კომენტარი

ყოფნა-არყოფნა, საკითხავი, აი, ეს არის?!

20 დეკემბერი, 2012 • 2780
ყოფნა-არყოფნა, საკითხავი, აი, ეს არის?!

კონკრეტული პრობლემა ეხება მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტს, რომლის წინაშე არსებულ მრავალ პრობლემას შორის დღეისათვის დგას ორი უმწვავესი პრობლემა, ერთია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მუხანათურად უძრავი ქონების, შენობა-ნაგებობების, ექსპერიმენტული ღვინის მარნის და მასზე დამაგრებული მიწის ფართის სრულად ათვისება, ხოლო მეორეა აგრარული უნივერსიტეტის მიერ მოძრავი ქონების, მაღალეფექტური და ძვირადღირებული ლაბორატორიული აპარატურის და სხვა მატერიალური ფასეულობების ასევე მუხანათური გადატანა აგრარულ უნივერსიტეტში. 

 

ეს თემა ძალიან გაამწვავა რამოდენიმე დღის უკან სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ აგრარულ უნივერსიტეტისადმი დაყენებულმა მოთხოვნამ, რათა მან სასწრაფოდ დაცალოს შენობები, ეს უკანასკნელი კი პირნათლად ასრულებს ამ დავალებას. ცნობისთვის, მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტი ტერიტორიულად მდებარეობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გვერდით. ფაქტია, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ინტერესთა გარკვეული ჯგუფი ამ ტერიტორიის ათვისებას სასწრაფოდ აპირებს ინსტიტუტის აღდგენამდე, რაც სრულიად ეწინააღმდეგება მთავრობის ნებას და ინსტიტუტის შესაძლო აღდგენის ყველაზე ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. 

 

მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებმა 80 ადამიანის ხელმოწერით, წერილობითი თხოვნით მიმართეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს ბატონ დავით კირვალიძეს, რათა აღნიშნული ინსტიტუტის სტატუსის გარკვევამდე თავი შეიკავონ არსებული შენობანაგებობების და ტერიტორიის ათვისებისაგან. სამწუხაროდ, პასუხი იგვიანებს, ხოლო მათი წარმომადგენლები უკვე ანაწილებენ ინსტიტუტის კუთვნილ ოთახებს, თუ სად რა დეპარტამენტი უნდა განთავსდეს. 

 

ძალიან სამწუხაროა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მეცნიერებაში განხორციელებული სრულიად არაეფექტური რეფორმების შემდეგ, სამეცნიერო საზოგადოება ელოდება სამართლიან და ეფექტურ რეფორმას ამ სისტემაში, მაგრამ ქვეყანაში არსებული ახალი პოლიტიკური გარემო და გარდამავალი ეტაპი, ნაცისტური ხელისუფლების მიერ სრულიად მოკლებული აღმოჩნდა სახელმწიფოებრივ შეგნებას, რაც კონკრეტულ საჯარო მოხელეებში სრულად გამოვლინდა და განვითარების ყველაზე შემაფერხებელ ფაქტორად იქცა. ამ ფონზე ახალ მთავრობას მეტი დაკვირვება, პროფესიონალიზმის, სიტუაციის ანალიზის უნარი, სიბრძნე და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება უნდა შეეძლოს, სხვა შემთხვევაში ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლა შეუძლებელი გახდება. სამართლიანობის აღდგენის გარეშე მოქმედი მთავრობა საზოგადოების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ეს მტერმაც იცის და მოყვარემაც. 

მასალების გადაბეჭდვის წესი