ნეტგაზეთი | პოლიციას პოლიტიკურ ოპონონტზებზე ანგარიშსწორების გამოძიებისკენ მოუწოდებენ პოლიციას პოლიტიკურ ოპონონტზებზე ანგარიშსწორების გამოძიებისკენ მოუწოდებენ – Netgazeti
RU | GE  

პოლიციას პოლიტიკურ ოპონონტზებზე ანგარიშსწორების გამოძიებისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი შეშფოთებას გამოხატავს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ფიზიკური ძალადობის თაობაზე და განცხადებას ავრცელებს:


 

ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ შეშფოთებას პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ფიზიკური ძალადობის თაობაზე და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ 2016 წლის 16 სექტემბერს სოფ. გამარჯვებაში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატის შტაბის წევრებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომლის წყაროც ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა, 2016 წლის 16 სექტემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. გამარჯვებაში ენმ-ის თეთრიწყაროს და გარდაბნის ოლქების მაჟორიტარი კანდიდატის, ნუგზარ წიკლაურის საარჩევნო შტაბის ოფისის ეზოში ქართული ოცნების აქტივისტები, ლაშა ხაჭვანი და გიული ჭილაშვილი თავს დაესხნენ ენმ-ის შტაბის წევრებს, ნიკა მჭედლიძეს და ნათია მჭედლიძეს. ენმ-ის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ აქტივისტმა ლაშა ხაჭვანმა ცივი იარაღით დაჭრა და სცემა ნიკა მჭედლიძე; ნათია მჭედლიძეც ნაცემია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამარჯვებაში რამდენიმე პირს შორის შელაპარაკება მოხდა, სადაც ცივი იარაღი არ ფიგურურებდა და ინციდენტში მონაწილე არც ერთი პირი დაჭრილი არ არის. როგორც სხვა მსგავს შემთხვევებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა).

სამწუხაროდ, უკანასკნელ ხანებში მსგავსმა ინციდენტებმა რეგულარული ხასიათი მიიღო:  2016 წლის 2 სექტემბერს დარბეული იქნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ოფისი; 2016 წლის 10 აგვისტოს „ეროვნული ფორუმის“ ნაძალადევის ოფისი გაქურდეს; 2016 წლის 11 და 12 აგვისტოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისდედოფლისწყაროსა და ზუგდიდის ოფისები დაარბიეს; 2016 წლის 22 აგვისტოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრზე განხორციელდა თავდასხმა; 2016 წლის 22 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბა კორცხელში, თვითმმართველობის შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს. არაერთი მსგავსი ფაქტი იქნა აღრიცხული 2015 წელსაც.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ არც ერთი ზემოთ ხსენებული ინციდენტი ამ დრომდე არ ყოფილა სრულად გამოძიებული და არც სამართალდამრღვევი პირები ყოფილან სათანადოდ დასჯილნი. სამართალდამცავი ორგანოების ამგვარი პასიურობა მოძალადეთა წახალისებას უწყობს ხელს. აღნიშნულის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა, უშედეგოდ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და შესაბამის ორგანოებს, ადეკვატური რეაგირება მოახდინონ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ფიზიკური ძალადობის ყველა ფაქტზე, რათა არ მოხდეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელოვნური შეფერხება და უზრუნველყოფილი იქნეს თავისუფალი და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება”. ესაა განცხადება, რომელსაც ხელს 4 ორგანიზაცია აწერს – საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), დემოკრატიის და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF) და  საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი