აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში გუშინ, 10 აგვისტოს დაწერა:
“პარადოქსია, მაგრამ დღეს ძალიან მძიმე დღის შემდეგ, როდესაც გავიგე, რომ საკონკურსო კომისიამ და უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ჩათვალეს, რომ არ ვიმსახურებ უნივერსიტეტის პროფესორობას, ძალიან ბედნიერი ვარ, იმდენი თბილი სიტყვა მოვისმინე ჩემი კოლეგებისაგან (ყოფილს ვერ დავწერ) და განსაკუთრებით სტუდენტებისაგან, რომ ამ ყველაფერმა გადაფარა! გულწრფელი მადლობა საკონკურსო კომისიას და აკადემიურ საბჭოს, რომ ასეთ სიყვარულში დარწმუნების საშუალება მომცა! ერთიცაა, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი უსაყვარლესი საქმე ჩემს უსაყვარლეს უნივერსიტეტში გავაგრძელო!”
“ნეტგაზეთთან” საუბარში “ქართული ოცნების” წევრმა, სრულმა პროფესორმა ნოდარ ხადურმა დაადასტურა, რომ უნივერსიტეტი აღარ აპირებს მისთვის კონტრაქტის გაგრძელებას. აღნიშნულს კი იგი პოლიტიკური ნიშნით მიღებულ გადაწყვეტილებად აფასებს:
“რასაკვირველია, პოლიტიკური ნიშნით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არანაირი რეალური საფუძველი ჩემს საკონკურსო საბუთებში არ შეიძლება ყოფილიყო და არც იყო იმის, რომ მე არ შემენარჩუნებინა ეს თანამდებობა.
მე 6 წლის განმავლობაში ვიყავი მაკროეკონომიკის კათედრის სრული პროფესორი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. ამ წუთშიც ჯერ–ჯერობით ვარ. თუმცა 26 სეტემბრიდან მე გამიდის კონტრაქტის ვადა და უნივერსიტეტის ამ ორგანოებმა ჩათვალეს საჭიროდ, რომ მე აღარ ვიმსახურებ, რომ ვიყო ამ კთედრის ხელმძღვანელი. ახლა უნივერსიტეტში არაფერი არ ვიქნები. ყოველ შემთხვევაში, ჯერ–ჯერობით არავითარი შემოთავაზება უნივერსიტეტიდან არ მაქვს. ამჟამად მე მთელ ჩემს რესურსს მოვახმარ პოლიტიკას”, – აღნიშნა ხადურმა “ნეტგაზეთთან” საუბარში და აქვე დასძინა, რომ მისთვის უცნობია, ვინ მიიღო აკადემიური საბჭოდან ეს გადაწყვეტილება.
“ვინ მიიღო გადაწყვეტილება, ამას ვერ გეტყვით. მე ვნახე აკადემიური საბჭოს დადგენილება, რომელიც უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე დევს”, – ამბობს ხადური.
დადგენილება №70/2012 უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე 10 აგვისტოს გამოქვეყნდა და ის ეხება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ საკითხს.
ხოლო საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის კათედრის სრული პროფესორის თანამდებობაზე 2 ვაკანსიაა გამოცხადებული, ერთ ადგილზე სრული პროფესორი მირიან ტუხაშვილი დაინიშნება, ხოლო მეორე ადგილი ვაკანტურია.
დადგენილება ძალაში 2012 წლის 26 სექტემბერს შევა.
“ნეტგაზეთი” შეეცადა, აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური კომენტარი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსგან მიეღო, თუმცა, უშედეგოდ:
“ამ საკითხზე საუბარი არ მსურს”, – განუცხადა თსუ–ს აკადემიური საბჭოს წევრმა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან, სრულმა პროფესორმა ქეთევან მარშავამ “ნეტგაზეთს”.