კომენტარი

კაპიტანი თავს შესანიშნავად გრძნობს!

8 ივნისი, 2012 • 1237
კაპიტანი თავს შესანიშნავად გრძნობს!

ალექსი ჩიღვინაძე
ალექსი ჩიღვინაძე

როცა პრეზიდენტს ეჩქარება, ყველაფერი უნდა მოესწროს, ოცდაექვსი მაისისთვის და ვარდების რევოლუციის წლისთავისთვის, გიორგობისთვის და პოლიციის დღისთვის… უნდა მოესწროს ბავშვის გაჩენა, ერთჯერადი ხიდის გადება, მემორიალის  აფეთქება, სიკვდილი, სიუჟეტის გაკეთება, ფილმის გადაღება, ქეთომ უნდა მოასწროს “მაკიაჟის” გაკეთება, კოტემ სიმღერა, რაჭველმა ჯოხის ქნევა, დოიაშვილმა თავის პანტური… თან ეს ყველაფერი ახალი სიტყვა უნდა იყოს ხელოვნებაში, დემოკრატიაში, არქიტექტურაში, დიგიტალურ-არტში, მმართველობაში და გაუთვალისწინებელი შეცდომა თუ გამოეჩხირა,  დამნაშავეს ყოველთვის ვიპოვნით. ქვეყნის გრანდიოზული აღმშენებლობა ყოველთვის გადაფარავს ერთი, ორი, თუნდაც ათასი ადამიანის სიკვდილს.

 

“ქუთაისში პარლამენტის უკან, იქ მიმდებარე მშენებლობაზე, ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ეს საკითხები ძალიან მაწუხებს იმიტომ, რომ, ერთი ხმრივ, საქართველოში, ისტორიაში, ისტორიაში, ვიმეორებ, არასოდეს ყოფილა (აქ ისტორიის მასწავლებლები სხედან) ამხელა მაშტაბის მშენებლობები, როგორც ეს კეთდება ამ წლებში, გასულ ორ-სამ წელიწადში და გაკეთდება შემდეგი სამი, ოთხი, ხუთი წელი…” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მას არ მიუსამძიმრებია დაღუპულთა ოჯახებისთვის. აღნიშნა, რომ ვიღაცებმა არ დაიცვეს უსაფრთხოების ზომები, არ იყო სინათლე, არ იყო ღობე, ამიტომ უნდა აღიძრას საქმე და დაისაჯოს დამნაშავე.

 


სადღაც ერთი თვის წინ კი მიხეილ სააკაშვილი ტრამპ თაუერის გახსნაზე ამბობდა: ” დიახ, თუ საჭიროა დავაძალებთ, ღამეც ააშენონ, იმიტომ, რომ ჩვენ გვეჩქარება!”. მაშინ არაფერი უთქვამს უსაფრთხოების ზომებზე, რადგან ვინც არ რისკავს, ის არა სვამს შამპანურს.

 


მახსენდება ბავშვობაში მოსმენილი ერთი ისტორია. კაპიტანზე, რომელმაც როცა დაინახა, რომ მისი გემი იღუპებოდა, გულში დანა ჩაიცა და როცა მტრის ჯარისკაცები გემზე ამოვიდნენ და იკითხეს: სად არის თქვენი კაპიტანი? სისხლისგან დაცლილმა ღიმილით უპასუხა: კაპიტანი თავს შესანიშნავად გრძნობს!

 


დაახლოებით ასეთი სიტუაციაა საქართველოშიც. ბოლო დროს ქვეყნის სათავეში მყოფი პირები თავს მუდამ შესანიშნავად გრძნობენ, “შამპანურით” გალეშილები,  (გამსახურდიას ტრაგიკულ ბედისწერას და შევარდნაძის “ბრეტელებიან” თეთრ მაისურს თუ არ გავითვალისწინებთ.) მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მომავალ ორი, სამი, ოთხი წელიწადის განმავლობაში ქვეყნის აშენება გაგრძელდება, ვიმეორებ, გაგრძელდება, რაც პირდაპირ უნდა გავიგოთ, რომ ქვეყნის სათავეში ისევ ის, ხოლო პარლამენტში ისევ ნაციონალური პარტია იქნება.  სხვანაირად შეუძლებელია.

პოლიტიკოსი, რომელიც გეგმა ბ-ს არ განიხილავს, რბილად რომ ვთქვათ, განწირულია. თუმცა მენტალური რევოლუციის ზღვაში მოდრეიფე კაპიტანი ჰარაკირს არასოდეს გაიკეთებს, ის ამის გარეშეც შესანიშნავად გრძნობს თავს. მერე რა, რომ მეზღვაურები იხრჩობიან, მერე რა, რომ გემი ფსკერისკენ მიექანება…


მასალების გადაბეჭდვის წესი