კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი რეგიონებში გამოსვლისას, ამ კუთხის ადამიანების წარმოშობასა და განსაკუთრებული თვისებების გარდა, ყურადღებას ზოგადად ქართველობაზეც ამახვილებს.
“სანამ პოლიტიკაში მოვიდოდი, წიგნის დამთავრებას ვაპირებდი, იქ ერთი თავია მიძღვნილი ქართველზე და ქართველობაზე. ერთ–ერთი თავი ეძღვნება ქართველების ნიჭიერებას, იმის გამო, რომ ძარღვებში გენეტიკურად ძალიან ძველი სისხლი ჩქეფს. მე ლამის მეცნიერულად მაქვს დამტკიცებული, რომ ქართველები ერთ–ერთი ყველაზე ნიჭერი ერი ვართ მსოფლიოში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, ირაკლი ალასანიას წარდგენის დროს სიტყვით გამოსვლისას.
ლელა გაფრინდაშვილის განცხადებით, ქართულ წარმოშობასა და გენეტიკაზე აპელირება განსაკუთრებით უარყოფითად გენეტიკურად არაქართველ მოსახლეობაზე მოქმედებს:
“როდესაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი, სომეხი, ქურთი ან სხვა ისმენს ამ ტიპის რიტორიკას, სადაც პოლიტიკური ლიდერი აქებს ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას, ის ამ კონტექსტში თავის ადგილს ვერ პოულობს, რაც მისთვის შეიძლება დამაფრთხობელი არა, მაგრამ ძალიან არასასიამოვნოა, ამიტომ ჩემთვის შოკისმომგვრელი და გამაოგნებელია, როდესაც პოლიტიკოსები ამ ტიპის რიტორიკას იყენებენ. ეს სამარცხვინოა 21–ე საუკუნის პოლიტიკოსისთვის, განსაკუთრებით კი იმ პოლიტიკოსისთვის, ვისაც ამ ვიწრო ნაციონალისტური განწყობებიდან ქვეყნის ნაციონალურ ანუ სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე გადაყვანა უნდა”, – აცხადებს ლელა გაფრინდაშვილი.
ოზურგეთში გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილი გურულების ნიჭიერებას და განსაკუთრებულ იუმორის გრძნობას შეეხო:
“ნიჭი და ნიჭიერება გურულების მოგონილია. მე-19 საუკუნის ბოლოს ცნობილმა ქართველმა ეთნოგრაფმა თედო სახოკიამ გურიაში რომ იმოგზაურა, გაოცებული დარჩა გურულების ნიჭიერებით, სწავლა-განათლებისადმი მიდრეკილებით, ძლიერი ოჯახებით და განსაკუთრებით გურულების სტუმართმოყვარეობით”, – აღნიშნა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა.
აჭარაში ივანიშვილი აჭარლების ერთგულებას შეეხო:
“აჭარაში განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობა ქართველობა, საქართველოს სიყვარული და ერთგულება” , – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ლელა გაფრინდაშვილის განცხადებით, პოლიტიკოსების კუთხური ნაციონალიზმი სტერეოტიპული აზროვნებიდან გამომდინარეობს:
“არსებობს სტერეოტიპი და ეტყობა, პოლიტიკოსებიც ამ სტერეოტიპით მოქმედებენ, რომ თუ გურულს შეაქებ, მეგრელს შეაქებ, ან სვანს შეაქებ, როგორც განსაკუთრებულს, ეს მოგიტანს ხმებს. ასეც რომ არ იყოს და იყოს მომგებიანი, თანამედროვე პოლიტიკოსის მიერ ამ ტიპის მსჯელობა ეს არის სამარცხვინო. ნაცვლად იმისა, რომ შენ ილაპარაკო მოქალაქეობაზე, რომელიც აერთიანებს ამ კუთხეებს, სუბკულკტურებს და სწორედ ასეთი განცდის ადამიანი არის მოქალაქე, რომელიც სხვა კუთხეში მცხოვრები მოქალაქეებისგან განსხვავებით რამე პრივილეგიებს კი არ გრძნობს, არამედ აქვს ერთობის და ერთიანობის განცდა სხვა კუთხეში, ცენტრში თუ პროვინციაში მცხოვრები ადამიანების მიმართ”, – აღნიშნავს ლელა გაფრინდაშვილი.
მისი თქმით, თუკი პოლიტიკოსები ამგვარი გამოსვლებისგან თავს შეიკავებენ, ეს ხალხის ტრანსფორმაციას და სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე გადასვლას ხელს შეუწყობს.