კომენტარი

‘გამოცხადდეს მორატორიუმი მსხვილმასშტაბიან ახალმშენებლობებზე თბილისის ისტორიულ ნაწილში’

14 ნოემბერი, 2012 • 1131
‘გამოცხადდეს მორატორიუმი მსხვილმასშტაბიან ახალმშენებლობებზე თბილისის ისტორიულ ნაწილში’

“საქართველოში ბოლო ცხრა წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის სფეროში განხორციელებულმა პოლიტიკამ წარმოშვა რიგი პრობლემები საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და მმართველობით სფეროში”, – ნათქვამია “ტფილისის ჰამქრის” ღია წერილში, რომელით ხუთპუნქტიან მოთხოვნებს შეიცავს:

 

– თბილისის ისტორიულ ნაწილში დაუყოვნებლივ გამოცხადდეს მორატორიუმი მსხვილმასშტაბიან ახალმშენებლობებზე (რიყის მუსიკალური ცენტრი, საბაგიროს მშენებლობა ვარდების მოედანზე, გუდიაშვილის მოედანი, იმელის შენობა, შავთელის ქუჩა #17…)

 

– საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტროსთან შეიქმნას მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეაფასებს იმ ობიექტების თუ პროექტების მიზანშეწონილობას, რომელთა მიმართ არსებობს მომეტებული საჯარო ინტერესი. 

 

– დარგის პროფესიონალებთან კონსულტაციების საფუძველზე, კულტურის სამინისტროს მიერ დაწყებულ იქნას მუშაობა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის უმთავრესი მიზანიც უნდა იყოს სამინისტროს პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გაზრდა თბილისის ტერიტორიაზე არსებულ ურბანულ და არქიტექტურულ ძეგლებზე. 

 

– ხელისუფლებამ უზრუნველყოს მასშტაბური პროექტების დამტკიცების წინა ეტაპზე საჯარო განხილვებისა და დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობის ორგანიზება.

 

– მოხდეს თბილისის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის კორექტირება შემდგომი დამტკიცების მიზნით.

 

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ”ტფილისის ჰამქარი” მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს შესაბამის სტრუქტურებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი