კომენტარი

უნივერსალური ჟურნალისტი

21 ივნისი, 2012 • 1387
უნივერსალური ჟურნალისტი

ამ მომენტში იმ ბავშვს ჰგავხარ, რომელიც დიდ ძმას თამაშს სთხოვს. ძმა ჭკუას ხმარობს და “სიჩუმობანას” თამაშს გთავაზობს. თავიდან ჩვეული აღფრთოვანებით ხვდები ამ ახალ გასართობს, ისეთი ჩუმი, გარინდული ხარ, რომ ანტილოპას ჩასაფრებული ვეფხვიც კი დაექსტაზებული მიკ ჯაგერია შენთან შედარებით. მაგრამ მერე ნელ-ნელა მოწყენილობის აჩრდილი ჩნდება. ხვდები, რომ რაღაც ისე ვერაა ამ თამაშში და ცდილობ უფროსი გამოიწვიო, თვალებში შესციცინებ, თითებს ატკაცუნებ, ფეხებს აბაკუნებ, მერე რაღაც ბგერებს გამოსცემ, მთელ ხმაზე ყვირი, რომ წააგე, რომ თავიდან უნდა დაიწყოთ და საერთოდ არ მოგწონს ესე ყოფნა… მაგრამ დიდი ძმა თამაშის წესების დაცვას გთხოვს. 

 

„მე ესე არ ვთამაშობ,“ – ამბობ.

 

ორი შანსი გაქვს: ან უხარისხო, უსიცოცხლო სათამაშოებთან გაატარებ მთელ შენს ძვირფას დროს, ან მოითხოვ და მიიღებ იმ თამაშს, რომელიც გსურს, რომელზეც ოცნებობდი.

 

ასე იწყება ჟურნალისტობა – ვიღაცა, კომპეტენტური იდიოტი სიჩუმობანას გეთამაშება და შენ ხვდები, რომ გაგაცურეს, თავიდან მოგიშორეს და რაღაც უნდა მოიმოქმედო… მაგრამ რა?

 

„იყო ბედნიერი – ეს ყველაზე რევოლუციური საქციელია, რისი ჩადენაც კი შეგიძლია თანამედროვე საზოგადოებაში.” 

 

ჩვენს საზოგადოებაში სწორედ იმის აღიარების გამბედაობა არ ჰყოფნით, რომ ეშინიათ, რომ შიში – გაურკვევლობაა, რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება საშუალო სტატისტიკური ბედნიერების მიღწევის შანსიც დაკარგონ.

 

წარმოიდგინეთ, რომ მთელი ჩვენი ქვეყანა ერთი გაბუღული რედაქციაა, სადაც ნებისმიერი ჩვენგანი იწყებს მუშაობას და ყველანი ერთგვარი, უნივერსალური ჟურნალისტები ვართ, სიმართლისთვის, სიფხიზლისთვის, სიცხადისთვის მებრძოლები, ას თვალ, ას ყურ, ას ხელგამობმულები. მუხლჩაუხრელი მედიტაცია  ინფორმაციაზე, მისი გაფილტვრის, ანალიზის, გადამუშავების მცდელობა.

 

შეძახილები „გაუმარ-ჯოს!“ ან „ძირს!“ არაფერს იძლევა. არ არის აუცილებელი, რომ  თავისუფლების დასაცავად ვინმე მიიმწყვდიო კედელთან. ამას სჯობს სარკეში ჩაიხედო. აღმოაჩინო, რომ ქვიშა, რომელშიც თავი გაქვს ჩარგული, ნავთობით არის გაჟღენთილი.  აღმოაჩინო, რომ წინასაარჩევნოდ ტყუილში ცხოვრობ. მარხვის დასრულებამდე ტყუილში ცხოვრობ. მაღვიძარას ზარიც კი გატყუებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ტელევიზიებზე, მასში გამომწყვდეულ პოლიტიკოსებზე, მსახიობებზე, ტელე-წამყვანებზე… რაიმე უნდა მოიმოქმედო. მაგრამ– რა?

 

თუ აპირებ რომ შეშლილივით მოიქცე, მოურიგდი ვინმეს, რომ ამაში ხელფასი მოგცეს, თორემ აუცილებლად საგიჟეთში გამოგკეტავენო – წერდა ამერიკელი მწერალი ჰანტერ თომფსონი. სწორედ ასეთი შეშლილების ნაკლებობაა ჩვენს ქვეყანაში. 

 

“შეშლილებისა, რომელთაც სიგიჟემდე სწყურიათ ცხოვრება, სიგიჟემდე სწყურიათ ლაპარაკი, სიგიჟემდე სწყურიათ გადარჩენა, რომლებსაც ყველაფერი უნდათ აქ და ახლა, ერთბაშად, რომლებიც არასოდეს ამთქნარებენ და არასოდეს ცროუბენ და ყოველთვის იწვიან, იწვიან, იწვიან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი