კომენტარი

რატომ არ დავუჭირე მხარი ეგზიტპოლს საზოგადოებრივ მაუწყებელზე

8 სექტემბერი, 2016 • 2535
რატომ არ დავუჭირე მხარი ეგზიტპოლს საზოგადოებრივ მაუწყებელზე

სულხან სალაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი

2016 წლის 7 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ, ოთხი ხმით ორის წინააღმდეგ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ  ტელეკომპანიებთან – „იმედი“, “მაესტრო” და “GDS”-  ერთად ერთად ეგზიტპოლის ჩატარებას დაუჭირა მხარი. ეგზიტპოლი კომპანია “TNS”-მ უნდა ჩაატაროს. მინდა ცოტა რამ დავწერო იმის შესახებ, თუ რატომ არ დავუჭირე მხარი ამ გადაწყვეტილებას და რა საფრთხეებს ვხედავ კერძო მაუწყებლებთან ერთად ეგზიტპოლში მონაწილეობის მიღებით.

  • პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ წინააღმდეგი ვარ არა მარტო ეგზიტპოლის „იმედთან“, “მაესტროსა” და “GDS”-სთან ერთად ჩატარებისა, არამედ ნებისმიერ სხვა კერძო მაუწყებელთან ერთად. შესაბამისად, ჩემი პოზიცია იგივე იქნებოდა მათ ადგილას სხვა კერძო მაუწყებლების არსებობის შემთხვევაშიც;
  • მიმაჩნია, რომ თუკი საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთოდ უნდა ატარებდეს ეგზიტპოლს, მაშინ ის კერძო მაუწყებლებისაგან დამოუკიდებლად უნდა ჩაატაროს;
  •  ჩემთვის, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრისთვის, მიუღებელი იყო ეგზიტპოლთან დაკავშირებით მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ შერჩეული ინფორმაციის მოწოდების ფორმა და დრო. საბჭოსთვის ეგზიტპოლის კერძო მაუწყებლებთან ერთად ჩატარების საკითხი მხოლოდ აგვისტოს ბოლოს გახდა ცნობილი. კომუნიკაციის ეს ფორმა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს;
  • სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ვერ მოვისმინე მყარი არგუმენტი, თუ რა გარანტია არსებობს საიმისოდ, რომ ეგზიტპოლში მონაწილეობის შემთხვევაში საფრთხე არ შეექმნება საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯს და დამოუკიდებლობას;
  • პოლარიზებულ მედიაგარემოში, რომლის დიდი ნაწილი პროსახელისუფლო და პროოპოზიციურად იყოფა, ხოლო ნაწილზე საერთოდ ვერ მიხვდები, საით ექაჩება ქვეყანას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ რომელიმე მათგანთან ერთად ეგზიტპოლის ჩაატარებაში მონაწილეობის მიღება,უკვე ნიშნავს მხარის პოზიციის არჩევას;
  • ეგზიტპოლის ღირებულება 900,000 აშშ დოლარზე მეტია. ამ თანხიდან საზოგადობრივი მაუწყებლის წილი მხოლოდ 200,000 ლარია. დანარჩენს თანხას კერძო მაუწყებლები იხდიან თანაბრად და ეს თანხა მინიმუმ სამჯერ აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტრიბუციას. ჩემთვის გაუგებარი დარჩა, თუ რატომ თანხმდებიან კერძო მაუწყელები ამ პროცესში საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ბევრად ნაკლებ ფინანსურ შენატანს. ეს დამოკიდებულება აჩენს ეჭვს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ პროცესში მონაწილეობა დამატებითი ლეგიტიმაციისათვის არის საჭირო;
  • ის ოფიციალური წერილები, რომელიც საზოგადოერივ მაუწყებელს „იმედმა“, „მაესტრომ“ და “GDS”-მა მიაწოდა და საზოგადოებრივის მრიდან ეგზიტპოლში მონაწილეობის სანაცვლოდ 200,000 ლარიან კონტრიბუციას დათანხმდნენ, სიტყვა-სიტყვით, წერტილ-მძიმით და სიტყვების რაოდენობითაც კი ერთი და იგივეა. უფრო მეტიც, ორი ტელევიზიის თანხმობა მხოლოდ უბრალო თაბახის ფურცელზეა დაბეჭდილი და არა ოფიციალურ ტიტულიან ქაღალდზე. მსგავსი დამოკიდებულება ტოვებს ალბათობას იმისა, რომ მთელი ეს პროცესი შესაძლოა სადღაც სხვაგან დაიგეგმა და არა ინდივიდუალურად ამ ტელევიზიების მიერ.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები მხოლოდ ნაწილია იმისა, თუ რამ განაპირობა ჩემი უარი. ვწუხვარ და მიმაჩნია, რომ საზოგადოერივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ შეცდომა დაუშვა, როდესაც უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სამ კერძო მაუწყებელთან ერთად ეგზიტპოლის ჩატარებას დაუჭირა მხარი. ვშიშობ, რომ ეს გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობასა და იმიჯზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი