მოგესალმებით რუსთაველებო!
მივესალმები მთელ საქართველოს!
ფერისცვალებას გილოცავთ, ხალხო!
რუსთავს, ისე, როგორც მთელ ჩვენს ქვეყანას, დიდი ისტორია აქვს, მაგრამ მე-20 საუკუნის შუა წლებიდან რუსთავმა ახალი სიცოცხლე შეიძინა და საქართველოს უდიდესი სამრეწველო ცენტრი გახდა.
ამ ქალაქში განსაკუთრებულად იგრძნობოდა ქართველი კაცის მუყაითი შრომა. თავის დროზე მთელი საქართველოდან რუსთავში მოიყარეს თავი ქართველმა ინჟინრებმა და უდიდესი საინჟინრო-სამეცნიერო პოტენციალი შექმნეს.
აქ, რუსთავში, ქართველებთან ერთად მრავალი ეროვნების ხალხი ცხოვრობდა, – ეს ქალაქი იყო ყველასი, ვისაც შრომა და გარჯა უყვარდა.
ერთ დროს ამ ქალაქში კულტურული ცხოვრება ჩქეფდა. რუსთავის დრამატული თეატრი საუკეთესო აკადემიურ თეატრებს ტოლს არ უდებდა და მისი სპექტაკლები დღემდე ახსოვს მაყურებელს.
ანსამბლ „რუსთავის“ საშემსრულებლო ოსტატობამ კი ქართული სიმღერითა და ცეკვით მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა.
აი, ასეთი ქალაქი და ერთ დროს ქართული ინდუსტრიის ბურჯი, დღეს თითქმის უფუნქციოდაა დარჩენილი.
90-იანი წლები უმძიმესი აღმოჩნდა მთელი ქვეყნისთვის. რუსთავს ეს განსაკუთრებით შეეხო. ქალაქი, რომელშიც 90-მდე დიდი და საშუალო საწარმო მუშაობდა, მათ შორის, გიგანტური მეტალურგიული კომბინატი, აზოტის, ქიმიური ბოჭკოს და ცემენტის ქარხნები და მრავალი სხვა, დღეს თითქმის გაცალმტვერებულია.
კვალიფიციური მეტალურგები, ინჟინრები და ქიმიკოსები უფუნქციოდ დარჩნენ, ხოლო ათეულ ათასობით მუშა-მოსამსახურე ბედის ანაბარაა მიტოვებული.
ამდენი წელი გავიდა და 5 ათასი მეტალურგი ახლაც ელოდება სახელფასო დავალიანების მიღებას. ამ თანხის გადახდას მათ სააკაშვილიც დაჰპირდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ესეც დაპირებად დარჩა.
მე სიტყვას ვაძლევ ჩვენს მეტალურგებს, რომ აუცილებლად აღვადგენთ სამართლიანობას და თქვენ მიიღებთ თქვენს კუთვნილ ხელფასებს!
კარგად ვიცი, რომ დღეს ეს გამრჯე ხალხი სიღარიბის ისეთ ზღვარზეა, რომ ლამის შიმშილობს. უდიდესი უმრავლესობა სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი დახმარების მოლოდინშია – ამ დახმარების მისაღებად ჩინოვნიკებისთვის იმის მტკიცება უწევთ, რომ სიღატაკეში ცხოვრობენ. ეს დამამცირებელი ყოფა უნდა დამთავრდეს!
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რუსთავის მოსახლეობის ერთი ნაწილი ითხოვს, რომ ქალაქს „სოციალური კატასტროფის“ საგანგებო ზონის სტატუსი მიენიჭოს. აი, რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ხალხი!
დღეს გაპარტახებული და ხრიოკია რუსთავი, არადა, იყო დრო, შორეულ წარსულში, როცა რუსთავს ბოსტან-ქალაქი ერქვა, რაც ბაღნარ-ქალაქს ნიშნავდა. რუსთავი ისევ გაიმართება წელში, ისევ დადგება ფეხზე!
დიახ, ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიმართოთ წელში, გაჭირვება უნდა დავძლიოთ. ჩვენ სწორედ დღეს უნდა ამოვიდეთ ამ სიდუხჭირიდან!
ყველამ ამოვიგდოთ თავიდან ის, რომ ჩვენი დრო წასულია, რომ ჩვენთვის კი არ გვინდა წელგამართული ცხოვრება, არამედ მხოლოდ შვილებისთვის ვზრუნავთ, რომ, იქნებ, მათ მაინც ეშველოთ რამე.
დადგა დრო, როცა ჩვენს ცხოვრებაზეც უნდა ვიზრუნოთ, და თუ ამას შევძლებთ, მაშინ ჩვენი შვილების მომავალსაც ეშველება!
მათი მომავალი დღეს უკვე დაწყებულია.
ხალხო, ჩვენს შვილებს ისეთი მშობლები სჭირდებათ, რომლებსაც დაეყრდნობიან, რომლებითაც იამაყებენ! შვილებზე ზრუნვა საკუთარ ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევას სულაც არ ნიშნავს.
ჩვენი ცხოვრება ფოლადივით უნდა გამოვჭედოთ ჩვენივე ხელით. და თქვენზე უკეთ, რუსთაველებო, ვინ იცის ეს საქმე!
ჩვენ აუცილებლად უნდა ავაშენოთ განვითარებული, დემოკრატიული ქვეყანა და არა – თავგასული თანამდებობის პირების გასართობად მოწყობილი ბუტაფორია.
წინა შეხვედრა ბათუმელებთან მქონდა. ბათუმში განსაკუთრებით იგრძნობა ეს საფრთხე, რომელიც მალე აქაურობასაც დაემუქრება, თუ დროზე არ შევაჩერეთ ეს ხელისუფლება. ამის უფლებას ჩვენ მას არ მივცემთ, ამას გპირდებით!
ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერავინ გააკეთებს, ჩვენი ქვეყანა ჩვენვე უნდა დავალაგოთ და ეს პასუხისმგებლობა ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ და ყველამ გავინაწილოთ.
სასწრაფოდ უნდა დამყარდეს წონასწორობა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის.
ახლა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა კომედია და ფარსია, საშინაო პოლიტიკა კი – ტრაგიკული. ორივე უნდა გამოსწორდეს და ერთმანეთის შესაბამისი გახდეს: საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს რეალისტური, პრინციპული და, ამავე დროს, მოქნილი, რათა საშინაო პოლიტიკა ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას თავისუფლად ემსახურებოდეს, და პირიქით, საგარეო პოლიტიკას საიმედოდ გაუმაგრებს ზურგს ადამიანის თავისუფლების პრინციპულად დამცველი და ხელშემწყობი, სამართლიანი და დემოკრატიული საშინაო პოლიტიკა.
ჩვენ შევძლებთ და ამას მივაღწევთ! ამას მე შევძლებ, თქვენ შეძლებთ, მე და თქვენ ერთად შევძლებთ, და წინ ვერაფერი დაგვიდგება!
ჩვენს ქვეყანაში ზედაპირულობა და არაპროფესიონალიზმი საამაყოა და შემოსავლიანიც. მოჩვენებითის ბატონობა უნდა დამთავრდეს და ეს დამთავრდება! თვითმარქვიები ვეღარ აღზევდებიან, და თავზე ვეღარ დააჯდებიან პატიოსან ხალხს!
მინდა დღეს ამ ქალაქიდან, რუსთავიდან, მივმართო ჩვენს ძმებს და დებს, მათ, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა იმ გამოგონებული საფრთხისა, რომ ნაციონალური მოძრაობა თუ არ იქნება ხელისუფლებაში, აღარც სახელმწიფო იარსებებს.
არ შეიძლება ხელისუფლების ცვლილება ქვეყნისთვის ტრაგედიად წარმოაჩინო, დააშინო ყველა, მუდმივად ნგრევასა და არასტაბილურობაზე ილაპარაკო.
სინამდვილეში სწორედ ასეთი რიტორიკა ემუქრება ქვეყნის სტაბილურობას და სახელმწიფოებრიობას, აშინებს ბიზნესს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არყევს ადამიანების ფსიქიკას.
რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა ქართველ ბიზნესმენთა საყურადღებოდ.
ბიზნესთან დამოკიდებულებაში ყველაზე კარგად ჩანს, როგორ უყურებს ხელისუფლება დასაქმების პრობლემის გადაწყვეტას.
სამუშაო ადგილებს არ ქმნის მთავრობა და მით უფრო არ ქმნის დასაქმების სამინისტრო. სამუშაო ადგილებს სწორედ ბიზნესი ქმნის.
მთავრობა კი ხელს უნდა უწყობდეს ბიზნესის განვითარებას, შესაბამისი გარემოს შექმნას. ამის გარეშე წარმოუდგენელია უმუშევრობის პრობლემის დაძლევა და ეკონომიკის ზრდა.
ჩვენთან ბიზნესი განიხილება როგორც დაფინანსების წყარო ხელისუფლების მიზნების მისაღწევად, ბიზნესმენი კი „გასაწეწ ობიექტად“ არის მიჩნეული.
ამ ხელისუფლებისათვის ბიზნესმენი კლასობრივი მტერია, რომელიც ან უნდა დაჰყვეს მათ ნებას, ან უნდა განადგურდეს. ვინც ნაცმოძრაობის მხარდამჭერი არ არის და ხელისუფლების მითითებებს არ ასრულებს, ის აუცილებლად გაკოტრდება, თუ საერთოდ დაჭერას გადაურჩა.
ასეთი არანორმალური ვითარება მოგვიტანა სააკაშვილის პოლიტიკამ. როდესაც თავისუფალი ბიზნესის მხარდაჭერის ნაცვლად სახელმწიფო სრულად აკონტროლებს ბიზნესს და ქმნის მონოპოლიებს – ეს არის სწორედ თავი და თავი იმისა, რომ ქვეყანაში რეალურად ბიზნესი არ ვითარდება და სამუშაო ადგილები არ იქმნება.
მე ძალიან კარგად ვიცი, რა სჭირდება ბიზნესმენს და ბიზნესის განვითარებას. ბიზნესისათვის მთავარია სტაბილური გარემო, ჩამოყალიბებული და მკაფიოდ განსაზღვრული თამაშის წესები.
პოლიტიკური რყევები და თამაშის წესების ხშირი ცვლა არასტაბილურობის განცდას აჩენს და ეს საფრთხეს უქმნის მათ საქმეს. ასეთი არასტაბილური ხელისუფლების ხელში, ვერც ბიზნესი იქნება უსაფრთხო.
ქართველმა ბიზნესმენებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რას ნიშნავს კანონიერი ქურდების მიერ დამყარებული წესრიგი! საბედნიეროდ, ეს დრო დამთავრდა მთელ ქვეყანაში და აღარასოდეს გამეორდება!
ქურდული წესრიგი ხელისუფლებამ კი არ მოსპო, არამედ ჩაანაცვლა და ერთი მოძალადე მეორეთი შეიცვალა.
ამიტომ, ვპირდები ჩვენს ბიზნესმენებს: ჩვენ დავამყარებით წესრიგს, რომელიც შექმნის სტაბილურ, კანონზე დაფუძნებულ გარემოს.
დადგინდება თამაშის წესები და მისი შეცვლა ხელისუფლის ნება-სურვილზე აღარ იქნება დამოკიდებული. ამის პირობას მე გაძლევთ!
ასევე, ჩვენ აღვადგენთ დამოუკიდებელ არბიტრაჟს, რომელიც გადაწყვეტს დავებს სახელმწიფოსა და ბიზნესმენს შორის. არბიტრაჟი ძალიან ცოტა ხანს ფუნქციონირებდა საქართველოში და ის იყო სერიოზული ინსტიტუციური ბერკეტი ხელისუფლების განუკითხაობისგან ბიზნესის დასაცავად.
სწორედ ამიტომ გააუქმა იგი ხელისუფლებამ. ჩვენ ამ ინსტიტუტს აუცილებლად აღვადგენთ და გავაძლიერებთ.
დიახ, ჩვენ მოვალთ და დავამყარებთ წესრიგს, მაგრამ ეს წესრიგი დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული წესრიგი იქნება.
ეს ხელისუფლება ხალხს იმითაც აშინებს, თითქოს ჩვენ, მისი ოპონენტები, პატიმრებს გავათავისუფლებთ და ყველა დამნაშავეს გარეთ გამოვუშვებთ.
ამას სინამდვილეში თვითონ აკეთებენ. ნამდვილი კრიმინალები გარეთ გამოუშვეს და ზონდერბრიგადებში განაწესეს, ხოლო არა ერთი უდანაშაულო ადამიანი ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული.
როგორ მოხდა, რომ საქართველოს, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე მშრომელ ქალაქს დღეს ყველაზე მეტი პატიმარი ჰყავს?!
იქნებ, ეს იმის ბრალია, რომ ერთ დროს წელგამართულ ქალაქს გაუგონარი უმუშევრობა და სიღატაკე დაატყდა თავს?! იქნებ შიმშილმა და გაჭირვებამ მიიყვანა ადამიანები დანაშაულამდე? აწუხებს ეს კითხვები ვინმეს ხელისუფლებაში?!
მშიერი კაცი პურს რომ მოიპარავს, მითხარით ერთი, როგორ შეიძლება, წლობით ციხეში რომ იჯდეს?!
ყველა პატიმარი ჩვენი მოქალაქეა და მათი დროებითი იზოლაცია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ უარი უნდა თქვას თავის მოქალაქეზე და არაფრად ჩააგდოს თითოეული პატიმრის ბედი.
დღეს სასჯელის შეკრებითობის პრინციპმა მოიტანა ის, რომ მცირე დანაშაულის გამო ადამიანები სრულიად შეუსაბამო სასჯელს იხდიან, ჩვენი საპატიმროები გადაჭედილია.
აღარაფერს ვამბობ იმ ყოვლად აუტანელ პირობებზე და პატიმართა სიკვდილიანობის ზრდაზე, რაც ასე გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას ცივილიზებული სამყაროსგან.
პირობას გაძლევთ, რომ ამ საქმეშიც დავამყარებთ წესრიგს, ჩვენ გადავხედავთ კანონმდებლობას, გავაუქმებთ სასჯელის შეკრებითობას და ყველა პატიმარი დანაშაულის შესაფერის სასჯელს მოიხდის.
ამ ხელისუფლებამ მრავალი უდანაშაულო ადამიანი პრობაციონერად აქცია. გარდა იმისა, რომ ეს დღეს ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი წყარო გახდა, ხელისუფლება მათ და მათი ოჯახის წევრებს შანტაჟითა და დაშინებით აიძულებს ნაციონალების სასარგებლოდ მუშაობას და არჩევნებში მხარდაჭერას.
ჩვენ გპირდებით, რომ დამოუკიდებელი სასამართლო გადახედვას ყველა უკანონო პატიმრისა და პრობაციონერის საქმეს!
ჩვენ არ ვაპირებთ პატიმრებთან ანგარიშსწორებას, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან. ჩვენ ვიზრუნებთ იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა რაც შეიძლება სწრაფად მოახერხონ ადაპტაცია და სრულფასოვან ადამიანებად დაუბრუნდნენ საზოგადოებას. ჩვენ არც ერთი ადამიანი არ გვყავს დასაკარგი!
ჩვენ გპირდებით, რომ ადამიანი ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება იქნება, ჩვენ ვიქნებით ყველას ქომაგი, ყველა ადამიანის, ვისაც სახელმწიფოს დახმარება დასჭირდება!
ჩვენ გპირდებით, რომ რუსთავს დავუბრუნებთ ღირსებას და ძლიერებას! სრულად შევაფასებთ ამ ქალაქის პოტენციალს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ამუშავდეს აზოტისა და მეტალურგიულ ქარხნებში არსებული საწარმოები.
დავაინტერესებთ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებს, რათა მათი შემოსვლით ქალაქში რეალური სამუშაო ადგილები გაჩნდეს.
ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ რუსთაველი მეტალურგების, ინჟინრების, ქიმიკოსების მონაწილეობით დავიწყოთ ქართული სოფლისთვის მანქანა-დანადგარების, შხამ-ქიმიკატების, სარწყავი მილების და სხვა საჭირო ინვენტარის წარმოება.
რუსთავს ისეთი მდებარეობა აქვს, რომ ქვემო ქართლსა და კახეთში მოწეული მოსავლის დაბინავება, დაფასოება და გადამუშავება ამ ქალაქმა შეიძლება თავის თავზე იტვირთოს და ამით ხელი შეეწყოს კვების მრეწველობის განვითარებას.
თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საწარმოს ამუშავება დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი დასაქმდება.
რუსთავში თავმოყრილია პროფესიული ტრადიციები და ცოდნა, თაობათა გამოცდილება, რომლებიც ახალი კადრების, ახალი თაობის მომზადებასა და აღზრდაში დაგვეხმარება.
რუსთავი შესაძლოა გახდეს პროფესიული განათლების ცენტრი, სადაც ახალგაზრდები არა მარტო თეორიულ ცოდნას მიიღებენ, არამედ შესაბამის პრაქტიკასაც გაივლიან სხვადასხვა ტიპის საწარმოებში.
ახალგაზრდობა, სტუდენტობა, სასაწავლო ცენტრები, სახელოსნოები, სტუდიები, – ეს გამოაცოცხლებს რუსთავს და ახალ ფუნქციას მიანიჭებს ამ ქალაქს.
გზა ხსნილი ექნება ყველას, რადგან განათლების რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ, ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად სახავს სწავლა-განათლებას მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც ხელს შეუწყობს ახალი პროფესიების დაუფლებას.
თქვენი ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“. ჯანდაცვის საქმე 20 წელზე მეტია სულ უკან-უკან მიდის.
ამ ხელისუფლებამ ვითომ ახალი საავადმყოფოები ააშენა, მაგრამ იქ მისვლა და მკურნალობა ისე ძვირი ღირს, რომ ხალხისთვის მიუწვდომელია.
ამიტომ ავადმყოფობა ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი პენსიონერებისა და გაჭირვებული ადამიანებისთვის, ხშირად, სასიკვდილო განაჩენია. ეს უნდა შეწყდეს!
„ქართული ოცნება“ ბოლოს მოუღებს ამ უსულგულობას! ყველას – ყოველ თქვენგანს – ექნება სამედიცინო დაზღვევა, გპირდებით ამას!
ჩვენ ჯანსაღი, განათლებული, მშრომელი, ღირსებით სავსე და ამაყი ხალხის ხელისუფლება უნდა ვიყოთ. ჩვენ მივაღწევთ ამას, ჩვენ – ყველანი ერთად!
ჩვენს ხელისუფლებას ეცოდინება, რომ ყოველ თქვენგანს, თითოეულ ადამიანს თვალის ჩინივით უნდა გაუფრხილდეს!
ჩვენ დავადგენთ საარსებო მინიმუმის ახალ, რეალურ ზღვარს. ცხადია, ეს ზღვარი აღარ იქნება დამამცირებელი. პენსია არ იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე რეალური საარსებო მინიმუმია.
ჩვენ გავაორმაგებთ სოციალურ დახმარებას, ამ დახმარებას მიიღებს ყველა, ვისაც იგი ნამდვილად სჭირდება. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დახმარების მიღება აღარასდროს მოხდება ადამიანის ღირსების შელახვის ხარჯზე.
ჩვენ დავიცავთ დასაქმებულთა ინტერესებსაც. ერთხელ და სამუდამოდ მოვაწესრიგებთ შრომის კოდექსს და მას ევროპულ სტანდარტებს მივუახლოებთ.
ამას დიდი ხანია ამ ხელისუფლებისგან ითხოვენ ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგრამ ხელისუფლება ჯიუტად არ ასრულებს მათ მოთხოვნას, რადგან სწორედ ამ კაბალური შრომის კოდექსით მოახერხა მან თავხედური რეფორმების განხორციელება, რომელმაც ასეულობით ათასი ჩვენი მოქალაქე ულუკმაპუროდ დატოვა.
სააკაშვილს ჰგონია, რომ აუცილებლად უნდა ჩამასწროს და ჩემზე ადრე მივიდეს ყველგან, სადაც მე ვაპირებ მისვლას. ასე მოიქცა რუსთავშიც, ჩამოვიდა და ტყუილები დაახვავა.
ვის მიმართავდა, ნეტავ, ამ ტყუილებით? თქვენ რომ არ მოგმართავდათ, ნამდვილ რუსთაველებს, გაჭირვებასთან მებრძოლ ადამიანებს, ცხადია. ის მიმართავდა თავის წარმოსახვაში არსებულ ვირტუალურ პუბლიკას, რომელმაც აღარ იცის სად წაიღოს თავისი წარმოსახვითი კეთილდღეობა.
სააკაშვილი ყოველ გამოსვლაში თავს იწონებს საქართველოში ჯერ არნახული მშენებლობებით. თითქმის მთელი საქართველო ხარაჩოებშია ჩასმული, დაწყებულია და შუა გზაშია მიტოვებული გზებისა და სხვადასხვა ობიექტების მშენებლობა. იმის მაგივრად, რომ დაწყებული მშენებლობები ბოლომდე მიიყვანონ, ახალ-ახალი პროექტებია წამოწყებული.
ამ სურათის შექმნა სააკაშვილს იმ ილუზიის შესაქმნელად სჭირდება, რომ თითქოს ქვეყანა აღმშენებლობის გზას ადგას, რომ საქართველოს ისტორიაში პირველადაა მშენებლობის ასეთი მასშტაბი.
სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ეს ეგრეთ წოდებული სამშენებლო ბუმი იმ კრედიტებით წამოიწყო, რომელიც ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა გამოგვიყვეს ომისშემდგომი რეაბილიტაციისთვის.
ამ თანხების, ამ ვალების გადახდა სამომავლოდ ჩვენს გაჭირვებულ ხალხს მოუწევს, ხოლო ზოგი იმდენწლიანი ვალია, რომ ჩვენს შვილთაშვილებსაც მოუწევთ მისი გადახდა.
აი, ამას გვაყვედრის სააკაშვილი, ამით მოაქვს თავი, მაშინ როცა მთელ მსოფლიოშია მშენებლობის ბუმი. ჩვენ მეზობელ ქვეყნებში გაცილებით მეტი შენდება, მაგრამ ამით არავინ ტრაბახობს.
ახლა ამ მშენებლობებს სააკაშვილმა სრულიად სხვა დატვირთვა მიანიჭა. მშენებლობები არჩევნების წინ ხალხის მოსატყუებლად, მათი დასაქმების ილუზიის შესაქმნელად სჭირდება.
გაჭირვებულ ხალხს მოკლევადიან სამუშაოს აძლევს, თან აშინებს და აშანტაჟებს, რომ თუ ხელისუფლება შეიცვლება, ისინი კვლავ უსამსახუროდ დარჩებიან.
წინასაარჩევნო ტყუილის ნათელი მაგალითია ის, თუ როგორ „დაასაქმა“ ხელისუფლებამ ადამიანები ბათუმის დელფინარიუმში, ურეკის კულტურის სახლსა და გასართობ ცენტრ „ციცინათელაში“.
იმის მაგივრად, რომ ბიუჯეტის თანხები სარემონტო სამუშაოებში დაეხარჯა, ხელისუფლებამ არჩევნების წინ დროებით გააორმაგა თანამშრომელთა რაოდენობა და არად ჩააგდო ის, რომ ამ ობიექტებზე აუცილებელი სამუშაოების ჩატარების გარეშე ადამიანის უსაფრთხოება დაცული არ არის!
აი, ეს პრაქტიკა დანერგა სააკაშვილმა, ასე ასაქმებს იგი ხალხს! ასე ატყუებს მათ, რადგან ხალხი მას ცხვრის ფარა ჰგონია!
ჩვენ ვპირდებით ჩვენს ხალხს, რომ მშენებლობა საქართველოში არათუ გაჩერდება, არამედ უფრო მასშტაბური გახდება და გაცილებით მეტი ადამიანი დასაქმდება.
მაგრამ ეს არ იქნება ისეთი სამუშაო ადგილები, რომლებიც არჩევნების წინ იქმნება და არჩევნების დამთავრებისთანავე უქმდება.
ეს იქნება ისეთი მშენებლობა, რომელსაც, ყველა ნორმისა და სტანდარტის შესაბამისად, კვალიფიციური სპეციალისტები დაგეგმავენ, სადაც დაცული იქნება როგორც მშენებლობის, ისე მშენებლობაზე მომუშავე ყველა ადამიანის უსაფრთხოება.
სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს 9 წელი ხელისუფლებაში კი არა, ოპოზიციაში იყო, თითქოს, მათ ხელში არ იყო ამდენ ხანს ყველაფერი. ახლა გაახსენდათ ადამიანი, ახლა გაახსენდათ სოფელი და დასაქმება, თითქოს იმაზე ფიქრით ათენებენ და აღამებენ, როგორ მოუტანონ მეტი სარგებელი ხალხს.
ჩვენი პროგრამა რომ მიითვისეს, ჩვენი ციფრები რომ აიღეს და ოთხზე გაამრავლეს და 4 წელიწადში 40-მილიარდიან ბიუჯეტს რომ დაჰპირდნენ ხალხს, საიდან მოიტანენ ამ თანხებს, გვითხრან! რის ხარჯზე ფიქრობენ ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის დაფინანსების გაზრდას, საიდან მოაქვთ ეს ფული?!
კეთილი ინებონ და გვაჩვენონ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც უკვე გაწერილი უნდა ჰქონდეთ ყველაფერი!
ეს ციფრები მხოლოდ ამომრჩეველთა გულის მოსაგებად არის ნათქვამი.
ამ ბოლო თვეების განმავლობაში თქვენმა სამოქალაქო აქტივობამ და ღირსებამ აჩვენა ყველას, რომ ჩვენი ხალხი აღარ ტყუვდება და საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი მომავლისთვის ბოლომდე იბრძოლებს!
ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფოს შენება და განვითარება ქვეყნის ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა. ეს პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, არჩევნებზე უნდა ვიტვირთოთ და დაფიქრებული და სწორი არჩევანი გავაკეთოთ.
ხელისუფლებამ კარგად იცის არჩევნებში ყოველი ადამიანის გადაწყვეტილების მნიშვნელობა, მაგრამ ხან შეპარვით და ხან პირდაპირ იმ აზრს გვინერგავს, რომ ჩვენს ხმებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რომ ყველაფერი მაინც სხვაგან და წინასწარ წყდება. ამ ტყუილმა ისე ღრმად გაიდგა ფესვები, რომ ძნელია მისი ამოძირკვა. მაგრამ, მე ჩვენი ხალხის იმედი მაქვს!
ჩემო მეგობრებო, ჩემო თანამებრძოლებო, თქვენ გატყუებენ. დავფიქრდეთ კარგად – ყოველი მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემა არაფერს რომ არ ნიშნავდეს, რატომ დაიწყებდა ეს ხელისუფლება ასეთ გააფთრებულ ბრძოლას ჩვენთან. რატომ აიღებდა თავზე ხელს და მოჩვენებით დემოკრატიულობასაც შეელეოდა, რომ როგორმე თქვენამდე მართალმა სიტყვამ არ მოაღწიოს.
ხალხის არჩევანს ფასი რომ არ ჰქონდეს, ეს ხელისუფლება ყოველი არჩევნების წინ არ დაარიგებდა ხან ტომარა ფქვილს, ხან შაქარს, ხან 10 და ხან 20-ლარიან დახმარებას.
უნდათ ჩაგვინერგონ, რომ ჩვენი ხმა არაფერს ნიშნავს, არაფერი ღირს. ჩვენ თაღლითურად გვართმევენ თავისუფლებას!
ახლა მაინც, როცა ჩვენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება, აღარავის მივცეთ იმის უფლება, რომ ყველაზე მთავარი – ჩვენი თავისუფლება – ფეხქვეშ გათელოს და მერე სასაცილოდ აგვიგდოს!
ქვეყნის მომავალზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, ვინ უფრო გვაწყობს ამ წუთას და ვის ხელში უკეთ შევინარჩუნებთ მცირეოდენ პირად კეთილდღეობას.
ჩვენს საზოგადოებას გამუდმებით უნდა ახსოვდეს ის უბრალო ჭეშმარიტება, რომ ადამიანი ერთხელ ცხოვრობს ამ ქვეყანზე და ამიტომ, მისი ცხოვრება რაც შეიძლება თავისუფალი, ღირსეული და ბედნიერი უნდა იყოს.
სახელმწიფოს მთავარი დანიშნულება ის არის, რომ საიმედო და საამაყო სამშობლო ჰქონდეს ყველა მის მოქალაქეს. სახელმწიფო უნდა ეკუთვნოდეს ყოველ მოქალაქეს!
ჩვენ კი რა გვაქვს ხელში – ქვეყანა, რომელიც მისივე ხელისუფლების მიერაა დაპყრობილი. აი, ეს დამპყრობელი უნდა გავისტუმროთ ახლა არჩევნებით.
არჩევნებია დემოკრატიის მთავარი საყრდენი, და, როგორც ამბობენ, კაცობრიობას დემოკრატიაზე უკეთესი სისტემა ქვეყნის მართვისათვის ჯერ არ მოუგონია.
ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა სამართლიან არჩევნებს. ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა არჩევნებში ყოველი თქვენგანის მონაწილეობას.
არჩევნების დღე ის დღეა, როდესაც ხელისუფლება ხალხის ხელშია, ეს გადამწყვეტი დღეა და თუ ამ დღეს არ გამოვიყენებთ, მეორე დღეს უკვე ყველაფერი დაგვიანებული შეიძლება აღმოჩნდეს.
სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა მანკიერი, მაგრამ კარგად განვითარებული სისტემა, რომელიც ტყუილისა და სიყალბის იდეოლოგიას ემსახურება.
გაყალბებისა და ხელისუფლების შენარჩუნებისათვის იყენებენ ჩვენს მოქალაქეებს. ამ ადამიანებს შეიძლება არც კი ჰქონდეთ გააზრებული, რომ ტოტალიტარულ მანქანას ამუშავებენ, მანქანას, რომელიც ჩვენ, ჩვენს შვილებს და ჩვენს სამშობლოს მომავალს ჰპარავს!
ამ ხელისუფლებამ სიყალბე, ხალხო, სიყალბე დაადგინა ქვეყნის მართვის მთავარ პრინციპად.
ამ სიყალბესა და დანაშაულში მარტო ხელისუფლების წევრები კი არ მონაწილეობენ, არამედ სამსახურის დაკარგვის შიშით, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან ჩათრეული.
სამსახურის დაკარგვის შიში, ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ გამოდგება გამართლებად.
ყველა სახელმწიფოში უმძიმეს დანაშაულად ითვლება ფულის გაყალბება, როგორც სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით სახიფათო საქმიანობა. ხოლო დემოკრატიულ სახელმწიფოში არანაკლები სიმძიმის დანაშაულია დემოკრატიული არჩევნების გაყალბება.
დემოკრატიულ ქვეყანაში სახელმწიფოსა და საზოგადოების გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭიროა ნამდვილი ფული და ნამდვილი არჩევნები.
ამიტომ ნურავის გაუკვირდება, თუ სამართლიან და დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონი არჩევნების გამყალბებელს ისევე მოექცევა, როგორც ფულის გამყალბებელს.
განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამ გაყალბების მთავარ მონაწილეებად და შემსრულებლებად ხელისუფლებამ მასწავლებლები გაიხადა.
ხალხო, როგორ უნდა გაბედონ ჩვენი შვილების აღზრდა იმ ადამიანებმა, რომლებმაც ბავშვებს გაუყალბეს მომავალი. საბედნიეროდ, ეს ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა.
მასწავლებლებო, შეასრულეთ თქვენი მთავარი მოვალეობა და ნუღარ ჩაუდგებით ხელისუფლებას დამამცირებელ სამსახურში, ნუ მისცემთ არჩევნების გაყალბებაში თქვენი გამოყენების საშუალებას, ნუ მისცემთ უფლებას თქვენზე იბატონოს!
მასწავლებლებო, გათავისუფლდით! დაშინებული მასწავლებელი თავისუფალ მოქალაქეს ვერ აღზრდის!
მივმართავ ყველას, ვისაც თავის სამსახურში ჩათრევას უპირებს ხელისუფლება, არ მიიღოთ არჩევნების გაყალბებაში არანაირი მონაწილეობა, რადგან ეს დანაშაულია!
საგანგებოდ აღსანიშნავია კოორდინატორების, მამასახლისების და ნაციონალური მოძრაობის სხვა ადგილობრივი სტრუქტურებისა და მათი აქტივისტების საქმიანობა. მათი მეშვეობით ხდება წვრილმანი კრიმინალის, დაშინების, შანტაჟის ათასობით ფაქტი, რაც, რეალურად, ქვეყნის წინააღმდეგ, სამშობლოს წინააღმდეგ, ჩვენი შვილების მომავლის წინააღმდეგაა მიმართული!
ამიტომ, ყველა უბანზე, ყველა სოფელში, ყველა ქალაქში უნდა შევაჩეროთ გამყალბებლები და არ ჩავადენინოთ ეს დანაშაული.
ამ ბრძოლაში ჩვენი მთავარი იარაღია სიმართლე, ჩვენ სიმართლით დავუპირისპირდებით ყველას. ჩვენ შემუშავებული გვაქვს მექანიზმები, როგორ უნდა აღვუდგეთ წინ ამ გაყალბების მანქანას.
ჩვენ ვიცით ყველა ის ადამიანი, ვინც ამ გაყალბებაში ჰყავთ ჩათრეული, ზოგი ნებით, ზოგი – იძულებით.
გაყალბება, ისევე როგორც ქურდობა, სისხლის სამართლის დანაშაულია, და ამ დანაშაულის ჩამდენი ყველა დაისჯება. ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც ამას დაამკვიდრებს ამ ქვეყანაში და ამით ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ არჩევნების გაყალბების სამარცხვინო ტრადიაციას, რომელიც 20 წელია ვერა და ვერ დავძლიეთ.
ის, ვინც ხმების ქურდობას, ხმების გაყალბებას და ამით ჩვენი სამშობლოსთვის მომავლის წართმევას გაბედავს, პასუხს აგებს კანონის წინაშე! პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით!
როგორც ვაჟა ამბობს: „თავისუფლების ქურდები, ბოლო ჟამს მუდამ დასჯილან“.
მინდა მივმართო ყველას: კანონის გეშინოდეთ და კანონის იმედი გქონდეთ!
ბრძოლა ქვეყნისა და ხალხისთვის ჩვენი გამარჯვებით დასრულდება! თავისუფლებისთვის ბრძოლას ვეღარაფერი შეაჩერებს!
ქვეყნის ბედს თქვენ წყვეტთ, ქვეყნის ბედს 1-ელ ოქტომბერს თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები გადაწყვეტთ! 1-ელ ოქტომბერს თქვენ სამშობლოს არჩევნებზე სჭირდებით!
ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს!!! ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი მომავლისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის!!! ჩვენი სამშობლოსთვის!!! ჩვენი საქართველოსთვის!!!
ჩვენ ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც ვეღარავინ წაართმევს ხალხს თავის არჩევანს!
ჩვენ ღირსებას დავუბრუნებთ ჩვენს ქვეყანას!
ჩვენ ღირსებას დავუბრუნებთ ჩვენს ხალხს!
ჩვენ გავაერთიანებთ ჩვენს ხალხს!
ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას!
ჩვენ ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც აღარავის დასჭირდება ლუკმაპურის საშოვნელად სამშობლოდან გადახვეწა.
საქართველოში დაცული იქნება ადამიანის ყველა უფლება, აზრისა და სიტყვის თავისუფლება; სასამართლო იქნება სამართლიანი, მედია – დამოუკიდებელი, ბიზნესი – ხელშეუხებელი!
ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც ჩვენს საამაყო ჯარისკაცებსა და პოლიციელებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ღირსეულად ემსახურონ სახელმწიფოს და არა რომელიმე ხელისუფალს!
თავისუფალ საქართველოში თავისუფალი ხალხი იცხოვრებს, რომელსაც აღარ ექნება პოლიტიკური დევნის შიში! მე ამას გპირდებით!
ქართველები, ოსები, აფხაზები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები, ბერძნები და სხვები ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, რომელიც სამშობლო იქნება ყველასთვის!
საქართველო გახდება თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა, ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი!
ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით! მხოლოდ ერთად დგომით მოვიგებთ ამ ბრძოლას!
კიდევ ერთხელ გილოცავთ ფერისცვალებას, და მჯერა, რომ, სულ მალე, პოლიტიკურ ფერისცვალებას მივულოცავთ ერთმანეთს!
ჩვენ გვწამს და მტკიცედ გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ არჩევნებში, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს და ერთად ავისრულებთქართულ ოცნებას!