აი, ისე ვარ, როცა ადამიანის უფლება, ღირსება, პატივი, ბოლოს და ბოლოს, მოყვასის სიყვარული – ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანებზე გავლენის მოსაპოვებლად მოგონილ ფასეულობებად რომ გეჩვენება…
რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი პანკისიდან, მაგრამ მაინც “იქ” ვარ. ყველაზე უფრო ის დამამახსოვრდა, როგორ ერთნაირი – დაბალი ხმის ტემბრით ყვებიან ქისტები და რუსეთთან ომს გამორიდებული, უმიწოდ, უშემოსავლოდ დარჩენილი ჩეჩნები იმაზე, თუ როგორ სტკივათ ლოპოტის ოპერაცია. მით უფრო სტკივათ ის, რა ლექსიკასაც ხელისუფლება იყენებს მათ დასაშოშმინებლად.
ჰყვებიან იმაზე, თუ როგორ იყენებს “ბეჩავ ბავშვებს” უზარმაზარი გავლენის მქონე სხვადასხვა ძალა პირადი მიზნებისთვის. ბავშვებს, რომლებსაც არც განათლების შესაძლებლობა აქვთ და არც კეთილდღეობის მოპოვების იმედი; ბავშვებს, რომლებიც ხეობასაც კი არ გასცდენიან…
ქისტებმა არ იციან, რა მოუხერხონ ამ ძალებს.
და მიუხედავად ამისა, პანკისიდან მოყოლებული იმაზეც კი ვიფიქრე, ჩემს სტატიაში ამ ყველაფრის შესახებ რა დოზით დამეწერა?! რისთვის უნდა მიმენიჭებინა უპირატესობა – სიმართლისთვის თუ სამშობლოსთვის, როგორც ბევრი ამ შემთხვევაში იტყოდა და ამბობს კიდეც.
მივხვდი, რომ წარმოუდგენელია ქისტების განცხადების შელამაზებულად მიტანა ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობამდე. მით უფრო მივხვდი, რომ ქვეყანას ლოპოტის ხეობაში ჩატარებული ოპერაციის შესახებ ყველაზე უფრო დიდ ზიანს ნახევარი სიმართლე მიაყენებს.
28 აგვისტოს ლოპოტაში დაწყებული სპეცოპერაციის შემდეგ პანკისში ერთი წუთითაც არ ავიწყდებათ, რომ “მთების გადაღმა არის მტერი რუსეთი”. მაგრამ იქ ამბობენ, რომ თუ საქართველოშიც ისევე გამოიყენებენ, უფრო მეტიც, როცა დასჭირდებათ თუნდაც რუსეთს სიამოვნებისთვის, ხელის აუკანკალებლად დახოცავენ მათი თემის წევრებს, ანუ ისევე მოექცევიან მათ, როგორც რუსეთი ჩეჩნებს ექცევა, რა არჩევანი რჩებათ ქისტებს?
ეს ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელიც ქისტებს ყველაზე მეტად აწუხებთ.
ქისტები ჩემთან, ქართველ ჟურნალისტთან, ანუ უფრო უცხოსთან, ვიდრე თავისიანთან, ამბობენ, რომ ისინი ჯერაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებულ გამოძიების ინფორმაციას ელიან. ქისტები მზად არიან, დაუჯერონ ხელისუფლებას, თუკი ეს უკანასკნელი ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებს რეალური ფაქტებით გააქარწყლებს.
…ეს მათ ყველაზე უფრო სჭირდებათ.
უფრო ამიტომ აქვთ ერთგვარი მორატორიუმი გამოცხადებული (ყოველ შემთხვევაში ასე იყო ამ ორშაბათამდე) და დეტალურად არ ლაპარაკობენ იმას, რაც თვითონ იციან. მაინც აქვთ იმედი, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და ამ ოპერაციის ჩატარების დროს დაშვებულ შეცდომებს აღიარებს.
კი, დუისელი ქისტები ასე ფიქრობენ.
მაგრამ როგორია ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის, ან ზოგადად, ამ ქვეყანაში მცხოვრები სხვა მოქალაქეების პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ სიმართლეა ის, რასაც დუისში ყვებიან – თითქოს ლაფანყურის ოპერაციის დროს, ოფიციალური ვერსიით, “დივერსანტთა ჯგუფის” განეიტრალება სხვა არაფერია, თუ არა ტყუილი… და ამ შემთხვევაში მე, როგორც ერთი მოქალაქე, რას ვაკეთებ?!