ელექტრონული ბაზა ჯერ კიდევ „ჭკუაზეა“, აქვთ სწრაფი ინტერნეტი და არიან პირველები, რომლებიც კომპიუტერთან ისხდნენ, ელექტრონული ბაზის გახსნიდან პირველივე წუთებში.

ასეთი ციებ-ცხელების დროს გამორთული ელექტრონული ბაზა, როცა სტუდენტს სავალდებულო საგნების ნახევარიც კი არა აქვს არჩეული, საგანზე დარეგისტრირების მსურველებს აფსაიდში ტოვებს და ისინი მანამდე ვერ დგებიან კომპიუტერების მაგიდიდან, სანამ ბაზა არ შეკეთდება (თუნდაც დილიდან საღამომდე). წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზასთან საღამოს მიბრუნებულ სტუდენტს, როგორც ხდება ხოლმე, სასურველ საგანზე თავისუფალი ადგილები აღარ ხვდება.

რატომ ითიშება ბაზა შუა რეგისტრაციის დროს?

კითხვა, რომელსაც პრობლემის სათავესთან მივყავართ. საქმე ისაა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური ბაზა, რომელიც სტუდენტებს ემსახურება გათვლილია დაახოლებით 3 000 სტუდენტზე, ხოლო აკადემიური რეგისტრაციისას მისით 22 000-მდე სტუდენტი სარგებლობს. ბუნებრივია, ბაზა იტვირთება და მწყობრიდან გამოდის. შედეგად რეგისტრაცია წყდება, მანამ, სანამ ტექნიკური პერსონალი მას არ გამართავს. შეწყვეტილ რეგისტრაციას კი სტუდენტთა პროტესტთან მივყავართ.

მიმდინარე სასწავლო წელი სახელმწიფო უნივერსიტეტში სწორედ ამ ფაქტთან (და არამარტო ამ ფაქტთან) დაკავშირებული საპროტესტო აქციებით დაიწყო. სტუდენტთა დიდი ნაწილი, რომელთაც მოთმინება დაეკარგათ რამდენიმე წლის მანძილზე მოუგვარებელი პრობლემის გამო, უნივერსიტეტში შეიკრიბა და ტექნიკური პერსონალის სამუშაო ოთახის წინ საპროტესტო აქცია მოაწყო, მოთხოვნით: გაუმჯობესდეს ელექტრონული ბაზა და სტუდენტებს მიეცეთ საშუალება ხარვეზების გარეშე თავისუფლად გაიარონ ყოველწლიური რეგისტრაცია.

საინტერესოა უნივერსიტეტის პოზიცია პრობლემასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე წლის მანძილზე. გასულ წელს უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრისას სტუდენტებმა მას ამ პრობლემის გადაწყვეტისკენ მოუწოდეს. რექტორმა აღიარა, რომ უნივერსიტეტის ბაზები ნამდვილად არ არის გამართული და, რომ პრობლემის მოგვარება სულაც არაა რთული. სტუდენტებმა მიიღეს დაპირება, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ მსგავსი პრობლემები არ შეხვდებოდათ.

წელს პროტესტზე გამოსული რექტორის განცახდებიდან ჩანს, რომ პრობლემის მოგვარებისთვის უნივერიტეტის ტექნიკურ სამსახურს არაფერი გაუკეთებია. „პრობლემის მოგვარებას დრო სჭირდება და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე“- აცხადებს რექტორი სტუდენტებთან შეხვედრისას.

სტუდენტების პროტესტზე უნივერსიტეტის ტექნიკური სამსახურის თანამშრომელიც გამოჩნდა, რომელმაც სტუდენტებს უპასუხა: „თქვენ არაჩვეულებრივი ბაზა გაქვთ“. განაცხადმა სტუდენტების გაღიზიანება გამოიწვია.

ცხადია, რომ პრობლემა მეტად მნიშვნელოვანი, ხოლო მისი გადაჭრის გზები პრიმიტიულია. ამისათვის საჭიროა უნივესიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოს საკმარისი თანხა 22 000 სტუდენტისთვის „გამძლე“ ელექტრონული ბაზის შექმნისთვის.

ისმის კითხვა, რამდენად ადეკვატურად აღიქვამს პრობლემის არსს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. რა არის მიზეზი იმისა, რომ უკვე 6 წელია პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი კეთდება. რატომ არ იხარჯება თანხა ელექტრონული ბაზების გამართვისათვის. ხომ არ გვაქვს საქმე ტექნიკური სამსახურის თანამშრომელთა არაპროფესიონალიზმთან.

სხვა უნივერსიტეტებთან შედარებისას ვხედავთ, რომ გამართული ელექტორნული ბაზების არსებობა შესაძლებელია. თსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ილიას სახელმწიფო უნივერისტეტისკენ უთითებენ, და მაგალითად ამ უნივერსიტეტის ელექტრონული ბაზები მოჰყავთ, რომლის გაუმართაობის პრობლემაც არასდროს ჰქონიათ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს. ეს მაშინ, როცა თსუ-სთან შედარებით უკანასკნელის ბიუჯეტი გაცილებით ნაკლებია.

სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური რეგისტრაცია დასრულდა. სტუდენტებს ისევ მხოლოდ დაპირება აქვთ, რომ სიტუაცია გამოსწორდება და მსგავსი პრობლემები აღარ ექნებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი