კომენტარი

დაგვიანებული სვეტი

28 სექტემბერი, 2012 • 1386
დაგვიანებული სვეტი

„სიბნელის საბანქვეშ

ფეხებგაფშეკილი როგორც გვამი

წევს ქალაქი.

ვინც ცოცხალი დარჩა,

თვითმკვლელობისთვის

არ ჰყოფნის ძალა.

სამყაროს მოუწოდებენ:

“ასე აღარ შეიძლება,

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!”

 

ფეხმძიმე საზოგადოებას

ჭინთვის თავი არ აქვს.

სიშიშვლე – ნანგრევებში

მხოლოდ ვირთხების ჯოგის

წრიპინი ისმის.

 

გაგიჟებული მხოლოდ ერთს ვყვირი:

გაუმარჯოს!

მაგრამ გარშემო სიბნელეა.

 

გაუმარჯოს!

მაგრამ გარშემო მკვდარია ყველა.

 

გაუმარჯოს!

მაგრამ ქვეყნის მთავარი კანონდამცველი

კანონებს არღვევს – 

და სადისტი დამნაშავეა.

 

გაუმარჯოს!

და მეტი არაფერი!“

 

ერთი ინდოელი პოეტის, პურიპანდა აპპალასვამის ლექსი წავიკითხე. რევოლუცია ჰქვია. ძალიან ზუსტად აღწერდა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რომელზეც მე არ შემეძლო წერა, რადგან ნებისმიერი აზრი, რაც თავში მიჩნდებოდა, ყვირილის სახით ამოხეთქვას უფრო ცდილობდა, ვიდრე ტექსტად გადაქცევას. 

 

საბავშვო ბაღში, სადაც დავდიოდი, დედა ბავშვის ფსიქოლოგად მუშაობდა, ბებია – აღმზრდელად. ასე რომ, მე თავისუფლად დავდიოდი ჯფუფიდან – ჯგუფში. შემეძლო შუადღის ძილზე უარი მეთქვა, არ მეჭამა ბოლომდე წიწიბურა და გამეკეთებინა ბევრი ისეთი რამ, რასაც სხვა ბავშვები ვერ ახერხებდნენ. ერთხელ აღმზრდელმა ცელქობისთვის ჩემი ამხანაგები დასაჯა, ცელქობისთვის, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი. საშინელი უკმაყოფილების განცდა მქონდა. მივედი და მოვითხოვე, რომ მეც დავესაჯე. რაღაც ასეთი განცდა მქონდა ახლაც, როცა ციხის კადრები ვნახე… ოღონდ ათასჯერ მძაფრი. დამნაშავედ ვიგრძენი თავი და თან გულისრევის შეგრძნება გამიჩნდა, საკუთარი თავის ამორწყევა მომინდა. სახლშიც ვეღარ გავჩერდი და გარეთ ხომ საერთოდ ძალიან გამიჭირდა გაჩერება.  

 

ტრაგედია არის ის, რომ ხელისუფლებამ არ დაიტოვა არჩევანი, მათ ან უნდა შეინარჩუნონ ძალაუფლება, ან უნდა ჩასხდნენ ციხეში, „კურორტზე“, რომლის რეფორმებშიც ასეული მილიონი დახარჯეს და ახლა ირკვევა, რომ ეს რეფორმები წამების ფორმების ახალ-ახალი ფორმების დახვეწა ყოფილა. ციხეში კი არა, სულ პატარა აფთიაქშიც კი კამერა გვითვალთვალებს – ასე რომ, ვინ ვის, რატომ, ვისი ნებართვით აწამებდა, პასუხისმგებელია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უპასუხიმგებლო პირებმა ყველაფერი იცოდნენ. და ისინი სულ მცირე, დანაშაულის დაფარვის მუხლით უნდა გასამართლდნენ. 

 

ტრაგედია არის ის, რომ რასაც იღებდნენ, შემდეგ პატიმრებს მათი გავრცელებით აშინებდნენ. და ისინიც შინდებოდნენ. რადგან იცოდნენ, თუ რა სასტიკია საზოგადოება, იმ ციხის მონსტრებზე, ზედამხედველებზე სასტიკი. მათ შეიძლება გაუჩნდეთ თანაგრძნობა ამის ნახვისას, მაგრამ გავა დრო და შეიძლება ანკდოტადაც კი გადააქციონ და, სხვათა შორის, ცინიკურად ჩაეკითხონ: „შენ ის არ ხარ, დუბინკა რომ გაუკეთეს ტრაკში? ჰა? ჰა?

 

ვინ ვართ ჩვენ? ჰა? ჰა?

 

„ძალადობა დილეტანტის უკანასკნელი კოზირია!“

მასალების გადაბეჭდვის წესი