14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.
არსებობს გამოთქმა: ერთადერთი შეზღუდული შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება გვქონდეს, ეს ჩვენი არასწორი დამოკიდებულებებია საგნებისა და მოვლენების მიმართ.
მართლაც, შეზღუდული შესაძლებლობებით გამოწვეული ბარიერების უდიდესი რაოდენობა სოციალური ან თვით-სტიგმატიზაციით განპირობებული შეზღუდვებია, რომელსაც ჩვენ ხელოვნურად ვქმნით და ვაძლიერებთ.
არ არსებობს დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც დაუშვებს საზოგადოების რომელიმე ჯგუფის მარგინალიზაციას. განსაკუთრებით, თუ ეს ჯგუფი ყველაზე მრავალრიცხოვან უმცირესობას წარმოადგენს.
მიუხედავად ქვეყანაში განხორციელებული გარკვეული ცვლილებისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობა ჯერ კიდევ დისკრიმინაციულია. სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ ეს ადამიანები ხშირად ხდებიან არასათანადო, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი – განსაკუთრებით რეზიდენტულ დაწესებულებებში. დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმაც ყველაზე ნაკლებად სწორედ ამ ადამიანებს შეეხოთ. ქვეყანაში რადიკალურად შემცირდა დიდი ზომის ბავშვთა ინსტიტუციების რიცხვი, მაგრამ არც ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინსტიტუცია არ ჩანაცვლებულა მცირე საოჯახო ტიპის სახლით.
სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებში ასახულია ამ ადამიანების მიმართ როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი დისკრიმინაციის თვალსაჩნო ფაქტები: დასაქმების, ჯანმრთელობისა და რეაბილიტაციის, განათლებისა და პირადი ცხოვრების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის სახით. მნიშვნელოვან პრობლემად რჩება როგორც ფიზიკური, ისე საინფორმაციო ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ინფრასტუქტურის ბარიერები, სამართლებრივი დაცვა და სხვა მრავალი.
თუმცა, ფაქტია, რომ თანდათანობით სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების აქტიური ძალისხმევით, ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი გვაქვს.
მოქალაქეების მომართვები მიჩვენებს, რომ პოლიტიკის დონეზე განხორციელებული ცვლილებები ჯერ კიდევ არ მისულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კონკრეტულ პირებამდე. ბევრი მათგანი მიუთითებს საკანონმდებლო დაცვის მექანიზმების პრაქტიკაში განუხორციელებლობაზე. სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციის ხარვეზებზე.
მიმართვის დასასრულს მინდა გავიხსენო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამცველი ნატალია სადრაძე, რომელიც, ჩემი აზრით, წარმოადგენდა ზემოთ მოყვანილი თეორიული მსჯელობის ნამდვილობის საუკეთესო მაგალითს. ნატა სადრაძე, ადამიანი, რომელმაც ეროვნული პრევენციის მექანიზმის ექსპერტის სტატუსით 2010 წელს მონაწილეობა მიიღო პირველი სრულფასოვანი მონიტორინგის განხოციელებაში ამ მიმართულებით. ამის გაკეთებაში მისთვის საინვალიდო ეტლს და სოციალურ სტერეოტიპებს ხელი არ შეუშლია. და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნატა ჩვენთან აღარ არის, მან უკვე შეცვალა საზოგადოების მასტიგმატიზირებელი დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ და გადაიქცა სიმბოლურ გმირად, რომელმაც საკუთარ თავში არსებული რწმენა ადამიანის უფლებების მიმართ, ფიზიკური ბარიერების გადალახვით, სხვა ადამიანების ძალად აქცია.