კომენტარი

ბიძინა ივანიშვილის მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას

30 აგვისტო, 2012 •
ბიძინა ივანიშვილის მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას

ამ წერილით მინდა მივმართო დემოკრატიულ სამყაროს. საქართველოში პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის ბედი წყდება და თქვენზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, როგორი იქნება ეს არჩვენები – ქვეყანა საბოლოოდ დაადგება დემოკრატიული განვითარების გზას, თუ გაგრძელდება ბრძოლა ავტორიტარიზმსა და პოსტკომუნიზმთან.

 

პოლიტიკაში იმიტომ მოვედი, რომ ვხედავდი, როგორ იღუპებოდა ქვეყანა და ჩემს მოვალეობად მიმაჩნდა, ყველაფერი მექნა მის გადასარჩენად. სააკაშვილის რეჟიმმა ბოლო წლების განმავლობაში უამრავი ზიანი მიაყენა ჩემს სამშობლოს: გაუგონარი ძალადობა განახორციელა ბიზნესზე და თითქმის სრულიად დაიქვემდებარა იგი, ნორმად აქცია დემონსტრაციების დარბევა, ადამიანების უფლებების შელახვა, უკიდურესად გამარტივდა ადამიანის საპატიმრო ადგილებში გამომწყვდევა და საპროცესო გარიგებით გამოშვება, ხალხი გაღატაკებული, დაშინებული და შეურაცხყოფილია, შეზღუდულია თავისუფალი სიტყვა, პროპაგანდის იარაღადაა ქცეული ხელისუფლების მიერ კონტროლირებული მედია, სიცრუის ქსელში ჩართულმა ფსევდოოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა, პარტიებმა და საინფორმაციო საშუალებებმა ისეთი გარემო შექმნეს, რომ ხალხს უნდობლობა გაუჩინეს პოლიტიკისა და არჩევნების მიმართ.

 

აუცილებელი ცვლილებების, სამართლიანობის აღდგენისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა. 2011 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მე მოვახერხე აქამდე დაქსაქსული და დასუსტებული ჯანსაღი ოპოზიციური ძალების გაერთიანება და ჩვენი კოალიციის პოლიტიკურ დღის წესრიგად შემდეგი პრიორიტეტები გამოვაცხადე: კონსტიტუციის პატივისცემა, ელიტარული კორუფციის აღმოფხვრა, დამოუკიდებელი სასამართლოს დამკვიდრება, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციის პერსპექტივის გაჩენა, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. ეს არის ჩემი სამოქმედო გეგმა და პროგრამა, რომლის რეალურობა ხალხმა ირწმუნა ჩემდამი მაღალი ნდობისა და ჩემი ავტორიტეტის გამო.

 

მაგრამ ხალხთან ერთად სააკაშვილიც მაშინვე მიხვდა, რომ ჩემი გამოჩენით მისი გეგმები თავდაყირა დადგა – ხელისუფლებაში უვადოდ დარჩენისთვის მოსუფთავებულ გზაზე გადაულახავი დაბრკოლება შეექმნა.

 

ამიტომ სააკაშვილმა ჩემი პოლიტიკაში მოსვლის პირველი დღიდან სრულიად აშკარად დაიწყო, ერთი მხრივ, ჩემი, როგორც პოლიტიკური ოპონენტისა და მოქალაქის, უპრეცედენტო დევნა და, მეორე მხრივ, საზოგადოებაში სიძულვილისა და დაპირისპირების დამკვიდრება. მან და მისმა რეჟიმმა: პოლიტიკური განაცხადის გაკეთებიდან მე-4 დღეს ჩამომართვა მოქალაქეობა და შეეცადა პოლიტიკური პროცესიდან ჩემს განდევნას, ორი კვირის თავზე დაიწყო შეტევა ჩემს კერძო საკუთრებაზე და გაიტაცა კომერციული ბანკის საინკასაციო მანქანა, იძალადა კონსტიტუციაზე, დააპატიმრა და უმუშევრად დატოვა ჩვენი მომხრეები, სპეციალურად “ქართული ოცნების” და პირადად ჩემთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მიზნით შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტი და შექმნა პოლიტიკური რეპრესიების ახალი ორგანო – პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური, საცხოვრებელი სახლები გაუყიდა ჩვენს შემომწირველებს, დააჯარიმა და შეურაცხმყოფელი დაკითხვები მოუწყო ასობით ჩვენს წევრსა და აქტივისტს. მოსახლეობის ინფორმაციულ ვაკუუმში დასატოვებლად დააყადაღა ასობით ათასი სატელიტური თეფში, მათი გამავრცელებელი კომპანიები მილიონობით ლარით დააჯარიმა; საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიღებული “მასთ ქერიც” კი, რომელსაც მხოლოდ 25%-იანი დაფარვის ზონა აქვს და სატელიტური თეფშების ალტერნატივად ვერ განიხილება, შემოიღო მხოლოდ არჩევნების დღემდე, რათა არჩევნების შედეგების შეჯამებისას მოსახლეობა კვლავ ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფოს; საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მანიპულაციებით 190 მილიონი  ლარი წაართვა და გაკოტრებამდე მიიყვანა ბანკი “ქართუ”, აუქციონზე გაყიდა კოალიციის კონტრაქტორი კომპანიები, პირადად მე 130 მილიონ ლარზე მეტით დამაჯარიმა; კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები მილიონობით ლარით დააჯარიმა, ანგარიშებზე ინკასო დაუწესა და ფაქტობრივად მოუსპო პოლიტიკური აქტიურობის საშუალება; საარჩევნო ბლოკს “ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნებას” შემოსავლებსა და ხარჯებში უკანონოდ ჩაუთვალა ათობით მილიონი ლარი და ამით ნიადაგი მოამზადა არჩევნების შემდეგ ბლოკის დისკვალიფიკაციისა და პარლამენტში არშეშვებისათვის; არჩევნები დანიშნა ორშაბათ დღეს, რითაც უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მნიშვნელოვნად გაურთულა მათთვის სამუშაო დღეს არჩევნებში მონაწილეობა. როგორც მოსალოდნელი იყო, სააკაშვილის სრულ მორჩილებაში მყოფი სასამართლო ხელისუფლების “ნოტარიული დამმოწმებლის” როლში მოგვევლინა.

 

ყოველივე ამან ისეთი საარჩევნო გარემო შექმნა ქვეყანაში და იმდენად შეაფერხა კოალიციის საარჩევნო კამპანია, რომ უკვე შეუძლებელია სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე ლაპარაკი. გამომდინარე ზემოთ თქმულიდან და ჩემი პასუხისმგებლობიდან ქართველი ხალხის წინაშე, ვალდებული ვარ განვაცხადო, რომ თუ დღეიდან არჩევნებამდე ხელისუფლების ქმედებებში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება, საქართველოში ვერ შედგება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩვენი მიზანი გაყალბებულ არჩევნებთან ბრძოლა კი არა, არჩევნებში გამარჯვებაა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 თვის განმავლობაში ჩვენს წინააღმდეგ გატარებული რეპრესიების შედეგების მთლიანად აღმოფხვრა წარმოუდგენელია, ჩვენ მაინც მზად ვართ, დღესვე მოვაწეროთ ხელი არჩევნების შედეგების  აღიარების ვალდებულებას, მხოლოდ იმ პირობით, რომ დღეიდან არჩევნებამდე საარჩევნო გარემო პრინციპულად შეიცვლება და დაკმაყოფილდება შემდეგი მოთხოვნები:

 

  1. დაუყოვნებლივ შეჩერდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  ინიცირებით გამოტანილი ყველა ჯარიმის, ყადაღისა თუ სანქციის აღსრულება, ისე, როგორც ეს მოხდა პარტიებისთვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით;
  2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კოალიცია “ქართული ოცნების” შემოსავლებიდან და ხარჯებიდან ამოირიცხოს ის თანხები, რომელთა კავშირი კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან არაფრით არ არის დადასტურებული, გარდა კონტროლის პალატის ვარაუდებისა და მხოლოდ ვარაუდების საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებისა;
  3. შეიქმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა (ამომრჩევლის 25%) მოახერხონ არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც ამისათვის საჭირო გახდეს ხმის მიცემის დღის შეცვლა;
  4. დაუყოვნებლივ მოიხსნას ყველა დაბრკოლება კერძო კომპანიების მიერ მოსახლეობაში სატელიტური თეფშების გასავრცელებლად და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ამომრჩევლის  ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით დაგეგმილ სხვა პროექტებს, მაგალითად, ქართველი ემიგრანტების ინიციატივას;  
  5. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შევიდეს კოალიციის წარმომადგენელი, კომისიამ იმუშაოს ყოველდღიურ, გამჭვირვალე რეჟიმში და, სხვა საკითხებთან ერთად, დაუყოვნებლივ განიხილოს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნის (დაპატიმრება, სამსახურიდან გათავისუფლება, შანტაჟი) დღემდე მომხდარი ყველა ფაქტი;
  6. სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული და კოალიციის მიერ გაზიარებული ქცევის კოდექსის დაცვის მონიტორინგისთვის შეიქმნას ქმედითი მექანიზმი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.

 

ერთადერთი ქმედითი მექანიზმი, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი ჯერ კიდევ ანგარიშს უწევს, ეს არის საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის პოზიცია. მაგალითად, უკანასკნელ ხანს ევროსაბჭოსა და ეუთოს წარმომადგენლების მწვავე კრიტიკის შემდეგ ხელისუფლებამ ზოგიერთ საკითხში უკან დაიხია (მოხსნა ინკასო პარტიების ანგარიშებიდან, კოალიციის ცენტრალური ოფისიდან გაიყვანა უკანონოდ შემოჭრილი პირები, გადაავადა ზოგიერთი ჯარიმის აღსრულება).

 

არც ერთი ჩვენი მოთხოვნა არ საჭიროებს კონსტიტუციის შეცვლას, არც ერთის შესრულებას არ სჭირდება დიდი დრო. ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ იქნება თქვენი ნება, მიუთითოთ სააკაშვილს და მკაცრად მოსთხოვოთ, შეწყვიტოს  საკუთარ ხალხზე ძალადობა და საარჩევნო გარემო ოდნავ მაინც მიუახლოოს საერთაშორისო სტანდარტებს.

 

ჩვენ და თქვენ ერთი და იგივე არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი – ან დღესვე ერთად ვიღებთ გადამჭრელ ზომებს და უზრუნველვყოფთ არჩევნების სამართლიანობასა და თავისუფლებას, ან ერთი თვის შემდეგ მაინც ერთად მოგვიწევს გაყალბებული არჩევნების შედეგებთან გამკლავება და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი