კომენტარი

ნოდია: თუ რულოვსი პარლამენტში არ შევა, ეს სააკაშვილსა და ენმ-ის ხელმძღვანელობას შორის განხეთქილების გამოხატულებად აღიქმება

24 ოქტომბერი, 2016 • 2174
ნოდია: თუ რულოვსი პარლამენტში არ შევა, ეს სააკაშვილსა და ენმ-ის ხელმძღვანელობას შორის განხეთქილების გამოხატულებად აღიქმება

ზუგდიდში ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, პარტიის ზოგიერთი ლიდერის აზრით კი, ეს გადაწყვეტილება ენმ-ისთვის დამაზიანებელია. რა გავლენას მოახდენს რულოვსის გადაწყვეტილება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამოსვლაზე მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში? – ნეტგაზეთი პოლიტოლოგ გია ნოდიას ესაუბრა:

 

ამ საკითხზე ვიცი მხოლოდ ის, რაც ყველამ. სანდრა რულოვსმა გადაწყეტილება მიიღო განმეორებითი არჩევნების შემდეგ. ეს განმეორებითი არჩევნები ფორმალურად პირველი ტურის გაგრძელებაც იყო, მაგრამ რეალურად წინასწარ მანიშნებელი იმისა, რა მოხდება მეორე ტურში. როგორც ჩანს, სანდრამ [რულოვის] ეს შედეგი სწორედ ასე გაიგო და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება არასასიამოვნო პრეცედენტია ნაციონალური მოძრაობისთვის, მაგრამ თვისობრივად არაფერს ცვლის. უფრო მნიშვნელოვანია, შევა თუა რა სანდრა რულოვსი პარლამენტში სიით, ამაზე მას განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. “ნაციონალური მოძრაობისთვის”, რა თქმა უნდა, უკეთესია, რომ ის პარლამენტში შევიდეს.

 

ის ფაქტი, რომ მეორე ტურზე უარს ამბობს, კამპანიის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, დამაზაინებელი არ არის ენმ-ისთვის? რომელსაც მეორე ტურში მაქსიმალურად ბევრი მანდატის მოგება და მმართველი გუნდისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვებაში ხელშეშლა აქვს დეკლარირებული? ამ დროს სანდრა რულოვის თავისი ქმედებით ამბობს, რომ ბრძოლას აზრი აქვს…

 

რა თქმა უნდა, დამაზიანებელია, ამიტომ ვთქვი, არასასიამოვნო პრეცედენტია-მეთქი.

 

ბატონო გია, თქვენ თქვით, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, შევა თუ არა სანდრა რულოვსი სიით პარლამენტშიო, რას გულისხმობთ, რა თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი?

 

თუ არ შევიდა, ეს აღქმული იქნება როგორც მიხეილ სააკაშვილსა და პარტიის ხელმძღვანელობას შორის განხეთქილების გამოხატულება.

 

რატომ? სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურაა და მეტიც, მისი გადაწყვეტილებების მის მეუღლესთან მიბმა შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციულია…  

 

აბსოლუტურად მესმის მისი, მაგრამ ამის მიუხედავად საზოგადოებრივი აღქმა ისეთია, როგორიც არის. ხალხი ვერ აღიქვამს სანდრას, როგორც სააკაშვილისგან დამოუკიდებელ ფიგურას.

 

სანდრა რულოვსის ლოგიკას რომ მივყვეთ, მან თქვა, რომ “არ აპრავებს უსამართლობას” და უარს ამბობს მეორე ტურზე. თუ არჩევნები გაყალბდა (როგორც ამას ის ამტკიცებს) ეს ხომ პროპორციულ კენჭისყრასაც ეხება და არა მხოლოდ მაჟორიტარულს… მაშინ პროპორციული სიით რატომ უნდა შევიდეს? ცოტა წინააღმდეგობრივი ხომ არ იქნება მისი სიით შესვლა მეორე ტურზე უარის თქმასთან დაკავშირებით?  

 

გარკვეული წინააღმდეგობა იქნება, რა თქმა უნდა. მაგრამ მეორე ტურში მონაწილეობის არმიღება მაინც ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, რომელიც მან მხოლოდ განმეორებითი არჩევნების შემდეგ მიიღო. რაც შეეხება, ზოგადად, პარლამენტში შესვლა-არშესვლას, ეს მაინც პარტიის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. მისი არშესვლაც ავტომატურად არ ნიშნავს პარტიასთან დაპირისპირებას, მაგრამ მაინც ასე იქნება აღქმული.

 

ბატონო გია, როგორ დაახიასიათებთ იმ პროცესს, რაც ახლა ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარეობს, მოყოლებული იმ დისკუსიიდან, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პირველმა განცხადებამ გამოიწვია იმის თაობაზე, რომ “მეორე ტურს აზრი არ ჰქონდა”… როგორ შეიძლება პარტიაში განვითარდეს პროცესები?

 

მომავალში რა მოხდება, არ ვიცი. თავისთავად ის, რაც მოხდა, პოზიტიურია არა მარტო “ნაციონალური მოძრაობისთვის”, არამედ ჩვენი პარტიული სისტემისთვის მთლიანად. ჩვენ შეჩვეული ვართ, რომ პარტიები, უბრალოდ, ლიდერების გაგრძელებაა. ეს ხუთი წელი ითქმოდა, რომ საქართელო სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ბრძოლის ასპარეზია. პარტიები, უბრალოდ, მათ ნებას ასრულებენ. თან ორივე არაფორმალური ლიდერი იყო, ერთი მალავდა თავის ლიდერობას, მეორეს იურიდიულად არ ჰქონდა ამის უფლება მოქალაქეობის დაკარგვის გამო. ახლა კი გამოჩნდა, რომ ‘ნაციონალური მოძრაობის’ შემთხვევაში ასე არ ყოფილა, (არაფორმალურმა) ლიდერმა გამოთქვა აზრი, მაგრამ პარტიის ფორმალური ხელმძღვანელობა მას ღიად არ დაეთახმა, ლეგიტიმურმა ორგანომ (პოლიტსაბჭომ) საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო. სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებას არ დაპირისპირებია და პარტიას არ გამიჯვნია. სააკაშვილი მაინც რჩება მნიშვნელოვან ფიგურად, “ბრენდად” ნაციონალური მოძრაობისთვის, მაგრამ ვეღარ ვიტყვით, რომ პარტია სააკაშვილის გარეშე არაფერია. ეს არის გზა უფრო ცივილიზებული პოლიტიკისკენ. მომავალში რამდენად დაამჩნევს ეს განხეთქილება კვალს “ნაციონალურ მოძრაობას”, რამდენად შეძლებს ის ერთიანეობის შენარჩუნებას განსხვავებული შხედულებების პირობებში, არ ვიცით, მაგრამ ნამდვილი პარტია ასეთი უნდა იყოს: ის უნდა იტანდეს შიდა წინააღმდეგობებს, ლიდერის სიტყვა ავტომატურად კანონი არ უნდა იყოს.

 

რა გავლენას იქონიებს ეს პროცესი უშუალოდ ენმ-ის ამომრჩეველზე (თუნდაც მეორე ტურის წინ), რომლის ნაწილიც თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი მართალი იყო, როდესაც ბოიკოტზე საუბრობდა…

 

მეორე ტურისთის მზადების ჭრილში ეს დისკუსია ცალსახად ნეგატიურია. სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება ამ ნეგატივს ემატება. მაგრამ რამდენად ნეგატიური – ამას ვნახავთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი