კომენტარი

უნდა აღინიშნებოდეს თუ არა ‘ვარდების რევოლუციის’ წლისთავი?

21 ნოემბერი, 2012 •
უნდა აღინიშნებოდეს თუ არა ‘ვარდების რევოლუციის’ წლისთავი?

„მე პირადად და, ვფიქრობ, ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ამ დღეს განსაკუთრებულ დღედ ჩავთვლით ყოველთვის იმიტომ, რომ 2003 წლის 23 ნოემბრის მოვლენებით ქვეყანაში დაბრუნდა სახელმწიფო, რომელიც აღარ არსებობდა 1921 წლის შემდეგ“, – აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი.

 

„განსაკუთრებული დღეა და დარჩება იმიტომ, რომ ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო მაგ დღიდან და ეს არის განსაკუთრებული თარიღი ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის, ჩვენი ამომრჩეველისთვისაც,“ – აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრი დავით საყვარელიძე.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ უმცირესობის ლოგიკით 1 ოქტომბერიც დღესასწაულად უნდა გამოცხადდეს:

„რადგან არანაკლები რეჟიმი იქნა დამარცხებული პირველ ოქტომბერს ქართველი ხალხის მიერ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამას არავითარი ისეთი დატვირთვა არ უნდა ჰქონდეს, როგორიც ჰქონდა. ესაა ჩვეულებრივი მოვლენა, ხელისუფლება ერთი შეიცვალა მეორით“.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც თავად მონაწილეობდა 9 წლის წინ “ვარდების რევოლუციაში”, აცხადებს, რომ ის და მისი გუნდი, რესპუბლიკური პარტია, თავიდანვე არ ეთანხმებოდა ამ თარიღის პომპეზურად აღნიშვნას:

 

„ამის პომპეზური აღნიშვნა თავიდანვე ტყუილი იყო იმიტომ, რომ ქართველ ხალხს რაც უნდა, იმას აღნიშნავს, ჩვენი დახმარების გარეშე და “ვარდების რევოლუციის” აღნიშვნა ქართველ ხალხს არ უნდოდა. ეგეთი სურვილი არავის ჰქონდა. აღნიშნავდა ხელისუფლება, ხალხი არ აღნიშნავდა“.

 

საქართველოს ყოფილი შს მინისტრი და პრემიერი, ამჟამად კი ოპოზიციაში მყოფი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი სააგენტო GHN-თან საუბარში აცხადებს, რომ ისტორიისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, 10 წლის მერე როგორ შეფასდება 2003 წლის 23 ნოემბერი: 


“გავაკეთეთ ძალიან ბევრი კარგი, გამოგვივიდა მათ შორის ბევრი ცუდიც, რამაც, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანა ამ შედეგამდე, რომელშიც ვიმყოფებით, მაგრამ, მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანი არის არა ის, თუ დღეს როგორ შეფასდება “ვარდების რევოლუცია”, არამედ ისტორიისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს 10 წლის მერე როგორ შეფასდება 23 ნოემბერი. მე ვარ დარმწუნებული, რომ საქართველოს ისტორიაში ეს ეპოქა შეფასებული იქნება ძალიან დადებითად იმიტომ, რომ გავა დრო, ხალხს დაავიწყდება ნეგატიური, დარჩება პოზიტიური, ისტორია ასეთია და, რაც მთავარია, ის რეზულტატები, რაც ამ 9 წელმა მოიტანა, საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც ძალიან დადებითი მოვლენა.”

2003 წლის 23 ნოემბერს “ვარდების რევოლუციის” გზით საქართველოში შეიცვალა ედუარდ შევარდნაძის მთავრობა, რის შემდეგაც 9 წლის მანძილზე ქვეყანას მიხეილ სააკაშვილის მთავრობა მართავდა. ამ ხნის მანძილზე მთავრობა სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავდა რევოლუციის წლისთავს.

 

ხელისუფლების მორიგი ცვლილება საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად განხორციელდა, თუმცა პრეზიდენტად კვლავ რჩება მიხეილ სააკაშვილი. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2013 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

 

წელს ‘ვარდების რევოლუციის” 9 წლისთავთან დაკავშირებით რაიმე ღონისძიების გამართვა არ იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი