რა პრიორიტეტები გაქვთ თქვენ, როგორც არხის ხელმძღვანელობის ერთ-ერთ კანდიდატს, მაუწყებლის მართვისთვის?
“საზოგადოებრივი მაუწყებელი” არ არის ჩვეულებრივი მაუწყებელი, რომლის ყოველი დირექტორი ახალი ხედვით უნდა მოდიოდეს. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პროგრამული პრიორიტეტები უკვე შედგენილი და დამტკიცებულია, ანუ ბორდმა უკვე მისცა დავალება დირექტორს, მე შემიძლია მხოლოდ ეს დავალება შევასრულო. არის რამდენიმე ასპექტი, რომელიც, ვფიქრობ, რომ აკლია პრიორიტეტებს და მხოლოდ შემდეგი პრიორიტეტების განხილვისას შემიძლია ეს საკითხები დავაყენო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყო კანონის ჩარჩოში და დირექტორიდან დირექტორამდე არ იცვლებოდეს, თუ საით მიდის “საზოგადოებრივი მაუწყებელი”. ვებ-გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ პროგრამული პრიორიტეტები, საიდანაც 25% უნდა ეთმობოდეს ახალ ამბებს, არის რეკომენდაცია, რომ დაემატოს ჟურნალისტური გამოძიება, თოქშოუ ღია ეთერში, უფრო აქტიურად გაშუქდეს რეგიონი, იყოს ნიუსები უფრო ხშირად და უფრო დინამიური იყოს საინფორმაციო გამოშვება, ხელისუფლების მონიტორინგი მოხდეს, ევროატლანტიკურ სივრცეში მიმდინარე პროცესების და დაახლოების პროცესების გაშუქება მოხდეს, კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესების გაშუქება, თუ რა ხდება ორივე მხარეს.
ანუ ეს დავალება უკვე მიცემულია. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ სხვა, ახალი ხედვით მოვდივარ, მე ვთვლი, რომ ეს თუ გაკეთდა, საზოგადოება მიიღებს უკეთეს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ჩემი, როგორც ჟურნალისტის, რომელმაც 6 წელი გაატარა და ამ მომენტშიც მუშაობს მულტიმედიურ ნიუსრუმში, მსოფლიოში საუკეთესო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველაზე სწრაფ და კონკურეტულ ნიუსრუმში, ამ პრიორიტეტებს აკლია ინტერაქტიულობა, სოციალური ქსელების გამოყენება, აკლია მოქალაქე ჟურნალისტები, სტუდენტების გამოყენება, აკლია რადიო-ტელე-ონლაინ პლატფორმების შერწყმა, ვებ პლატფორმა, რომელიც არ არის როგორც პრიორიტეტი ჩადებული, აკლია ფორუმები და ენა. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ქართული ენის დაცვის სადარაჯოზე, ეს არ არის ის, რაზე მუშაობაც შემიძლია დავიწყო, მხოლოდ შემიძლია დავაყენო განხილვის წინაშე, რომ შემდეგ იყოს ეს პრიორიტეტებში ჩასმული.
42% საეთერო დროის უნდა დაეთმოს კულტურას და მეცნიერებას, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა შეავსოს ის დანაკლისი, რაც გამოწვეულია იმით, რომ არ არის კულტურის არხი. ბორდი უკვე ავალებს ხელმძღვანელს, რომ დასაბუთებული კვლევების შედეგები გააცნოს ადამიანებს, იყოს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, გამოჩენილი ადამიანების შესახებ გადაცემები, იყოს დიასპორაზე გადაცემები, ეთნოკულტურის ამსახველი გადაცემები. ბორდი ამბობს, რომ იყოს ნაკლები სერიალები, მეტი სპორტი, მეტი მუსიკალური კონკურსები , მეტი ასპარეზობების ტრანსლირება- ანუ ეს დავალება უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი დავალება, ის არის შესასრულებელი. მე ასევე გავეცანი კანონს, რომელიც არეგულირებს ბორდის და გენერალური დირექტორის ურთიერთობებს და მე არ ვეთანხმები მათ, ვინც ფიქრობს, რომ ამ ბორდის პირობებში არ შეიძლება საზოგადოებამ მიიღოს უკეთესი საზოგადოებრივი მაუწყებელი. დიახ, კანონში არის რამდენიმე მუხლი, რომელიც ალბათ შესაცვლელია, მაგრამ მე არ მაქვს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გამოცდილება. ეს არ უნდა გაკეთდეს სწრაფად, თუმცა, სანამ კანონი შეიცვლება, სანამ ყველა, ვისაც ესმის, ერთად გადაწყვეტს იმას, თუ როგორია უკეთესი მოდელი, არსებულ მოდელში არის დიდი პოტენციალი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უკეთ ემსახუროს საზოგადოებას. ამ პოტენციალის განხორციელების პირველი ნაბიჯი არის სარედაქციო პოლიტიკაზე წნეხის მოხსნა.
მთავარია კითხვაა- როგორ, როგორ მოხდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდეს საზოგადოებისთვის სანდო მაუწყებელი და როგორ უნდა შეასრულოთ ეს პრიორიტეტები, თუ არის საზოგადოებრივ მაუწყებელში ტექნიკური, ადამიანური თუნდაც ფინანსური რესურსი.
მე მაქვს გამოცდილება, თუ როგორ შევქმნა სანდო კონკურენტული პროდუქტი. ასევე მაქვს უნიკალური პოზიცია და შანსი, რომ პოლიტიკური ზეწოლისგან დავიცვა საზოგადოებრივი მაუწყებელი იმიტომ, რომ ვარ აბსოლუტურად დისტანცირებული ყველა პოლიტიკური ძალისგან. ამავდროულად, არ ვარ მიუღებელი იმის გამო, რომ ჩემს ბიოგრაფიაში არ არის არაფერი არაეთიკური ან რომელიმე ძალისადმი მიკერძოებული. შესაბამისად, ჩემი ერთდროულად დისტანცია და მიუკერძებლობა მომცემს იმის საშუალებას, რომ მე ვიყო იმის გარანტი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში იყოს დისტანცირებული და მიუკერძოებელი გაშუქება პოლიტიკური მოვლენების. ამას მე, რა თქმა უნდა, მარტო ვერ გავაკეთებ. ასეთივე დისტანცირებული და მიუკერძოებელი უნდა იყოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი. ეს არის ერთადერთი პირობა, რომ ჟურნალისტებზე მოიხსნას წნეხი.
რა ტიპის წნეხი აქვს არხს?
უშუალოდ რედაქტორისგან.
საინფორმაციო სამსახურის რედაქტორს გულისხმობთ?
დიახ, საინფორმაციო სამსახურის რედაქტორისგან. საქართველოს ჟურნლისტური ეთიკის ქარტიის, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ ჩატარებულ კვლევებს თუ ჩავუღრმავდებით, გადაწყვეტილებები მიიღება არა მხოლოდ სარედაქციო პრინციპებიდან გამონდინარე. როცა ქვეყანაში მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება და საზოგადოებრივი მაუწყებელი ამაზე დუმს, თავისთავად ცხადია, რომ ეს არ არის ჟურნალისტური გადაწყვეტილება. თქვენ მუშაობთ ნიუსრუმში, სადაც არ გაქვთ წნეხი, თქვენი ინტერესია, რომ გააშუქოთ მოვლენა და არ გაექცეთ მის გაშუქებას, ამიტომაცაა, რომ როცა რაღაც ხდება, მე ნეტგაზეთზე შევდივარ, იმიტომ, რომ ვიცი, თქვენ არ დააიგნორებთ. არც ერთი ჟურნალისტი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან მოვლენას არ დააიგნორებს.
ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა ამ ტიპის ფაქტები გვქონდა და არც ბორდი და არც არხის ხელმძღვანელი არ რეაგირებდა ამაზე.
ბორდმა უნდა უთხრას ხელმძღვანელს, ხელმძღვანელმა -საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს და მან ჟურნალისტს.
ეს იგნორირება ხომ ყველა რგოლზე თანაბრად ნაწილდება, არა?
არსებული კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ გენერალურმა დირექტორმა განახორციელოს ბორდის მიერ მიღებული დავალება, რომ ბორდმა არ მოახდინოს მიკრომენეჯმენტი, ამის ჩარჩოებს იძლევა არსებული კანონი. მე ბორდს ვთავაზობ, რომ კანონის ფარგლებში გვქონდეს ურთიერთობა. მე პატივს ვცემ მათ დავალებას, მე მათ ვთავაზობ, ამირჩიეთ და მე თქვენს დავალებას შევასრულებ. ჟურნალისტური გამოძიების საკითხია, რატომ არ სრულდებოდა ბორდის მიერ მიცემული დავალება და საზოგადოების დაკვეთა. მე მოვდივარ შეთავაზებით, რომ მომეცით იმის საშუალება, რასაც იძლევა კანონი და იმ რეკომენდაციების დანერგვის საშუალება, რაც უშუალოდ თქვენ გაეცით. ამ რეკომენდაციებში არის: გამოძიება, თოქშოუ ღია ეთერში, კრიტიკული და უფრო ეფექტური ნიუსები.
რაც შეეხება ადამიანურ რესურსებს, ითქვა, რომ ჭანტურიას წასვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მან ვერ აიღო პასუხისმგებლობა თანამდებობიდან ადამიანების გათავისუფლებით, ამ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება.
ამ კითხვაზე რომ კომპეტენტური პასუხი გაგცეთ, ორგანიზაციში უნდა გავატარო დრო, ჩემს ხელში უნდა იყოს კადრების სრული აღნუსხვა. ამის შემდეგ მე უნდა მოვახერხო ადამიანებთან შეხვედრა. უნდა ჩავრთო კომპეტენტური ადამიანები, რომ შევაფასებინოთ თითოეული რგოლის კომპეტენცია და უნდა შევაფასებინოთ, რამდენად შეუცვლელია თითოეული რგოლი. ბიბისის მოუწია კადრების შემცირება, ძალიან მტკივნეული პროცესი გავიარეთ, მაგრამ გავიარეთ ძალიან ღირსეულად, ისე, რომ ხარისხი არ დაზარალდა.
საზოგადოება არ უნდა დაზარალდეს იმით, რომ იმაში, რაშიც ფული გადაიხადა, ვერ მიიღოს. ვერ მიიღოს ინფორმაცია, კულტურის ამბების ამსახველი ინფორმაცია, საგანმანათლებლო ინფორმაცია, ვერ მიიღოს ადამიანების უფლებების შელახვის ფაქტების ამსახველი სიუჟეტები თუ გამოძიება, ვერ მიიღოს რეგიონში მიმდინარე ამბების ამსახველი ინფორმაცია, გლობალური სიახლეები. საზოგადოებამ ამის დაკვეთა გასცა, ჩვენ შეიძლება რთული მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწიოს, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ბიბისის გამოცდილებაზე დაყრდნობით, კომპეტენტური გუნდის მონაწილეობით და ისე, რომ არ დაზარალდეს საზოგადოება.
თქვენ თქვენი გუნდით მისვლას გეგმავთ?
მე ვგეგმავ, რომ არსებული ადამიანური რესურსი იქნას მაქსიმალურად გამოყენებული. პირველ რიგში შეფასებული და მეორე რიგში გამოყენებული. მე ასევე ვგეგმავ, მაქსიმალურად გამოვიყენო ბიბისის პოტენციალი. ბიბისიმ უკვე ჩადო რესურსი საზოგადოებრივ მაუწყებელში და საკმაოდ მტკივნეულია, რომ ეს არ აისახა არხზე. როდესაც მე ბიბისის ვეტყვი, რომ თქვენი რესუსრსის ჩადების შედეგად მომზადებული ჟურნალისტი არ იქნება წნეხის მსვერპლი, ამის გარანტია მე ვარ, როცა ამას ვეტყვი, მე მაქვს აბსოლუტური თავდაჯერებულობა, რომ იქნება უფრო მეტი მხარდაჭერა.
მე ვიცი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებითვისაც ეს იქნება დიდი სიგნალი, როცა მე მათ ვეტყვი, რომ თქვენს მიერ დაფინანსებული საჯარო დისკუსია იქნება ისე, რომ მხოლოდ სარედაქციო გადაწყვეტილებებს დაეყრდნობა.
რაც შეეხება არხის ვიზუალს, აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს?
არ აკმაყოფილებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუკი ტენდერები ჩატარდება გამჭვირვალე პირობებში, თუ (ქართულად ცოტა ტრაფარეტულად ჟღერს) პატიოსანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, მაშინ ბევრად უფრო გაუმჯობესდება ვიზუალიც, გადაცემებიც, აუთსორსინგით მიღებული პროდუქტებიც, შეძენილი პროდუქციაც. ძალიან მნიშვენლოვანია, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას იყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა, ყველას მიეცეს შანსი მიიღოს მონაწილეობა, ყველამ წარმოადგინოს თავისი კონცეფცია და იყოს ჯანსაღი მსჯელობა და საუკეთესოდან იყოს არჩეული საუკეთესო. არსებობს საქართველოში ძალიან ბევრი სტუდია, რომ არ არსებობდეს, სხვა არხებს არ ექნებოდათ უკეთესი ვიზუალი. ჩემი აღფრთოვანება მინდა გამოვხატო ძალიან ბევრი ადგილობრივი პროდუქტის მიმართ, დოკუმენტური ფილმების მიმართ, მაგალითად.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე აისახება არაგამჭვირვალედ ჩატარებული კონკურსების შედეგები და ის, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესოების თავშეყრა არ ხდება,როგორც პროდუქტის, ასევე თვითონ ორგანიზაციის შიგნით ჩატარებული კონკურსის. მე მჯერა, რომ უფრო მეტი პოტენციალია, ვიდრე გარეთ გამოდის, უბრალოდ არ არის თანაბარი და გამჭვირვალე გარემო.
ვთვლი, რომ ბორდის მიერ დასახული პრიორიტეტები თუ შესრულდა, საზოგადოება ამით მხოლოდ მოიგებს. სხვა არის ის, რომ კიდევ შეიძლება უფრო ფართო დისკუსია თუ იქნა, თუ რა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი, კიდევ უფრო მეტად შეიძლება დაიხვეწოს და მეც მივიღებ მონაწილეობას.
რაც შეეხება არხის ფინანსურ დავალიანებას, როგორ ფიქრობთ ამ პრობლემის გადაჭრას?
რაც შეეხება ვალს, არის ვალი, მაგრამ უნდა მოხდეს ძალიან გამჭვირვალედ მაღალი კლასის პროფესიონალების ჩართვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი პროდუქტია საზოგადოებრივი დაკვეთის შესრულება. ამიტომ არ შეიძლება ამ ორგანიზაციას სათავეში ედგას ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ფინანსების მართვა, კრიზისიდან გამოსვლა და არ იცის და არ შუეძლია საზოგადოების დაკვეთის შესრულება. მე სხვაზე მეტი გამოცდილება მაქვს, გამიმართლა ძალიან და წლები გავატარე იქ, სადაც ვსუნთქვათ იმით, რომ საზოგადოების დაკვეთა შევასრულოთ. ეს არ არის ტრაფარეტული და ლიტონი სიტყვები. საზოგადოებრივი დაკვეთა ბიბისის ნიუსრუმში არის ის სიტყვა, რომელსაც ყოველ წუთში გაიგებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავში იყოს ადამიანი, ვისაც საზოგადოების დაკვეთა ესმის და მისი შესრულება შეუძლია.
ფინანსურად სტრუქტურების გამართვა არის ის, რაშიც კონკრეტული მიმართულებით სპეციალისტებია საჭირო, ხვალ არის ჩვენი შეხვედრა, მაგრამ ის დრო, რაც მქონდა, ბევრ ადამიანს შევხვდი და ვუყურებ ვალის და შემოსავლის პროპორციას. მე მაქვს ბიუჯეტის მართვის გამოცდილება. ბიბისიზე არ შეიძლება გააკეთო სპეცპროექტი და არ გქონდეს ჩარჩოები. ძლაიან მკაცრად გაწერილი ბიუჯეტით ვოპერირებთ. კატასტროფული არ არის მდგომარეობა, თუ გავაანალიზებთ ვალის და შემოსავლის პროპორციას. თქვენ, როგორც ერთი ადამიანი, რომელსაც გაქვს 1000 ლარი ხელფასი, შეძლებთ თუ არა 300 ლარი ვალი დაფაროთ, თუ მოხდა კალენდრული გაწერა ვალის. ვალი არ არის შემოსავლის არც 90, არც 80 და არც 50%. მართალია დიდი ვალია, მაგრამ ვფიქრობ, რომ პატიოსანი მენეჯმენტის პირობებში დაფარვადია.
არის რამდენიმე საშიშროება: რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ქონდა არასანდო, არარეიტინგული, ცუდი შინაარსის გადაცემები, იყოს პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლი, იყოს გაუმართავი მენეჯმენტურად, იყოს ფინანსური პრობლემები. პუნქტებით თუ ჩავუყვებით, არასანდროს და არარეიტინგულზე უშუალოდ ვიმუშავებ და საუკეთესო სპეციალისტებს ჩავრთავ. პოლიტიკური ზეწოლა ვერ იქნება, რადგან ვარ მიუკერძოებელი, თუ იქნება პოლიტიკური ზეწოლა, ხმამაღლა დავიწყებ საუბარს, არასტაბილური ფინანსურად ვთვლი, რომ არ იქნება, თუ ჩაერთო საუკეთესო პროფესიონალების გუნდი და თუ მოხდა არა მხოლოდ ამ ვალის რესტრუქტურიზაცია,არამედ ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა. მე მაქვს უნარი მივიღო ამოცანა, შევაფასო ამოცანა, გავწერო ამოცანის შესრულების სტრატეგია, მოვახდინო ადამიანური, მატერიალური, ტექნიკური რესურსების მობილიზება, მოვახდინო ამოცანის შესასრულებლად ქვეამოცანების გაცემა გუნდებში და შემდეგ მაქსიმალური დელეგირების, გამჭვირვალობის და კომუნიკაციის პირობებში იმის კონტროლი, თუ რომელი გუნდი როგორ ასრულებს ამ ამოცანას. მენეჯმენტი არის გამართვადი, ყველა ეს საშიშროება, რაც დღეს უდგას საზოგადოებრივ მაუწყებელს, არის გადალახვადი. ეს არ არის ადვილი, არ არის ერთი და ორი თვის საქმე, მაგრამ ნურავინ ნუ იტყვის, რომ ეს არის შეუძლებელი ან ამ ბორდის, ან არსებული რეალობის პირობებში, ეს არის შესაძლებელი, უბრალოდ საჭიროა სწორი ნაბიჯების გადადგმა.