კომენტარი

გიორგი ბადრიძე: ჩვენ უკვე ვხედავთ ტრამპის ტრანსფორმაციას

9 ნოემბერი, 2016 • 2746
გიორგი ბადრიძე: ჩვენ უკვე ვხედავთ ტრამპის ტრანსფორმაციას

დიდ ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის უფროსი მკვლევარი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ბადრიძე ნეტგაზეთთან საუბარში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და საქართველოზე მის შესაძლო გავლენას აფასებს:

რას ნიშნავს ეს არჩევნები და მისი შედეგები საერთაშორისო ურთიერთოებებისთვის, პოლიტიკისთვის გლობალურად?

ყველა ამერიკული არჩევნები გლობალური მნიშვნელობისაა, მაგრამ ეს განსაკუთრებულია, რადგან აქ არჩევანი იყო არა ორ პოლიტიკურ ხედვასა და პარტიას შორის, არამედ ტრადიციულ, ჩამოყალიბებულ პარტიულ მიდგომას და პარტიის, პოლიტიკის სივრიცის გარედან მოსულ ადამიანს შორის. სამწუხაროდ, ეს არის პოპულიზმის რაციონალურ არგუმენტებზე გამარჯვების სიმბოლო. ეს არჩევნები კიდევ იმით გამოირჩევა, რომ ის არ არის იზოლირებული ფაქტი. ჩვენ უკვე ვიხილეთ პოპულიზმის საფუძველზე ბრიტანეთში გამარჯვებული ბრექსიტი, ევროპაში ვხედავთ მზარდ მემარჯვენე პოპულისტურ მოძრაობებს, რომლებიც  ერთამენთან იმით არიან დაკავშირებული, რომ იზოლაციონიზმს და კედლების აღმართვას ქადაგებენ.  გარდა ამისა, უმატესობას აქვს მოლოდინი ან სურვილი, რომ რუსეთთან განსაკუთრებული, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს, რაც არ შეიძლება, რომ ჩვენ არ გვაშფოთდებდეს.

ანუ შეგვიძლია ვისაბუროთ პოლიტიკური ელიტის კრიზისზე?

უფრო მეტს ვიტყვი: ჩემი აზრით, ეს გვაჩვენებს ლიბერალური დემოკრატიის კრიზისის ნიშნებს. მე არ ვამბობ, რომ ლიბერალურ დემოკრატიას, ევროპულ პროექტს  მომავალი არ აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ დასავლური დემორკატიის კრიზისის მოწმენი ვართ. ეს ისტორიაში პირველად არ ხდება, ჩვენ მოვესწარით მის ერთ-ერთ ფაზას. დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთი ამას ახალ ისტორიულ ფაზაში შესვლით, ახალი თანამშრომლობით უპასუხებს, მაგრამ რეალობა ასეთია: ადამიანს, რომელიც ქადაგებდა დემოკრატიასთან საკმაოდ შორს მდგარ ბევრ იდეას, კედლებს და ა.შ. – ამომრჩევლების უმრავლესობამ მისცა ხმა.

რა თქმა უნდა, მას ამერიკული პოლიტიკური სისტემის ერთი ხელის მოსმით შეცვლის საშუალება არ მიეცემა, რადგან ეს მყარად ჩამოყალიბებული კონსტრუქციაა, პრინციპზე,  რომლის მიხედვითაც ხელისუფლების არც ერთ შტოს არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ძალაუფლების მონოპოლიის საშუალება.  ტრამპის ტრანსფორმაციასაც ვიხილავთ და უკვე ვხედავთ კიდეც, რადგან მისი დღევანდელი, გამარჯვების შემდგომი გამოსვლა განსხვავდებოდა იმისგან, რასაც კანდიდატი ტრამპისგან ვისმენდით ხოლმე. ჩვენ უკვე ვხედავთ, როგორ იცვლება ტრამპის  რიტორიკა.

იმედს ვიტოვებ, რომ ის ინსტიტუციონალური ჩარჩო, რომელშიც მას, როგორც პრეზიდნტს, მოუწევს ჩაჯდომა, და გუნდი, რომელიც მის გარშემო შეიკრიბება, შეძლებს მისი წარმოდგენის კორექტირებას, მაგალითად, იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკა. მისი საკუთარი წარმოდგენაა ის, რომ აშშ-ის ინტერესებისთვის თურმე იზოლაციონიზმი ჯობია, მას საერთაშორისო ალიანსების ფასეულობები არ ესმის, საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის ზიანზე ლაპარაკობს და პროტექციონიზმის პოლიტიკის გატარება ურჩევნია. იმედია, რომ მის გარშემო შეკრებილი გუნდი მის ამ ილუზიებს, სულ მცირე, დააკორექტირებს.

ტრამპი შეიძლება შეიცვალოს, როგორც ამას თქვენ ამბობთ, მაგრამ არ შეიცვლება ის ფაქტი, რომ ამომრჩეველმა ხმა მისცა იმ რიტორიკას, რომელსაც ეს უკანასკნელი იყენებდა საარჩევნო კამპანიაში…

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დღევანდელი პოლიტიკა საშუალებას იძლევა სრულიად უპასუხისმგებლო დაპირებების საფუძველზე ძალაუფლება მოიპოვოს ადამიანმა, რომელსაც არანაირი გეგმა, არც ეკონომიკური და არც საგარეო პოლიტიკური, არ გააჩნია. ეს არის ზუსტად ის, რაზეც მე ვლაპარაკობდი: დემოკრატიული სისტემის კრიზისის ნიშანი… ეს არ არის იმის ნიშანი, რომ ადამიანებს რაღაც სხვა უნდათ იმისგან განსხვავებელი, რაც გუშინ უნდოდათ. ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ზედა პოლიტიკურ ეშელონებში ხვდებიან ადამიანები, რომლებიც არაფრად დაგიდევენ ჩამოყალიბებულ წესებს იმის შესახებ, რომ ამომრჩეველს შეუსრულებად, რაღაც საოცნებო იდეებს არ უნდა დაჰპირდე, უფასო ფული იქნება ეს თუ კედლის მეშვეობით იმიგრაციის პრობლემის მოგვარება. ყველა ამომრჩეველი არ არის ვალდებული, რომ პოლიტიკის, ეკონომიკის და ა.შ. ექსპერტი იყოს. ამიტომ არსებობს პოლიტიკური ელიტა, რომელიც დანარჩენი საზოგადოების სახელით ახორციელებს პოლიტიკას, მაგრამ როდესაც პოლიტიკაში მოდიან ადამიანები, რომლებიც ძალაულფების მოპოვებისათვის მზად არიან, გამოგონილი თუ ფანტასმაგორიული იდეები შესთავაზონ ადამიანებს, ან მათ ყველაზე ქვენა, ბნელ ინსტინქტებზე ითამაშონ, აი, ეს არის სწორედ ამ კრიზისის გამოხატულება.

ტრამპი მოსახლებოის იმ ნაწილს, რომელიც  ცხოვრებით უკმაყოფილოა, ეუბნება, რომ ყველა პრობლემა მოდის უცხოელებისგან, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან და მე ამ პრობლემას მოვაგვარებ ძალიან მარტივად: ავაშენებ კედელს. ძალიან პრიმიტიულად ჟღერს, მაგრამ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ეს დაიჯერა. უნდა ვნახოთ, როგორ აისახება ტრამპის პრეზიდენტობა მათ ცხოვრებაზე და იქნება თუ არა მათი შემდგომი რეაქცია ტრამპზე უფრო რადიკალური ძალის მოყვანა ხელისუფლებაში, თუ დაბრუნება ტრადიციული პოლიტიკისადმი.

თქვენ თქვით, რომ ტრამპს არ ჰქონია მკაფიოდ ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკური ხედვა და გეგმა. ამაზე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, რას უნდა ელოდოს საქართველო იმავე ნატოსთან და რუსეთთან პოზიციების შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით?

ჩემი აზრით, ნებისმიერი მოლოდინი იმისა, რომ ევროპას პუტინს მიჰყიდის, სრულიად არასწორია, მიუხედავად ტრამპის განცხადებებისა, რომ მას პუტინთან კარგი ურთიერთობების დამყარება შეუძლია. ტრამპის წინამორბედმა სცადა პუტინთან ურთიერთობის დამყარება, მათ შორის საქართველოში აგრესიისთვის პასუხის არმოთხოვნის გზით, გადატვირთვას ვგულისმხობ, რომელიც თვითონ ამ პოლიტიკის ინიციტაორების თქმითვე სასტიკად ჩაფლავდა. როდესაც აგრესორს რაღაცას უთმობ, ის უფრო დიდ მადას ავლენს და ამის შედეგი ვნახეთ უკრაინასა და სირიაში. არ შეიძლება, რომ ტრამპს ეს არ აუხსნან რაღაც ეტაპზე, როცა ის იტყვის, რომ მოდით, რუსეთთან კარგი ურთიერთობა დავამყაროთო. ამას უზარამზარი ფასი აქვს აშშ-ის ინტერესებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპს აუხსნიან, რომ ნატო არ არის  ის სისტემა, სადაც ამერიკა  ევროპელი პარტნიორების უსაფრთხოებას იცავს, არამედ ნატო არის მექნიზმი, რომელიც თვითონ აშშ-ის უსაფრთხოებასა და ინტერესებს უზრუნველყოფს, არ შეიძლება არ აუახსნან, რომ არ შეიძლება იაპონიის და სამხრეთ კორეის მიტოვება იმის იმედად, რომ მათ საკუთარი თავი ჩრდილოკორეისგან ან ჩინეთისგან თუ რუსეთისგან თვითონ უნდა დაიცვან ბირთვული იარაღით…

დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს აუხსნიან, თუმცა მთავარი, რაც საქართველომ  უნდა გააკეთოს, იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება ჩვენი რეგიონის მიმართ დეკლარირებული პოლიტიკა, არის ის, რომ გააათმაგოს თავისი ძალისხმევა, რადგან გასული 4 წელი ამ მიმართულებით სრული ჩავარდნა იყო, თან ეს ხდებოდა მაშინ,  როცა ტრამპი [თეთრ სახლში] არ არსებობდა. მინდა მჯეროდეს, რომ ახალი ელჩი დავით ბაქრაძე იქ ძალიან კონკრეტული გეგმით ჩავა- ორმხრივი კავშირების დასამყარებლად როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროებში, რადგან 4 წლის განმავლობაში არაფერი გაგვიკეთებია, მაგალითად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დასაწყებად.

საუბრის დასაწყისში თქვენ ტრამპის დამოკიდებულება გაიხსენეთ თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ და მისი პრეზიდენტობის პირობებში როგორ უყურებთ აშშ-სა და საქართველოს შორის მსგავსი შეთანხმების გაფორმების პერსპექტივას?

ტრამპის მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ თავისუფალი სავაჭრო ზონები აშშ-ის მოქალქეებს სამუშაო ადგილებს აკარგვინებს და ა.შ. ის სერიოზული მოწინააღმდეგეა ამ შეთანხმებების. სამწუხაროდ, ალბათ, სერიოზული პრობლემა შეიძლება შეექმნას  აშშ-ს და ევროკავშირს შორის მიმდინარე მოლაპარაკებას, იგივე შეიძლება მოხდეს ჩრდილოამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ზონასთან დაკავშირებით, თუმცა საქართველო იმდენად მცირეა თავისი ეკონომიკით, რომ მასთან თავისუფალი ვაჭრობა არც შეემჩნევა ამერიკის ეკონომიკას, იმდენად მიზერული ეფექტი ექნება. შესაბამისად, ეს არ უნდა ჯდებოდეს იმ ფორმატში, რომლის მიმართაც ტრამპმა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება გამოთქვა.

თქვენ თქვით, რომ აშშ-ის პოლიტიკური სისტემის ერთი ხელის მოსმით შეცვლის საშუალება პრეზიდენტს არ ექნება და პრინციპში ამ საკითხზე ბევრი დისკუსია მიმდინარეობს. არსებობს ასეთი არგუმენტი, რომ ტრამპს ჰყავს რესპუბლიკელები კონგრესსა და სენატში, რომელთაც საკმაოდ მძლავრი ბერკეტები აქვთ ხელთ, თუმცა, როგორ ფიქრობთ, იქნება რესპუბლიკური ისტებლიშმენტი მისი მოკავშირე წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში დეკლარირებული იდეების განხორციელებაში?

ზუსტად მაგაში მდგომარეობს საქმე, თქვენ სწორედ აღნიშნავთ: ტრამპი სინამდვიელში რესპუბლიკელი არ არის და რესპუბლიკური ისტებლიშმენტი, დარწმუნებული ვარ, გარკვეული კორექტირების შეტანას ეცდება იმ საკითხებთან მიმართებაში, რასაც ის იმუქრებოდა ხოლმე წინასაარჩევნოდ. თითქმის არც ერთი განცხადება, რაც ტრამპს აქვს გაკეთებული, რესპუბლიკურ ფასეულობებს და პოლიტიკას არ ასახავს. თავისუფალი ვაჭრობა სწორედაც რომ რესპუბლიკური იდეაა და ჯდება მათ წარმოდგენაში კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და სამუშაო ადგილების შექმნის  შესახებ.

იმედი მაქვს, რომ კონგრესი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება იქ უმრავლესობა, ტრამპის რეალური დამაბალანსებელი იქნება. კონგრესში რესპუბლიკელების უმრავლესობით შეიძლება შესაძლებელი გახდეს ცვლილებების შეტანა ობამას მიერ ჩამოყალიბებული სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სისტემაში (ობამაქეარ), რისი დაკორექტირებაც  საერთო რესპუბლიკური ხედვაა. რაც შეეხება საერთაშორისო ვაჭრობის და უსაფრთხოების თემებს, იმედი მაქვს, რომ თუნდაც რესპუბლიკური უმრავლეოსბის მქონე კონგრესი არ  მისცემს იმის საშუალებას, რომ უპასუხისმგებლო ნაბიჯები გადაიდგას.

ჯერ ბრექსიტი, ახლა ტრამპის გამარჯვება, რომელიც  რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობებს აანონსებს, ხომ არ აძლიერებს პუტინის პოზიციებსა და გასაქანს იმავე ევროპაში?

მე მგონია, რომ  პუტინთან ტრამპის დამოკიდებულებას იგივე ბედი ეწევა, რაც ბევრ მის სხვა ილუზიას და წარმოდგენას, რომელიც დამყარებული იყო ფაქტების არცოდნასა და მის ნაკლებ გამოცდილებაზე საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკაში. შეგახსენებთ, რომ ტრამპი არის ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, რომელსაც არჩევამდე არანაირი პოლიტიკური, ადმინისტრაციული თანამდებობა ან სამხედრო გამოციდლება არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, მას უამრავი რამის სწავლა მოუწევს. რა სიმპათიითაც არ უნდა იყოს ის განწყობილი პირადად პუტინის ავტორიტარული მმართველობის სტილისადმი, რომელსაც ის ძლიერ ლიდერს უწოდებს, და რამდენიმეჯერ ახსენა, რომ პუტინს საკუთარი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა აქვს, მალე მოუწევს რეალობასთან შეხება, რომ პირველ რიგში აშშ-ის ინტერესები დაზარალდება, თუკი ის დათმობებზე  წავა და რუსეთს ამერიკის მოკავშირეების ინტერესების და სუვერენიტეტის შებღალვის საშუალებას მისცემს.

მასალების გადაბეჭდვის წესი